
„ფაიზერის“ „ჩექლისტს” ერთი კითხვა დაემატა. ვისაც ხშირად აქვს გამოყენებული ფილერი, „ფაიზერის” იმუნიზაციის შემდეგ შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს მკურნალობას, ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან” – დღეს განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
სოციალურ ქსელში, დღევანდელი გასართობი თემაც ეს იყო. ფილერის “მომხმარებელი” ანტივაქსერები ისევ ავიშვიშდნენ.
ზოგმა პირველად გაიგო ფილერი, დაგუგლა და ვერ მიხვდა, რა კავშირში უნდა იყოს ის ვაქცინასთან.
მოკლედ, პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მან სრულად “დასერჩა” ამ თემის ირგვლივ არსებული მასალები და ვერსაც მსგავსი ინფორმაცია ვერ მოიძია.
პლასტიკური ქირურგი განგვიმარტავს, რა არის ფილერი და როგორია მისი და კოვიდსაწინააღმდეგი ვაქცინის ურთიერთობა.

კოტე მათითაშვილი: – ფილერი ეს არის, ძირითად შემთხვევაში, ჰიალურონის მჟავა ჩვენს ქვეყანაში ლეგალურად შემოტანილი პრეპარატებით. ის გამოიყენება სახის ღარების, ნაოჭების, ტუჩების შევსების მიზნით. სახის გარკვეული ზონების აუგმენტაციის ანუ მოცულობის გაზრდის მიზნით. ეს პროცედურა კეთდება 4-6 თვეში ან წელიწადში ერთხელ, სურვილისამებრ.
ჰიუალურონის მჟავა ორგანიზმისთვის ბუნებრივი ნივთიერებაა, რომლის შეყვანა, გაახალგაზრდავების, ნაოჭების გასწორების მიზნით, გარეგანი საშუალებებით ხდება, სხვადასხვა ბრენდის, სხვადასხვა დასახელების ბრენდის პრეპარატით. ქიმიური ფორმულა, ძირითად შემთხვევაში, ყველას ერთი და იგივე აქვს. ყველაზე პოპულარული ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული შემავსებლებია.
არც შემავსებლის გაკეთება არ არის უკუჩვენება ვაქცინისთვის და არც ვაქცინის გაკეთება არ არის უკუჩვენება იმისთვის, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული.
ბოლო ინფორმაცია, რომელსაც მე ვფლობ წყაროებიდან, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, არის ის, რომ ამერიკაში, დაახლოებით 16 ათასი შემთხვევიდან სამ შემთხვევაში, ისიც “მოდერნას” ვაქცინასთან მიმართებაში, გამოვლინდა ერთხელ ტუჩის ქსოვილის შეშუპება და ორჯერ სახის, რომელიც ალაგდა უმარტივესი მკურნალობით.
არც “ფაიზერზე” და არც “ასტრაზენეკაზე” კვლევაში წვდომა არ მაქვს. ამ ვაქცინებსა და ფილერს შორის რაიმე კავშირზე მსგავსი ინფორმაცია ვერსად მოვიპოვე.
მე არ ვიცი, რატომ გაკეთდა ასეთი განცხადება. სამედიცინო კვლევები ამას არსად არ წერენ. თუ ვინმეს რამე ახალი ინფორმაცია აქვს, ან “ფაიზერმა” მიაწოდათ, რომელიც ჩვენ, პლასტიკურ ქირურგებს არ გვაქვს, მაშინ უნდა დადონ ეს წყარო. გამოაქვეყნონ, რომ ამ დარგის სპეციალისტებმა ვიცოდეთ, რაზეა ლაპარაკი.
რაც მე “დავსერჩე” ბოლო ერთ საათში, მსგავსი ანალოგია, ამხელა მასშტაბის არსად არ დევს.

მოკლედ, არაფერი იცვლება. ვისაც გაკეთებული აქვს ასეთი ბიოთავსებადი გელი, უნდა გაიკეთოს ვაქცინა.
ეს არის ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდე. თუ გაკეთებული გაქვთ ფილერი და ვაქცინის დროს შეგიშუპდათ ის უბანი, მაგალითად ტუჩი, მიმართეთ პლასტიკურ ქირურს, ან დერმატოლოგს, უთხარით, რომ გაიკეთეთ ვაქცინა და გამოვლინდა შეშუპება. ინიშნება ანტიფისტამინი ან სტეროიდული მკურნალობა.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სახის ფილერების მოგვიანებითი რეაქციის ანალოგიური პრეცენდენტები ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინის შემთხვევაშიც გამოვლენილა. ამიტომ რაიმე აღსაშფოთებელი და საშიში, აქ არაფერია.






















