
ცოტა ხნის სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა – გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი პირველი და ამ დროისთვის, უხუცესი ტელეწამყვანი დონარა კინწურაშვილი.
„პრაიმტაიმი” ცნობილი წამყვანის ძველ ინტერვიუს გთავაზობთ, სადაც დონარა კინწურაშვილი ოჯახურ ცხოვრებაზე, დიასახლისობასა და ჟურნალისტობის რთულ მხარეებზე საუბრობდა.
„ვანაწილებდი დროს, ყველა წუთი გათვლილი მქონდა. თან, ახლა რომ ვუყურებ, ტელევიზიებში ისეთი არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვთ, ბევრად გაიოლებულია საქმე. იმხელა ტექსტებს ვსწავლობდი, თან, სულ იმას ვიხვეწებოდი, რა მოხდება, ეს ტექსტი ცოტა ადრე მომცეთ-მეთქი. შრიფტსა და ქაღალდის ხარისხზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან ენერგიული ადამიანიც ვარ. ჩემს მეუღლეს სულ უკვირდა, ასეთი დაღლილი მოხვედი, სახლშიც ამდენი საქმე გააკეთე და კიდევ ცეკვის თავი გაქვსო? კარგ მელოდიას როგორც კი გავიგონებდი, ფეხები თავისით იწყებდნენ ცეკვას.” – ამბობდა ჟურნალისტი.
ტელეწამყვანი, რომელიც ეკრანიდან საზოგადოებას ახალ ამბებს აცნობდა, სახლში სულ სხვანაირი იყო. ამბობდა, რომ ყოფით საკითხებში მეუღლე არ ეხმარებოდა და მასაც ხელს უშლიდა… დონარა კინწურაშვილი ახალგაზრდა კოლეგებთან იხსენებდა რემონტს, რომელიც ქმართან კონფლიქტის საფუძველი გახდა…
„ერთ დღეს გადავწყვიტე, მომენგრია აივანი და ოთახები მომეშენებინა. მივადექი და დავშალე. ჩემი მეუღლე სახლში რომ მოვიდა, გაგიჟდა, მიწისძვრა იყოო? მოვკლავ დონარასო. მე ზემოთ ვიყავი და კიბეც მონგრეული იყო. გადმოვძახე: შენ ქვევითა ხარ, მე ზევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო… თუ ამოხვალ, მომკალი-მეთქი (იცინის). სულ მუშტები მიქნია, ძალიან გაბრაზდა. რადგან ეგრეა, არაფერში არ მოგეხმარები და ვნახავ, როგორ ააშენებო, – გამიწია ჯიბრი და თითი არ გაუნძრევია. ყველაფერმა ჩემს კისერზე გადაიარა. ხელოსნებთანაც მე დავრბოდი და მათი დამხმარეც მე ვიყავი.
„სამასვალებშიც“ ვიჯექი და ისე მომქონდა მასალები. თითქმის ყველაფერი მაჩუქეს. (იცინის), ყველგან მცნობდნენ და არ მართმევდნენ ფულს. ორივე ბუხარი მე დავახატვინე და მისი მოსაპირკეთებელი ფილებიც ჩემი დიზაინით არის ჩამოსხმული. მაგრამ, დამაკლდა რამდენიმე პარკი ცემენტი. ვთხოვე ჩემს ქმარს, ამხელა სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე ხარ, რა მოხდება, ცემენტი რომ წამომიღო-მეთქი. გაგიჟდა, მეორედ აღარ მითხრაო. კარგი-მეთქი.

დავურეკე პარტკომს და ვთხოვე, მალულად ჩაედოთ მისი მანქანის საბარგულში ცემენტის პარკები, ყოველდღე თითო ცალი. ჩემი მეუღლე ვერაფერს ხვდებოდა. მოდიოდა და მოჰქონდა ცემენტი. მე მოვპარავდი მანქანის გასაღებს, გადავუგდებდი მეზობლის ბიჭს, ისიც ამოიღებდა ამ პარკს და დამალავდა სარდაფში. ჩემს მეუღლეს უკვირდა, საიდან ჩნდება ამ მანქანაში ცემენტის მტვერიო. ძალიან სუფთა კაცი იყო. თუ სამსახურში ვინმე მაიმუნობს და ჩემი მანქანით იმიტომ სარგებლობს, რომ გასასვლელში ჩემს მანქანას არ ამოწმებენ, დავხოცავ ყველასო.
ერთხელაც, რომ აბობოქრდა, ვუთხარი რა გააჭირე საქმე, შენ თვითონ მოგაქვს ყოველდღე სახლში ცემენტი. მე ვთხოვე და გიდებენ საბარგულში. რა მოხდა ბოლოს და ბოლოს, გასაყიდად ხომ არ მინდა-მეთქი. გადაირია. არ იცით, როგორ შემამკო, რა სიტყვებით… ქურდი, ყაჩაღი და ავანტიურისტი მეძახა, ეს როგორ გააკეთეო. ჰო, ვარ ავანტიურისტი აბა, არ გამეკეთებინა-მეთქი? ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. ეს როგორ გამიბედეო. მოკლედ, სანამ მე რემონტს ვაკეთებდი, სულ იმას იძახდა, მოგკლავო. მაგ შენი რემონტისა და მტვრისაგან, კანზე ბუსუსები გამიჩნდა, ალერგია მაქვსო.
ტერორში ვაკეთებდი ყველაფერს. სამჯერ დაგვაგორა კიბეზე მე, ჩემი ძმისშვილი და ხელოსანი. მერე, ყველაფერი რომ მორჩა და დალაგდა, მოეწონა. მოვიდნენ მისი მამიდა და ბიცოლა სტუმრად. ათვალიერებენ ამ ჩემს ნაწამებ რემონტს და გაიძახიან: ოჰ, რა კარგია, რა კარგია, ყოჩაღ, ზურიკოო. ეს ჩემი ქმარი დასდევს უკან და აჩვენებს ყველაფერს. მე ვზივარ ღარიბი ნათესავივით კუთხეში და ხმას არ ვიღებ. ბოლოს, ისეთი თვალებით შევხედე ჩემს ქმარს, რომ გავგმირე. შეეშინდა: არა, არა, მე არაფერი გამიკეთებია, დონარამ გააკეთაო. იქ რომ არ ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, შეიფერებდა (იცინის). ძალიან პატიოსანი კაცი იყო. სამაგიეროდ, ცოლი მყავს ყაჩაღიო, იტყოდა ხოლმე. რატომ ვიყავი ყაჩაღი, ჩვენთვის ნორმალური პირობების შექმნა რომ მინდოდა?!” – ამბობდა წამყვანი.
„კულინარი” დონარა კინწურაშვილი და ეთერ კაკულიას ცნობილი ჯემი
ტელეწამყვანის მომზადებული ნამცხვარი ნაპოლეონი საყოველთაოდ ცნობილი ყოფილა, რომელსაც ის ყველას ასწავლიდა. ამბობდა, მთელი სიზუსტით ვასწავლი ყველას ყველაფერს, ცოდვები არიან, წვალობენ და როგორ არ ვასწავლოო. ასე ასწავლა ცნობილ მომღერალს, აწ გარდაცვლილ ეთერ კაკულიას ჯემის მომზადება, თუმცა მომღერალმა დონარა კინწურაშვილის კულინარიული იმედები ვერ გაამართლა…
„ეთერ კაკულიამ ჯემის ქვაბი მაგიდაზე რომ დადგა და ადუღებას ელოდებოდა. ეთერი ამ ამბავს ყოველ ჯერზე, ახალი და ახალი ინტერპრეტაციით ყვება და თვითონ ყველაზე ბევრს იცინის. ვეცადე, მისთვისაც მესწაველბინა ჯემი, მაგრამ…” – იხსენებდა დონარა კინწურაშვილი.






















