
ნამდვილად არ გახლავთ ჩვენი პოზიცია, რომ მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდეს, – ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.
„მინდა მოვისმინო მათი პოზიცია იმ ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით რაც სასამართლო პროცესებზე იყო გაჟღერებული. მით უფრო რომ მათი პოზიცია, რამდენადაც ჩვენ მოვისმინეთ, გახლავთ ის, რომ თურმე, მიხეილ კალანდია დღევანდელი სასამართლო პროცესიდან უნდა განთავისუფლდეს. ეს მათი პოზიცია გახლავთ. მე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს თუნდაც მიხეილ კალანდიას ქმედებებთან დაკავშირებით და ნამდვილად არ გახლავთ ჩვენი პოზიცია, რომ ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდეს. მოვისმენთ და შემდეგ მივცემთ შეფასებას“,- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
მთელი ამ პროცესების განმავლობაში ვიღებთ ისეთ სურათს, როდესაც დაზარალებულ მხარეზე, ზაზა სარალიძეზე უბინძურესი ცილისწამებები მიმდინარეობს.
როგორც სარალიძის ადვოკატი ამბობს, ზაზა სარალიძე მხოლოდ განაჩენის გამოცხადების პროცესს დაესწრება.
„ზაზა სარალიძე მხოლოდ განაჩენის გამოცხადებას დაესწრება, სხვა პროცესებს, მან უკვე გააკეთა ამასთან დაკავშირებით განმარტება, არ დაესწრება. თუნდაც იმიტომ, რომ ეს მათი მოთხოვნა იყო და შემდეგ არავინ თქვას, რომ ჩვენი მხარე რაიმე ზეწოლას ახორციელებდა მათზე. უფრო მეტიც, მთელი ამ პროცესების განმავლობაში ვიღებთ ისეთ სურათს, როდესაც დაზარალებულ მხარეზე, ზაზა სარალიძეზე უბინძურესი ცილისწამებები მიმდინარეობს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმე კიდევ გააკეთებს იმგვარ კომენტარს, რომ რაიმე გარკვეული თანხა აქვს მიღებული თავისი შვილის გაყიდვაში, მას მოუწევს ამ სიტყვების დადასტურება. აუცილებლად მოვა დრო როდესაც მას ამ სიტყვებზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს“,- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიას განცხადებით, ეჭვი აქვს, რომ ზაზა სარალიძემ ბევრი ფული აიღო.
როგორც ჟურნალისტებს თენგიზ კალანდიამ განუცხადა, სარალიძემ ფული ჯერ „ნაციონალური მოძრაობისგან“ აიღო, შემდეგ „ევროპული საქართველოსგან“ და მერე მთავრობამ გადაიბირა.
„სარალიძემ გაინაღდა ჩემი შვილის დაჭერა, ეჭვი მაქვს, რომ ბევრი ფული აქვს აღებული, ჯერ „ნაცებისგან“, მერე „ევროპული საქართველოსგან“, იმიტომ, რომ ჯერ მთავრობის წინააღმდეგი იყო, მერე მთავრობამ გადაიბირა, დიდი ფული მისცეს ალბათ, ახლა მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს“,- განაცხადა თენგიზ კალანდიამ.






















