
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ნიკა რევაზიშვილმა კურიერს კიდევ ერთი წერილი გამოუგზავნა. ამჯერად რევაზიშვილი ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს აძლევენ. წერილს „რუსთავი2“ ასაჯაროებს.
როგორც ტელეკომპანიის ინფორმაციით ირკვევა, საზოგადოებისთვის გამოგზავნილ წერილში ბრალდებული ნიკა რევაზიშვილი კობა ჩიტიძის შესახებ წერს.
წერილში “ტოიოტა ქამრის” მგზავრი ამტკიცებს, რომ მისი თანამესაკნე იტყუება.
რევაზიშვილის წერილით შეიტყო მისმა ოჯახმაც თანამესაკნის ჩვენების შესახებაც, რადგან მათ საქმის მასალებთან წვდომა გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე არ აქვთ.
ბრალდებულის ძმა ამბობს, რომ საკანში სულ სამი პატიმარია, კობა ჩიტიძის შესახებ კი ბრალდებული რევაზიშვილი ადვოკატებს უყვებოდა და ეუბნებოდა, რომ მასთან ერთად საეჭვო პირი იმყოფებოდა, რომელიც ბევრ კითხვას სვამდა.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა მიიჩნევს, რომ ნიკა რევაზიშვილი და მისი ოჯახი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მას შემდეგ გააქტიურდნენ რაც პროკურატურამ მკვლელობის ნაწილში ახალი შუალედური დასკვნა დადო და განმარტა, რომ რევაზიშვილი გაგნიძესთან ერთად ფეხბურთელს გზის საპირისპირო მხრიდან დახვდა.























