
„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, თეა წულუკიანთან.
„ოცნების“ ერთადერთი უცვლელი მინისტრი, რომლის თანამდებობიდან ჩამოშორებას, ოპოზიცია, მთელი 8 წლის განმავლობაში ელოდა. 8 წლის თავზე ასეც მოხდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, ოპოზიციისთვის, სულაც არ ყოფილა მაამებელი აქტი.
წულუკიანი აღარ არის მინისტრი, თუმცა კარს მომდგარ არჩევნებზე, სახელისუფლებო სიის მეოთხე ნომრად არის წარმოდგენილი და ამჯერად, ოპონენტებისგან, სულ სხვა ტიპის შეტევებს იგერიებს.
რა გეგმებით მიდის პარლამენტში და გახდება თუ არა ის ოპოზიციის დიდი თავის ტკივილი უკვე საკანონმდებლო ორგანოში?
– ქალბატონო თეა, 2012 წლიდან ერთადერთი მინისტრი იყავით, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა თანამდებობა – რაში მდგომარეობს თქვენი სტაბილურობის ფორმულა?
– თქვენამდე ეს კითხვა ორჯერ დამისვეს. მინდა გითხრათ, რომ საკუთარი თავით, ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, რადგან ვერ გავეცი პასუხი. მას მერე ვიფიქრე. მინიმუმ ორჯერ დამისვეს ეს კითხვა.
რამდენიმე წლით ადრე, ეს კითხვა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმაც კი დამისვა. მითხრა – მე ახლახან დავინიშნე, სულ რყევებში ვარ და ეს არასტაბილური პოზიცია, ძალიან სახიფათოა, რადგან რეფორმები უნდა გაატარო, თან დანაშაულს უნდა ებრძოლოო.

იცით ალბათ, რომ გენერალური პროკურორი, ამავე დროს იუსტიციის მინისტრია, ანუ ჩემი კოლეგა იყო, ამ მიმართულებით. როცა მკითხა, რა არის შენი საიდუმლოო, მახსოვს, რომ ამ პასუხის ნაცვლად, ორივემ ბევრი ვიცინეთ.
როგორც ჩანს, ჩემგან პასუხის გასაცემად არ დაუსვამს ეს კითხვა. ახლა მაინც შევეცდები, პასუხი გაგცეთ, რადგან ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე და თითქოს, პასუხი მოვიფიქრე:
პირველ რიგში ვიტყოდი, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მიუხედავად იმ ბარიერებისა, რასაც ენა იტყვის და ზოგჯერ, ვერ იტყვის, მე ყოველთვის ვრჩებოდი, გუნდურ მოთამაშედ. ჩემ პირად პოლიტიკურ ინტერესს, არასდროს არ ვაყენებდი გუნდის პოლიტიკურ ინტერესზე წინ და ვფიქრობ, რომ ეს გუნდმა, გარკვეულ ეტაპზე გაიგო და დააფასა.
ამისთვის, მართლაც მადლიერი ვარ არა იმიტომ, რომ დიდხანს ვიყავი თანამდებობაზე, არამედ ამ თანამდებობაზე ყოფნისას და სტაბილურობის პირობებში, თუ ფაქტებით ვიმსჯელებთ, ძალიან ბევრი კარგი საქმის კეთების საშუალება მომეცა.
– აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საკანონმდებლოში გადასვლა თქვენი გადაწყვეტილება იყო, თუ გუნდის?
– ეს ყველაფერი, გუნდში მსჯელობის შედეგად შეჯერდა, რა თქმა უნდა, ჩემი ინტერესიც და პოზიციაც, ბოლომდე იქნა გათვალისწინებული. თუ გახსოვთ, არაერთხელ მითქვამს საზოგადოების წინაშე საჯაროდ, რომ 8 წელი საკმარისია ერთი და იგივე პირი, ერთ თანამდებობაზე იყოს, უკვე ცვლილების დროა-თქო.

გუნდში იყვნენ ადამიანები, ვინც ამას არ იზიარებდნენ, მაგრამ მე ვთვლი, რომ დროა, ახალი მინისტრი ავირჩიოთ.
– ანუ, მინისტრის პოზიაციაზე დაბრუნებას აღარ აპირებთ?
– ეს არ არის დაგეგმილი და არც ჩემი ინტერესია. ახალ მინისტრს, ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, თუ მისი სურვილი იქნება, ბოლომდე ხელშეწყობა ექნება და ის ძალიან კარგი ფუნდამენტი, რაც მოვამზადეთ, საშუალებას მისცემს ახალი პროექტები და რეფორმები განახორციელოს.
– „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, გახდებით პარლამენტის სპიკერი? – გვსმენია, რომ კულუარებში ამაზე საუბრობენ.
– ესეც არ არის გეგმაში. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ბატონი არჩილ თალაკვაძე გააგრძელებს თავმჯდომარეობას.
– სასამართლო რეფორმებზე მინდა გკითხოთ… რა არის განსხვავება თუნდაც წინა ხელისუფლების დროს და ამჟამინდელ სასამართლოს შორის?
– მე ვფიქრობ, რომ განსხვავება თვალშისაცემია და როდესაც ამას ვამბობ, არ ვხელმძღვანელობ ჩემი პირადი შეხედულებებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოდან სტასბურგში გაგზავნილი საჩივრების რიცხვი, რამდენჯერმე შემცირდა, საქართველოში აღარ ისმის ფრაზა – „სტრასბურგში ვიჩივლებ“.
ბოლო წლებში აღარ მოგვისმენია, რომ ამით რომელიმე მოქალაქე, ხელისუფლებას დაემუქროს, რა თქმა უნდა, თუ არ არის, პოლიტიკურად მართული პროცესი. ასევე, ბოლო წლებში, სტრასბურგში, წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე, უსამართლო სასამართლოზე, არ წასულა საჩივარი.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს აქვს ბევრი პრობლემა – სისწრაფე, სიძვირე, ზოგიერთი მოსამართლის ნაკლებკომპეტენტურობა და ა. შ, – მთლიანობაში საქართველოში, ჩვენ მიერ და იუსტიციის სამისტროს დროს გატარებული საკანონმდებლო რეფორმების შედეგად, გაჩნდა ადგილი, სადაც შესაძლებელია იპოვო სამართალი, როდესაც რომელიმე უწყება დაგჩაგრავს.
ჩვენც, იუსტიციის სამისტროს, ბევრჯერ წაგვიგია დავა სასამართლოში და საქართველოს მოქალაქის მხარე დაუჭერია, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ასევე ის გიგანტური სოციოლოგიური კვლევის კომპანია, როგორიც არის ნამდვილი „იფსოსი“, არა ის, რომელსაც კიევიდან იყენებს ნაციონალური მოძრაობა, არამედ ფრანგული „იფსოსი“, რომელმაც ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ 55 %-ზე მეტი, ფიქრობს, რომ იუსტიციის სამისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, მართლმსაჯულება ჩვენ ქვეყანაში უფრო სამართლიანი და ამავე დროს, სანდო გახდა.
ეს არის საშუალო ევროპული მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ ამით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკმაყოფილდეთ და სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ ახალმა მინისტრმა ამ კარგ ფუნდამენტზე უნდა გააგრძელოს საქმიანობა და მოგვცეს კიდევ უფრო უკეთესი შედეგი.

ეს გაკეთდება, როცა ახალი პარლამენტი დამტკიცდება, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“ მყარი უმრავლესობა ექნება და შეიქმნება „ქართული ოცნების“ მთავრობა, სადაც იქნება ახალი იუსტიციის მინისტრი, რომელსაც როგორც უკვე აღვნიშნე, თუკი მისი სურვილი იქნება, ჩემი მხარდაჭერა და ხელშეწყობაც ექნება, რადგან ეს არის საკმაოდ დიდი და რთული კომპლექსური სისტემა.
იუსტიციის სამინისტრო გასცემს საჯარო სერვისების 90%-ს, საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში, მართავს საპატიმრო სისტემას, არის მთავრობის იურიდიული მრჩეველი და ახორციელებს საკანონმდებლო რეფორმებს.
ამიტომ, ეს არის ძალიან რთული სისტემა. პირველ წლებში, მიფიქრია კიდეც, რომ ჯანმრთელობის პრობლემების ფასადაც კი მიჯდებოდა ამ სისტემის მართვა, მაგრამ როცა შედარებით წელში გავიმართე, უფრო მარტივი გახდა. ამიტომ, ვამბობ, რომ ახალ მინისტრს, ჩვენი ხელშეწყობა აუცილებლად დასჭირდება.
– ვინ განიხილება იუსტიციის ახალ მინისტრად?
– გარკვეული საუბრები არის, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. პოლიტიკური საბჭო, ან პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.
– თქვენი რიტორიკით, ხშირად იწვევთ ოპონენტების გაღიზიანებას. რამდენად აქტუალური იქნებით პოლიტიკურ დებატებში, სადაც ეჭვგარეშეა, რომ ბევრი სხვა პარტია იქნება წარმოდგენილი – ყველა ნიშანია იმისა, რომ ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, რა იქნება თქვენი მთავარი როლი?
– მესმის, რომ ეს ნამდვილი ჟურნალისტის ვალდებულებაა და კულტურულად მეკითხებით, მაგრამ მე გეტყვით, რომ მათ კი არ ვაღიზიანებ, ვიცი, რომ მათ, ფიზიკურად ვძულვარ.
ასე მგონია და ამ მოსაზრებას მიმყარებს ის რვაწლიანი და მანამდე არსებული პერიოდიც, როცა ოპოზიციაში ვიყავი, ის დიდი ტალღა სიძულვილის, რაც მათ ჩემდამი აქვთ. მართლებიც არიან, რადგან მე რეალურად, როგორც ერთი ქართველი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, მიუხედავად ჩემი ოჯახის წევრის და ახლობლის წინააღმდეგობისა, მივატოვე სტრასბურგი და დავბრუნდი მათთან საბრძოლველად.
პირადად ჩემთვის, მათ არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ მე ვუყურებდი სტრასბურგიდან, რა ხდებოდა ქვეყანაში და როგორც ერთ-ერთი ამომრჩეველი, ვფიქრობდი, რომ ამათ ხელში ქვეყანა იღუპებოდა და რაღაც უნდა მეღონა. ასეთი ენთუზიაზმით წამოვედი და ვფიქრობ, რომ გარკვეული კენჭი, თუ კენჭები დავდე მათთან წინააღმდეგ ბრძოლაში, თუნდაც ნაძალადევში, იუსტიციაში და მომავალშიც ასე ვაპირებ.
ამიტომ, მესმის, რომ ეს სიძულვილი, მათ ჩემ მიმართ აქვთ. თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, გაუკვირდებათ ალბათ, მაგრამ საპასუხოდ ვეტყოდი, რომ მე არათუ ისინი, ერთი ადამიანიც არ მძულს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ღმერთმა შექმნა და მე ვარ მორწმუნე.
იმას კი ნამდვილად ხმამაღლა ვიტყვი, რომ აღარ ვარ ახალგაზრდა და ვფიქრობ, ვიყო პოლიტიკაში იქამდე, სანამ იქნება, თუნდაც 1% რისკი იმისა, რომ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან.
ეს პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ჩემი როლი იქნება ის, რომ იდეალები, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ და რისთვისაც მე ამ გუნდის ფარგლებში ვიბრძვი, ამ იდეალებისთვის, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ვიბრძოლო, გავუწიო ღირსეული ოპონირება და საზოგადოებას დავანახო, რომ მათი პოლიტიკაში არსებობა, უბრალოდ, სირცხვილია და ამიტომ ნელ-ნელა შევუვიწროვოთ მათ პოლიტიკური არეალი.
ბევრი საუბრობს დღეს, პარტიის აკრძალვაზე, მათ საჯაროდ გამოყვანაზე და ლამის მათ ჩაქოლვაზე. ისინი ალბათ ამ ყველაფერს, შეიძლება იმსახურებენ, მაგრამ ქვეყანა იმსახურებს თუ არა, ეს არის მთავარი კითხვა და ამ კითხვაზე პასუხია – არა!
ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, თუნდაც იმ უღირს ოპოზიციას, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელშიც კოლექტიურად შედის „ევროპული საქართველო“, „ცრუ დავით მეფე“, ისნის რაიონში რომ „დაიარება“ და კიდევ ბევრი სხვა პარტია.
ეს არის, ასე ვთქვათ, ერთი „კასტა“, მათ ბრძოლას ვუპირისპირებთ, მშვიდობიან პოლიტიკურ ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ მათ არეულობის სცენარიც კი აქვთ გამზადებული.
-რა ინფორმაცია გაქვთ ამ სცენარზე? შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ?
– მათ აქვთ გამზადებული არეულობის სცენარი, ისინი აუცილებლად გამოვლენ ქუჩაში, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. პირველი ფაქტობრივი ნიშნები უკვე არსებობს. პირველ ნოემბერს იქნებიან ქუჩაში და დაიწყებენ ყვირილს იმ „ვითომ“ დამკვირვებლების შეფასებების საფუძველზე, რომლებიც მათ შექმნეს, იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა.
ამ დროს, სწორედ თვითონ იქნებიან ეს დამკვირვებლები, მაგრამ ვერაფერს იზამენ. მიუხედავად ჩვენი რვაწლიანი მმართველობისა, დიდი მხარდაჭერა გვაქვს.
მართალია, ყველა ხელისუფლება ცვდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხი ხედავს, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, შენარჩუნდა განვითარების დინამიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მხარდაჭერა ჩვენ გვექნება და მყარი უმრავლესობაც, ამიტომ ვერავითარი პროვოკაცია ვერ იქნება წარმოდგენილი.
– სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას აანონსებს და ღრმად არის დარწმუნებული, რომ არჩევნების შემდეგ, პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს… როგორ უყურებთ მის შანსებს?
– ის თავისი ნებით არ ჩამოვა. უბრალოდ, ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს. ფიქრობს, რომ ამით ამხნევებს მათ და ალბათ, ეს ასეც არის. წინა არჩევნებზეც მრავალჯერ ვნახეთ იგივე სცენარი.
თუ სწორედ მახსოვს, არხს თხრიდა. ასე ვთქვათ, დისტანციური, პლატონური სიყვარული აქვს საკუთარ ამომრჩეველთან.
მას ჰყავს მასზე ფანატიკურად შეყვარებულ ადამიანთა რიცხვი, რაც მართლაც რეალობაა. რა თქმა უნდა, ამ ხალხს სჭირდება გამხნევება და ეუბნება – აი ჩამოვალ და მანდ ვიქნებიო.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მანამ სანამ პროკურატურა იუსტიციის ნაწილი იყო, მას შემდეგაც ყველაფერს აკეთებენ ძალოვანი სტრუქტურები მის ჩამოსაყვანად, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად უკრაინელ ხალხთან ჩვენი ძალიან დიდი მეგობრობისა, უკრაინის ხელისუფლებამ არცერთხელ არ შეგვიწყო ხელი იმისთვის, რომ სააკაშვილის ექსტრადიცია მომხდარიყო.
პირიქით, ყოველთვის გვეწინააღმდეგებოდა, რომ მიშა არ ჩამოგვეყვანა საქართველოში.
-რატომ?
– ალბათ, მათ ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ის დიდი რეფორმატორია, ან ვინმე ეუბნებათ ამას. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ბატონმა სააკაშვილმა შეიძლება მალე უკრაინაში თვითონვე დაკარგოს სამსახური… სხვათაშორის, ახლა რა მომენტშიც ვსაუბრობდით, ამ სახის SMS მივიღე – „ძვირფასო საჯარო მოხელეებო, თამამად დააფიქსირეთ ნება, ხმის მიცემის პროცესი ფარულია და არჩევანის შესაძლებლობის შესახებ, იცით მხოლოდ თქვენ, – მ. სააკაშვილი“. როგორც ჩანს, საჯარო მოხელე ვგონივარ.
საჯარო მოხელეებს, რომელთა რიცხვშიც, როგორც ჩანს მეც მოვიაზრები, ალბათ, მობილურ კომპანიასთან, რომელთანაც ამგვარი ტიპის მომსახურებაზე, ხელშეკრულება დადო, შეიძლება აღრიცხული ვყავარ, როგორც საჯარო სამსახურის მოხელე. ან, მეორე ვარიანტია, რომ სააკაშვილს, ჩემი ტელეფონის ნომერი, გულის ფიცარზე უწერია და მიგზავნის შორიდან SMS – ს (რა თქმა უნდა ხუმრობით).
ეს არის, კოლექტიური SMS-ი, რომელიც ბევრ საჯარო მოხელეს გაუგზავნა და მათ შორის მეც. არწმუნებს მათ, რომ თუ მას მისცემენ ხმას, არ დაითხოვს სამსახურიდან.
თუმცა, ამ საჯარო მოხელეებს კარგად ახსოვთ, რომ როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა ჩარეცხა, გაყარა სამსახურებიდან და მხოლოდ თავისი ერთგული კასტა დაასაქმა.
ამიტომ, მის დროს დასაქმებული საჯარო მოხელეები, რომლებიც მრავლად არიან, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მცხვენია და ამას ღიად ვამბობ, ბევრჯერ ჩავატარე წმენდა ყველა სისტემაში და „ნაცმოძრაობის პარტაქტივი“ ქუჩაში გავსვი, რომლებიც ზოგი სასამართლოში ჩიოდა და ზოგი 20 ივნისს, 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავდა.
დავტოვე, მხოლოდ ის პროფესიონალები, ვინც არიან ქვეყნის ერთგული და ვინც არ არის ნაცმოძრაობის კასტა. ისინი მას, არავითარ შემთხვევაში არ დაუდგებიან გვერდით. მათ იციან, რომ ისინი არიან ქვეყნის საჯარო მოხელეები და არა კასტის.
– კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი და სხვა ბევრი ფაქტორი, რამდენად ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მაჩვენებელზე?
– სამი კვირის წინ, როცა ჯერ კიდევ მთავრობის წევრი ვიყავი, ვამბობდთ, რომ ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ წესები, რადგან მოსალოდნელია მეორე ტალღა და ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ მიუხედავად ამ უდიდესი გამოწვევისა, არჩევნები შედგეს.
არავითარი იმაზე საუბარი და სპეკულაციები, რომ არჩევნების დღეს შეიძლება რამე საფრთხე შეიქმნას, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ წესები და არამხოლოდ საკუთარ თავს მოვუფრთხილდეთ, არამედ იმ საექიმო რესურსს, რომლის შესაძლებლობებიც საქართველოში, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ პატარა ქვეყანა ვართ, არ არის განუსაზღვრელი.
ამიტომ დავიცვათ, ჩვენ თავთან ერთად, უფრო ის ჯგუფები, რომლებიც სხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები არიან, მათ პირველ რიგში სჭირდებათ ექიმი და ჩვენ, არ უნდა მოვაცდინოთ ისინი.
რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება გარკვეული რიცხვი იმ ადამიანების, რომლებიც თვითიზოლაციის, ან თუნდათ კარანტინში ყოფნის გამო, თუკი მათ, კანონით დადგენილი წესით, გადასატანი ყუთით სარგებლობის საშუალება აღარ ექნებათ, არჩევნების დღეს, ვეღარ იაქტიურებს.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ის მასა, რომელმაც შეიძლება თვითონ შედეგზე იქონიოს გავლენა, თუმცა, არ დაგიმალავთ და გეტყვით, არჩევნებზე, თითოეული ჩვენი მხარდამჭერის ვერ მისვლა, თუნდაც, ობიექტური მიზეზების გამო, ყოველთვის გულისტკენის საგანია და დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური პარტია ასეა.
– როგორია, თქვენი დღევანდელი პროგნოზი, არჩევნებამდე, 2 დღით ადრე – რა პროცენტს აიღებს „ქართული ოცნება“ და რამდენი მაჟორიტარის გაყვანას შეძლებს?
– მრავალი კვლევა დაიდო, ყველგან „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა. სანდო კვლევები აჩვენებს, რომ „ოცნება“ არა მხოლოდ პირველ ადგილზეა, არამედ მას ჰყავს მყარი უმრავლესობა და ჩვენ რეალურად მშვიდად ვართ.
ერთადერთი, რის გამოც უფრო მეტი ყურადღებით ვართ, ვიდრე ჩვეულებრივ და ნორმალურ პირობებში ვიქნებოდით, არის ის, რომ ამ პროვოკატორმა, რადიკალურმა ოპოზიციამ, პირველ ნოემბერს არ წამოიწყოს ისეთი პროვოკაციები, რომლისთვისაც საზოგადოება არ არის მზად.
მაგრამ ამის საწინააღმდეგო და კარგი იარაღია, ჩვენი ამომრჩევლების, მასიურად მისვლა არჩევნებზე. „ოცნების“ არცერთ მომხრეს არ უნდა ეგონოს, რომ გამარჯვება ჩვენ გვიდევს „ჯიბეში“. გამარჯვება, არავის არ უდევს ჯიბეში, ამიტომ ჩვენი ამომრჩეველი, ყველა უნდა მივიდეს ურნასთან.
ჩვენ ვვარაუდობთ, 50%- ზე ზევით, ზოგი კვლევა აჩვენებს, 55%-ს. რეალურად გამორიცხულია რაიმე ტიპის კოალიციაზე საუბარი. მაგალითად, „ევროპული საქართველო“, თურმე ხშირად ავრცელებს ჭორებს, რომ ხელისუფლებას მას გადააბარებს „ოცნება“.
საინტერესოა, რა დამსახურებისთვის უნდა გადააბაროს კრიმინალურ ძალას „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება, უცნობია. ფაქტიურად, ამომრჩეველს ატყუებს, ჩვენ უკვე ჯიბეში გვაქვს ხელისუფლებაო.
ეს ის ძალებია, რომლებიც თვითონ კვლევას ატარებენ და ხალხს უსინჯავენ პირს, გამოვლენ თუ არა და იარაღით იბრძოლებენ თუ არა გაუგებარი მიზნებისთვის.
ქართველი საზოგადოება დაიღალა ამ მრავალწლიანი დესტაბილიზაციით, „ქართული ოცნება“ არის პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანას განგრძობადი სტაბილურობა და მშვიდობა მოუტანა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება, ამას მარტივად არ შეეგუება და ხმას მისცემს მშვიდობას.























