
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პრევენციის მიზნით, „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, პრეზიდენტი კარგ განწყობაზეა, თუმცა თავს „დაღლილად გრძნობს“. ტრამპი მუშაობას ჰოსპიტალიდან გააგრძელებს.
ცნობილია, ასევე ის პრეპარატი, რითაც აშშ-ის პრეზიდენტს მკურნალობენ. მისი ექიმის შონ კონლის თქმით, ეს არის პრეპარატი „რემდესივირი“.ექიმი ასევე ამბობს, რომ ტრამპს ამ ეტაპზე სხვა დამხმარე მედიკამენტები არ სჭირდება.
30 აპრილს, პრეპარატ „რემდესივირზე“ ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ის კორონავირუსის სიმპტომებს 15-დან 11 დღემდე ამცირებს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 ოქტომბერს გამოუვლინდათ. გამოცემა Vanity Fair-ი კი აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპს დაეწყო ხველა და აეწია ტემპერატურა. თეთრ სახლში შფოთავენ ლიდერის ჯანმრთელობაზე მისი ასაკის გამო – ტრამპი 74 წლისაა.
გამოცემის წყაროს ცნობით მელანია ტრამპს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.
ცნობისთვის, აშშ-ში დღეის მდგომარეობით კორონავირუსის 7 277 759 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ამ მონაცემებით აშშ-ი ლიდერია მთელ მსოფლიოში.























