
შაბათს საქართველო თავის გენიალურ მსახიობსა და ლეგენდას ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება რუსთაველის ეროვნულ თეატრში 29 და 30 აპრილს, 15:00-დან 19:00 საათამდე. მსახიობს თეატრიდან შაბათს, პირველ მაისს 14:00 საათზე გამოასვენებენ.
სამოქალაქო პანაშვიდებზე დასაცავი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების შესახებ, კულტურის სამინისტრო არაფერს გვამცნობს.
სამუდამო განსასვენებელს კახი თავისი ცხოვრების სიყვარულის – ბელა მირიანაშვილის გვერდით დაიდებს. ასე დაიბარა და უკანასკნელი სურვილიც აღსრულდება. ის ამისთვის უკვე რახანია ემზადებოდა კიდეც…
“სამი დღე თავის საკუთარ თეატრში იქნება დასვენებული. ის მისი სახლი იყო. თეატრში არ ეძინა, თორემ სხვა დანარჩენ დროს იქ ატარებდა. საბურთალოს პანთეონში იკრძალება, ბელას გვერდით” – გვეუბნება მსახიობის ძმა, იმერი კავსაძე.
1 აპრილს ბელა მირიანაშვილი 83 წლის გახდებოდა… წელს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსახიობის დაბადების დღემ ისე ჩაიარა, რომ კახიმ უსაყვარლესი ცოლის საფლავზე ყვავილები ვერ მიიტანა. მარად შეყვარებული ქმარი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა. თუმცა, საბოლოოდ, ისე აღმოჩნდა, რომ ბელას აპრილი საიქიოში თავის დაბადების თვედ აქცია. ბელა 1-ში დაიბადა, კახი 27-ში გარდაიცვალა…






















