
მსახიობი სოფიო მეძმარიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან” ცნობილი რეჟისორის სანდრო მრევლიშვილისა და მისი მეუღლის, მანანა ჭელიძის სიყვარულის ისტორიის შესახებ საუბრობდა.
საოცრად შეყვარებული წყვილი ერთ წელს, ერთ თვეს, ერთა და იმავე საათზე აღესრულა. როცა მანანა ჭელიძემ გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა, მას საზარელი ამბის მოსმენამ გული გაუხეთქა.
საყვარელი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ათ წუთსაც არ უცოცხლია. მანამდე კი, მთელი ცხოვრება ერთად განვლეს. საოცრად შეყვარებული წყვილი ახალგაზრდებისთვის მაგალითად დარჩნენ.
„სანდრო მხოლოდ ჩვენი თეატრის ხელმძღვანელი არ იყო, ის კარგი მეგობარიც გახლდათ. მან ჩვენი თეატრი „რუსთაველის 19″ ზუსტად ისევე შექმნა, როგორც, მაგალითად, მოზარდ მაყურებელთა თეატრი.
როცა ამ თეატრების ნებისმიერი მსახიობი სანდროს დასში მოხვდებოდა, სანდრო იმხელა ნდობას უცხადებდა, რომ თავისთავად იქცეოდნენ მეგობრებად. ჩვენ ასეთივე მეგობრობას და ჰარმონიას ვხედავდით მის ოჯახშიც, ქალბატონი მანანა ქმრის გვერდით სულ ბრწყინავდა.
სანდროსთვის მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ასევე მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვისაც – თუ მანანა იტყოდა, სპექტაკლი კარგიაო, ესე იგი, ნამდვილად კარგი იყო, რადგან მერე ამასვე ამბობდა მაყურებელიც.
მანანა ამაყობდა სანდროთი. გვეუბნებოდა, რეპეტიციაზე არასოდეს მოვალ, რადგანაც სანდროს იმის სწავლება არ სჭირდება, სპექტაკლი როგორ გააკეთოსო. ქალი რომ ქმრით ამაყობს, ის ბედნიერია.
როცა სანდროს მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, ხშირად მივდიოდით მასთან და ვხედავდით, როგორ მშვიდდებოდა მანანას დანახვაზე. მანანა ოთახში ისეთი ღიმილით შემოდიოდა, ისე დაელაპარაკებოდა, ისე უცინოდა სახე, თითქოს არაფერი ხდებოდა.
არადა, ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ სანდროს უმძიმესი სენი ჰქონდა, იმდენად მძიმე, რომ მისი სიცოცხლე დღეებზე იყო დამოკიდებული. მანანა ისე იქცეოდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. დღესაც მაოცებს, სად ჰქონდა ამხელა ძალა.
როგორც კი ჩვენთან განმარტოვდებოდა, მაშინვე ევსებოდა თვალები ცრემლით, რა გავაკეთო, სანდროს რომ რამე დაემართოს, ერთ წუთსაც ვერ ვიცოცხლებო… სანდროს მანანა იმხელა ძალას აძლევდა, გაოგნებული ვიყავით.
ყოველი ცუდად გახდომის, ყოველი დაუძლურების შემდეგ უცებ მოიკეთებდა და ისევ ახალ სპექტაკლზე მუშაობდა. ისე იბრძოდა, ისეთი ძალით ეჭიდებოდა სიცოცხლეს, ყველამ დავიჯერეთ, რომ ჩვენს სანდროს არაფერი დაემართებოდა.
– მანანა ამბობდა, სანდროს რომ რაიმე დაემართოს, აუცილებლად მოვკვდებიო? შესაძლოა მართლაც გრძნობდა, რაც მოხდებოდა…
– სანდროს დაკარგვა მისთვის საკუთარი სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავდა. ასეც მოხდა. სანდროს კლინიკაში დაწოლა სჭირდებოდა, მაგრამ სულ უარობდა. თურმე იმ დღესაც ასე ყოფილა, მაგრამ მანანას სასწრაფო დახმარება მაინც გამოუძახებია.
როცა ექიმები მისულან, სანდროს კვლავ უარი უთქვამს კლინიკაში გადასვლაზე, მაგრამ მაშინვე ჩაჩუმებულა. მაშინ ექიმს მაჯაზე ხელი მოუკიდია და უთქვამს, აღარაფერია საჭირო, გარდაიცვალაო.
მანანა, რომელიც იქვე იდგა, ამის გაგონებაზე უცებ ჩაიკეცა – მას გული გაუსკდა… ათი წუთიც არ იყო გასული, მანანაც აღარ იყო ამქვეყნად….
– სულისშემძვრელი სიყვარულია. როგორც ჩანს, გული დაავადებული ჰქონდა, მაგრამ მანამდე გაძლო, სანამ ქმარს სჭირდებოდა. სწორედ ეს არის მარადიული სიყვარული.
– დიახ, და ის არსებობს. ამაში ამ ორმა საოცარმა ადამიანმა დამარწმუნა. ნამდვილი სიყვარული არ კვდება, ის არსებობს და ეს ბედნიერებაა.
ეს ორნი, რომელიც ამქვეყნად ერთ სულ და ერთ ხორც იყვნენ, იმ ქვეყნადაც ერთად წავიდა. სევდიანი ამბავია, მაგრამ ლამაზი. ასეთი სილამაზისთვის ნამდვილად ღირს ამქვეყნად მოსვლა.























