19:58 | 2021-10-20 ავტორი: თამარ გონგაძე

“ცოლთან რომ წაიკამათებდა, ჩემთან მოვარდებოდა და რჩებოდა. მარტოებს სასტუმროს ნომერშიც გვიძინია…” – ასმათ ტყაბლაძემ უახლოესი ადამიანი დაკარგა

“ცოლთან რომ წაიკამათებდა, ჩემთან მოვარდებოდა და რჩებოდა. მარტოებს სასტუმროს ნომერშიც გვიძინია…” – ასმათ ტყაბლაძემ უახლოესი ადამიანი დაკარგა

76 წლის მსახიობსა და მეგობარს, ავთანდილ მიქაძეს, რომელიც 16 ოქტომბერს მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა, ასმათ ტყაბლაძე იხსენებს.

 

კოლეგასთან ისე ახლობლობდა, რომ ცოლთან წაკამეთებული ავთო, გულის მოსაოხებლად, პირდაპირ ასმათთან გარბოდა.

 

ასმათ ტყაბლაძე: – ჩვენ კურსელები ვიყავით. თავიდანვე დავმეგობრდით. ერთ თეატრში მოვხვდით, მარჯანიშვილში და სცენაზე პარტნიორებიც ვიყავით.

 

“ვეფხისტყაოსნის” ასმათი ხარო, მეტყოდა ხოლმე.

 

იმდენად ახლო მეგობრები ვიყავით, რომ გასტროლისას, მარტოებს სასტუმროს ნომერშიც გვიძინია. ძალიან მაგარი ძმაკაცები ვიყავით. აი, მაგალითად, ჩემს ნომერში იყო ნინო დუმბაძე, რომელსაც ქმარმა ჩამოაკითხა და ცალკე ნომერში გადავიდნენ. იქით ავთოს ნომერშიც ვიღაც დაბინავდა და მოდი, ერთ ნომერში მოვთავსდეთ-მეთქი, ვუთხარი.

 

 

არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა. ისეთ ფოკუსს მოიგონებდა და ისე გემრიელად ჰყვებოდა ამბებს, მოსმენას არაფერი სჯობდა.

 

მეგობრობდა ჩემს ოჯახთან, ძმასთან. შვილი რომ გამიჩნდა, სანახავად მოვიდნენ – ავთო, ამირან ბუაძე, ვაჟა ვადაჭკორია. ბავშვის თეთრეული დაინახა დასაუთოვებელი. აიღო უთო, დაჯდა და დააუთოვა. ასეთი სხვანაირი ადამიანი იყო.

 

სადმე რომ ქეიფობდნენ, ადგებოდა და ჩემს სადღეგრძელოს აუცილებლად იტყოდა. დარეკავდა და მასმენინებდა, როგორ სვამდა ჩემს სადღეგრძელოს.

 

სახლში ცოლთან რომ წაიკამათებდა, ჩემთან მოვარდებოდა და რჩებოდა. მე მერე დავურეკავდი მის ცოლს, ჩემთან არის-მეთქი. მართლა და-ძმასავით ვიყავით.

 

ნასვამს არ ვსვამდი საჭესთან, ფხიზელს გასაღებს გამოვართმევდი და სუფრის შემდეგ, სახლში ან მე მივიყვანდი, ან მანქანას აღარ ვატანდი. ავთოს ცოლიც მშვიდად იყო.

 

„როცა გოდერძის ვნახავ, ამას უეჭველი ვეტყვი...
2021-10-03„როცა გოდერძის ვნახავ, ამას უეჭველი ვეტყვი..." - უცნობი ისტორიები გოდერძი ჩოხელზე

 

მზრუნველი იყო. მპატრონობდა. საკონცერტო გასვლებზე, სასადილოში მე ვერ ვსადილობდი, ამიტომ ადგებოდა და მოჰქონდა ხაჭაპური, მაწონი, მჭადი… ავთომ ოჯახის წევრივით იცოდა პატივისცემა და მზრუნველობა.

 

სცენაზე – “ვოდევილებში” შეყვარებულებს ვთამაშობდით. მერე ხუმრობდა, ვითომ მართლა ვუყვარდი, ააგებდა სცენას და სიცილით გვხოცავდა.

“გმირთა ვარამში”, ერთ სცენაში ერთად ვიდექით და მაცინებდა, მე თავს ვერ ვიკავებდი და ვემუდარებოდი, გაჩერებულიყო, რომ თეატრიდან არ გავეგდე რეჟისორს.

 

ბოლოს ავთო რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და იცოდა, რომ ცუდად იყო, დამირეკა და ერთ მეგობარზე (ნაწყენი რომ ვიყავი) მთხოვა, ჩემი ხათრი ხომ გაქვს? გთხოვ, აპატიეო… მერე დავურეკე და ვუთხარი, შევურიგდი-მეთქი. როგორ გაუხარდა – ჩემი ჯიგარი ხარო, მითხრა. ჩემი საქმე არ ვიცი, როგორ იქნებაო, ეს თქვა და სამ დღეში გარდაიცვალა კიდეც.

 

ღვიძლის სიმსივნე ჰქონდა. თითქოს დაამარცხა, ბილბორდზეც იყო ავთოს ფოტო სლოგანით – “მე დავამარცხე კიბო”. მაჩვენა, გამიხარდა. მაგრამ მოულოდნელად, ფილტვში გადაუვიდა და დამაცხდა. გული მეტკინა…

 

ავთო ძალიან დიდი დანაკლისია ჩემთვის…

ავტორი: თამარ გონგაძე

X