20:46 | 2021-07-21 ავტორი: თამარ გონგაძე

„ცრემლებისგან თავს ძლივს ვიკავებდი“ – იმერი კავსაძე კახის „ცარიელ სკამზე“

„ცრემლებისგან თავს ძლივს ვიკავებდი“ – იმერი კავსაძე კახის „ცარიელ სკამზე“

გუშინ კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის ცერემონიალზე ლეგენდარული კახი კავსაძის ცარიელი სავარძლის დანახვამ, ბევრს თუ გული აუჩუყა და ამ განუმეორებელი მსახიობის არყოფნა შეახსენა, ბევრსაც გაუჩინა განცდა, რომ „ქართული ოცნება“ გარდაცვლილი ავტორიტეტული ფიგურის სახელით სპეკულირებს.

 

სამი თვის წინ გარდაცვლილი ძმისთვის განკუთვნილი ცარიელი სკამის გვერდით ჯდომა, ძალზედ ემოციური იყო იმერი კავსაძისთვის.

 

ოპერის მომღერალი „პრაიმტაიმის“ მკითხველს თავის ემოციებს გულწრფელად უზიარებს.

 

იმერი კავსაძე: – ძალიან ემოციური იყო ჩემთვის კახის ცარიელი სავარძლის გვერდით ჯდომა. სავარძელზე რომ მისი სახელი და გვარი მიაკრეს, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, ძალიან. მთელი ცერემონიალის მანძილზე ცრემლებისგან თავს ძლივს ვიკავებდი.

 

 

დიდი მადლობა გადავუხადე ბატონ კახა კალაძეს, რომ კახი ასე თბილად მოიხსენია.

 

ჩემამდე მოვიდა ხმა, რომ თითქოს ამ ჟესტით ჩემი ძმის სახელით ისარგებლა „ოცნებამ“.

 

იცით, რა? კახა კალაძე და კახი კავსაძე ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. მეგობრობდნენ. ამის მოწმე მე ვარ.

 

ადამიანი, მეგობარი რომ ხარ, გჯერა მისი, ისე ხომ არ დაუდგები გვერდით?!

 

აქამდე არ ყოფილა კონკრეტული პიროვნებისადმი განკუთვნილი ცარიელი სავარძელი რომ დაედგათ? რატომ აბრუნებენ ყველაფერს თავდაყირა? როგორ შეიძლება ასეთი რამის თქმა?

 

პირველი დიდი ღონისძიება იყო, რომელსაც კახი ვერ ესწრებოდა. ყველა შეხვედრაზე კი არ იქნება ასე.

მე ვუთხარი კახას, კახი არ იქნება, მაგრამ მე ვიქნები მის მაგივრად-მეთქი. სულ გვერდში დავუდგები.

 

მე ძალიანაც კმაყოფილი და მადლიერი ვარ მისი ამ ჟესტის.

 

მათ კი თბილისურად ვეტყვი – ყველამ თავის მამიდას მიხედოს. სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X