
მსოფლიო ამ ვირუსის პატარა მიკრობმა დაამდაბლა, – ამის შესახებ WHO-ს დირექორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 73-ე ასამბლეაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„თუ რამ გვასწავლა ამ ვირუსმა, ეს თავმდაბლობაა. 6 თვის წინ სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ის, რაც დღეს ხდება – მსოფლიოს უდიდესი ქალაქები დაეცემოდნენ, რესტორნები, მაღაზიები, სკოლები, სამუშაო ადგილები დაიკეტებოდა. ავიამიმოსვლა შეჩერდებოდა. უბრალოდ ხელის ჩამორთმევა სიცოცხლისთვის საშიში გახდებოდა“,- თქვა გებრეისუსმა.
მან მთავრობებს მოუწოდა ვირუსს პატივისცემითა და დიდი ყურადღებით მოეპყრონ.
„ციფრებს არ შეუძლია ვირუსის სრული ისტორია მოგვიყვეს. თითოეული ადამიანის გარდაცვალება ოჯახისთვის, სახელმწიფოსთვისა და საზოგადოებისთვის უდიდესი ტრავმაა“,- განაცხადა WHO-ს დირექტორმა.






















