
ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია ბოშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების შესახებ ჟურნალისტის, ლეილა კვირიკაშვილის სტატიას აქვეყნებს, სადაც ვაკის პარკში მოსეირნე ადამიანებს მის თხოვნას უზიარებს – არასდროს დაავიწყდეთ გმირების თავგანწირვა.
“თუ ვაკის პარკში სეირნობთ და ასწლოვანი ხეების ჩრდილქვეშ ისვენებთ, იფიქრეთ იმ 15 ქართველზე, რომლებიც 1923 წლის მაისში დახვრიტეს და სწორედ ვაკის პარკში გაუთხარეს სამარე ბოლშევიკებმა. 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის მერე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების და სამხედრო გენერლების უმეტესობა 1921 წლის 17 მარტს, ასი წლის წინათ, ბათუმიდან გემით ემიგრაციაში წავიდნენ.
გარკვეული ნაწილი კი საქართველოში დარჩა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუყარეს საფუძველი. ერთ-ერთი იყო ილია ჭავჭავაძის დის – ნინო ჭავჭავაძის შვილი კონსტანტინე აფხაზი (1867-1923), რომელიც 1922-23 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს და სამხედრო ცენტრს.
კონსტანტინე (კოტე) აფხაზმა ცოლი- ელენე იოსელიანი (1870-1942, დაკრძალულია პარიზში- Cimetière Russe de Sainte Geneviève des Bois) და შვილი ნიკოლოზი (1900-1988) საფრანგეთში გაამგზავრა, თავად ოკუპანტებისგან საქართველოს გათავისუფლებისათვის იბრძოდა სხვებთან ერთად.
1923 წლის თებერვალში, საბჭოთა ჩეკისტებმა გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გამოკეტეს. 21 მაისს სატვირთო ავტომობილით დღევანდელ ვაკის პარკში გადაიყვანეს და იქვე დახვრიტეს….
ვაკის პარკში გათხრილ სამარეებში ჩაყარეს დახვრეტილი ქართველი გმირები:
როტმისტრი – სიმონ ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1896-1923),
პოლკოვნიკი-როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი (1888-1923),
პოლკოვნიკი-გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი (1892-1923),
გენერალი- ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი (1872-1923),
გენერალი -ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე (1866-1923),
ოფიცერი- მიხეილ ნიკოლოზის ძე ზანდუკელი (1894-1923),
როტმისტრი- ფარნაოზ ლევანის ძე ყარალაშვილი (1899-1923),
იასონ მათეს ძე კერესელიძე (1891-1923),
ოფიცერი-ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე (1883-1923),
იასონ იაგორის ძე ჭიაბრიშვილი (1881-1923),
პოლკოვნიკი- ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი (1891-1923),
მაიორი-დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი (1894-1923),
ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი (1897-1923),
პოლკოვნიკი-ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი (1872-1923).
თუ ვაკის პარკში სეირნობთ ბავშვებთან ერთად და ასწლოვანი ხეების ჩრდილქვეშ ისვენებთ, გაიხსენეთ ის 15 ქართველი, უამბეთ ბავშვებსაც ქართველი გმირების შესახებ, რომლებიც 1923 წლის მაისში დახვრიტეს და სწორედ ვაკის პარკში გაუთხარეს სამარე ბოლშევიკებმა.
შალვა ამირეჯიბმა (1887-1943, დაკრძალულია პარიზში, Cimetière parisien de Saint-Ouen) ლექსი მიუძღვნა კონსტანტინე აფხაზს, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდება:
„არ ითაკილებს ჩვენი დრო, რომ გაგხადეს ლეში,
ჩვენ მწუხარ გულებს შენი ფიქრი მაინც უნათებს,
და რომ სახელი დიდი გქონია შენ სიცოცხლეში,
ეხლა შენ ამას ვეღარავინ დაგამუნათებს!“ – აღნიშნულია სტატიაში.






















