
ცოლების გაყიდვა ბაზრობაზე მე-17 საუკუნის ინგლისში იყო გავრცელებული. მეუღლეებს განქორწინების სხვა გზა არ ჰქონდათ. ზოგჯერ ქალები თავადაც არ იყვნენ წინააღმდეგი, რომ გაეყიდათ, რათა საყვარელთან დარჩენილიყვნენ.
1753 წლამდე ინგლისში არსებობდა ქორწინება, ვალდებულებების გარეშე. როგორც ახლა ვიტყოდით, „სამოქალაქო“ ქორწინება, როცა კაცი და ქალი ერთად ცხოვრობდნენ, შვილებს ზრდიდნენ, მაგრამ არანაირი სამართლებრივი ვალდებულება არ ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ.

ყველაფერი შეიცვალა 1753 წელს მიღებული „ქორწინების შესახებ კანონით“. ეს იყო პირველი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებდა მეუღლეთა სტატუსს. ამის შემდეგ, ინგლისში, მხოლოდ ინგლისის ეკლესიის მიერ აღიარებული ქორწინება ითვლებოდა კანონიერად. ცოლ-ქმარი, კანონმდებლობის თვალსაზრისით, განუყოფელი გახდა. უფრო სწორედ, ცოლის პიროვნება მთლიანად „შეისრუტა“ ქმარმა.
დაქორწინებულ ქალბატონებს არ შეეძლოთ ქონების ფლობა და ისინი თავად იყვნენ ქმრების საკუთრება. ითვლებოდა, რომ ეს მის სასიკეთოდ იყო გათვლილი, რადგან ქალს არ შეეძლო, თვითონ მიეღო გადაწყვეტილებები და პასუხი ეგო თავის მოქმედებებზე.
თავდაპირველად, განქორწინება შედარებით ადვილი იყო – საკმარისი იყო საჩივრის შეტანა საეკლესიო სასამართლოში, საწოლისა და სუფრის განცალკევებისთვის. მიზეზი შეიძლება ყოფილიყო სასტიკი (ძალიან სასტიკი) მოპყრობა ან ღალატი. თუმცა, აკრძალული იყო მეორედ დაქორწინება.
1690 წლის შემდეგ პროცედურა გაცილებით გართულდა: ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით, საჭირო იყო პარლამენტისთვის თხოვნა. ეს უკვე ხანგრძლივი და ძვირი პროცესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ განქორწინების გამარტივების მიზნით 1857 წელს შეიქმნა განქორწინების სპეციალური სასამართლოები, განქორწინება ღარიბთათვის მაინც ფუფუნებად დარჩა. არსებობდა ალტერნატიული გზები: გაქცევა ან მეუღლის გაყიდვა. ეს უკანასკნელი მეთოდი სულაც არ იყო ყველაზე პოპულარული, მაგრამ მაინც საკმაოდ ეფექტიანი გზა იყო.
ღარიბი კაცისთვის ცოლის გაყიდვა განიხილებოდა როგორც „განქორწინების მეთოდი“, როდესაც ცოლ-ქმარი ძალიან დაიღალა ერთმანეთისგან და შეთანხმდნენ, რომ უნდა დაშორდნენ.

მრავალი ქალისთვის გაყიდვა მხოლოდ ცუდი ქორწინების დასრულების ერთადერთი გზა იყო. ერთი ცოლი, რომელიც ვენლოკის ბაზრობაზე გაიყიდა 1830 წელს, 2 შილინგად 6 პენსად, დაჟინებით მოითხოვდა გარიგების დასრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ყოყმანებდა. მამაკაცი შეეცადა გარიგება შეეწყვიტა, მაგრამ მატიმ აიძულა იგი, დაესრულებინა. მან წინსაფარი შემოარტყა ქმარს სახეში და უთხრა: „შე საწყალო! უნდა გავიყიდო! მე მსურს ცვლილება!“
აი, რას წერს The Gentleman’s Magazine, ყოველთვიური ლონდონური ჟურნალი 1832 წელს: „ჩანდოსის ჰერცოგმა, პატარა სოფლის სასტუმროში ყოფნისას დაინახა, რომ მეჯინიბე სასტიკად სცემდა ცოლს. მან შეიძინა ქალი. ის ახალგაზრდა და ლამაზი იყო. ჰერცოგმა მას განათლება მისცა და ქმრის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა მასზე. სიკვდილის სარეცელზე მყოფმა ქალმა შეიკრიბა მთელი ოჯახი, მოუყვა მათ თავის ამბავს – როგორ მოხვდა ყველაზე სავალალო მდგომარეობიდან – კეთილდღეობაში. პატიება სთხოვა მათ და სული განუტევა.
უცნობია, როდის დაიწყო ზუსტად ეს ჩვეულება – სავარაუდოდ, მე-17 საუკუნის ბოლოს, მაგრამ მე–18 საუკუნის შუა ხანებში გაძლიერდა ეს პრაქტიკა, ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში დაფიქსირდა ბოლო შემთხვევები. ზოგიერთ ცნობაში ნათქვამია, რომ გაყიდვის შესახებ წინასწარ კეთდებოდა განცხადება. მაგალითად, ქმარი ადგილობრივ გაზეთში რეკლამას აკეთებდა. როგორც წესი, მეუღლეს წინასწარ არ ჰქონდა განსაზღვრული ფასი, ყველაფერი აუქციონის წესით წყდებოდა. ქმარს ცოლი კისერზე მობმული თოკით ბაზარში მიჰყავდა.
ამ ვაჭრობის მთელი სისასტიკის მიუხედავად, ცოლს შეეძლო, გავლენა მოეხდინა გარიგებაზე. თუ მას არ მოსწონდა მომავალი „ბატონი“, შეეძლო ვეტოს დადება ხელშეკრულებაზე. მანჩესტერის 1824 წლის ანგარიში მოწმობს, რომ „რამდენიმე აუქციონის შემდეგ ცოლის ფასი 5 შილინგამდე ავიდა, მაგრამ მას არ მოსწონდა მყიდველი და იგი კვლავ 3 შილინგად „გამოიტანეს“, ხელახლა გასაყიდად.

1766 წლის მარტში Southwork- ის დურგლებმა ცოლი გაყიდა „ლუდის ბარში მეუღლის გულგრილობის გამო“. გამოფხიზლების შემდეგ მამაკაცი ცოლს სთხოვდა დაბრუნებას და უარის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალებმა უკვე იცოდნენ ვის უნდა ეყიდა და საყვარლებს თავადაც კი აძლევდნენ საყიდელ ფულს.
იყვნენ მამაცი ქალებიც, რომლებიც თავიანთი მეგობრების უფლებებს იცავდნენ. 1756 წელს, დუბლინში, ქალთა ჯგუფმა „გადაარჩინა“ ცოლი, რის შემდეგაც ქმარი გაასამართლეს და მოათავსეს მსხვილფეხა საქონელთან, ბოსელში, მეორე დილამდე.
დაბოლოს, მე-19 საუკუნის შუა ხანებში უკმაყოფილო ადამიანები გააქტიურდნენ. ცოლის გაყიდვის ბოლო შემთხვევა 1913 წლით თარიღდება, როდესაც ქალი, ლიდსის პოლიციის სასამართლოში ჩვენების დროს, ამტკიცებდა, რომ ქმარმა იგი ერთ-ერთ თავის ამხანაგს მიჰყიდა 1 გირვანქა სტერლინგად.






















