13:51 | 2020-07-10 ავტორი: მარი ჯაფარიძე

თუ ვერ მოვახერხებ შვილის ორმოცზე დასწრებას, თავს მოვიკლავ! – სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი სუიციდით იმუქრება

თუ ვერ მოვახერხებ შვილის ორმოცზე დასწრებას, თავს მოვიკლავ! – სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი სუიციდით იმუქრება

მარინა ტალახაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში ცხოვრობს. 1 თვის წინ, როდესაც თავად ემიგრაციაში იყო, 33 წლის შვილი გარდაეცვალა.

 

გიორგი მოულოდნელად ცუდად გახდა და 9 დღე რეანიმაციაში იყო, თუმცა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და როგორც დედას უთხრეს, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო. 

 

ქალბატონმა მარინამ შვილი შორიდან დაიტირა და დაკრძალვაზე ვერ ჩამოვიდა, რადგან იტალიიდან ფრენები არ ხორციელდებოდა.

 

მან მაშინ მიმართა საელჩოსაც, მაგრამ განადგურებულმა დედამ ვერაფერი გააწყო და ბედს შეეგუა.

 

მალე გიორგის გარდაცვალებიდან 40 დღე გავა და ქალბატონმა მარინამ ნათესავებისა და ახლობლების დახმარებით ჩარტერულ რეისზე ბილეთი შეიძინა.

 

როგორც მარინა ტალახაძემ პრაიმტაიმთან ინტერვიუში თქვა, მან აეროპორტშივე მოითხოვა, სწრაფი ტესტი ჩაეტარებინათ, რაშიც ფულს იხდიდა, მაგრამ აეროპორტის შესაბამისი სამსახურისგან უარი მიიღო, დანარჩენ მგზავრებთან ერთად ჩასვეს ავტობუსში და კარანტინში გადაიყვანეს.

 

– ბაკურიანში მივყავდი, ეს გაუბედურებული ქალი. შვილი მომიკვდა და რა მებაკურიანებოდა? ორმოცზე მაინც დავიტირო ჩემი შვილი და დედის ცრემლებით დავასველო მის გულზე დაყრილი მიწა.

 

იცით, რა კარგი შვილი მყავდა? იცით, რა ვაჟკაცი იყო? მშრომელი და პატიოსანი. ყველას უყვარდა.

 

ჩემი გიორგის გარდაცვალების შემდეგ მის ცოლს გულისრევები დაეწყო და აღმოჩნდა, რომ ორსულად ყოფილა მესამე ბავშვზე. ისე წავიდა ჩემი შვილი იმქვეყნად, რომ არც კი იცოდა, მისი მესამე შვილი დაიბადებოდა.

 

მთასავით ბიჭი მომიკვდა და მე აქ ვარ, საქართველოში და შვილის საფლავზე ვერ მივსულვარ – გამოკეტილი ვარ თბილისის სასტუმროში.

 

ექსპერტიზა: შაქარაშვილს აღენიშნება მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები
2020-07-10ექსპერტიზა: შაქარაშვილს აღენიშნება მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები

 

ქალბატონ მარინასთან წინადღეს ვცდილობდით დაკავშირებას, მაგრამ ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. აღმოჩნდა, რომ როცა ჩვენ მასთან ინტერვიუს ჩაწერას ვცდილობდით, ის ფანჯრიდან გადახტომასა და თვითმკვლელობას აპირებდა. სასტუმროს პერსონალმა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და შვილმკვდარი დედა დაამშვიდეს. დაპირდნენ, რომ სწრაფ ტესტს ჩაუტარებენ და თუ ვირუსი არ დაფიქსირდება, შინ გაუშვებენ.

– დამპირდნენ, რომ სწრაფ ტესტს ჩამიტარებენ, მაგრამ აგერ, შუადღეა და ჯერ არავინ მოსულა, ყველა წუთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, გაძლება უნდა ყველა წუთს და რა გავაკეთო, არც კი ვიცი.

დამეხმარეთ, გთხოვთ, გამიშვით ჩემი შვილის საფლავზე. თუ ვერ მოვახერხებ შვილის ორმოცზე დასწრებას, თავს მოვიკლავ.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X