
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას ქვეყანაში კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებზე საუბრობს. განცხადება ამის შესახებ გახარიამ ახლადაფუძნებული პარტიის პრეზენტაციაზე გააკეთა.
სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც ნეპოტიზმში თავად გახარიას გუნდის წევრებს ადანაშაულებს. ამის მაგალითად გადაცემა „იმედის ფაქტორში“ გაიჟღერა ძმები ხოჯევანიშვილების გვარმა, რომელთა ოჯახის წევრები სხვადასხვა უწყებაში არიან დასაქმებულნი.
„იმედის“ ინფორმაციით, გახარიას უახლოესი გარემოცვის წევრი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ექს-პრემიერის ცოლის ძმის მეგობარია. შს მინისტრობის დროს გიორგი გახარიამ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნა, შემდეგ კი მისივე ძალისხმევით, სუსის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი გახარიამ ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშნა, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში შეიყვანა და ამჟამად დეპუტატის მანდატს ფლობს.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ცოლის და, გვანცა იორდანიშვილი დასაქმებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კიდევ ერთი ცოლის და, ნათია იორდანიშვილი დასაქმდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილის მესამე ცოლის და, თამარ იორდანიშვილი დასაქმებული საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ქვისლი ნიკა გელაშვილი (გვანცა იორდანიშვილის მეუღლე) გიორგი გახარიას შს მინისტრად დანიშვნისთანავე დაინიშნა 112-ის დირექტორად.
გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლე, ნათია ჯვახი დასაქმდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.
გიორგი ხოჯევანიშვილის ცოლის და, თამარ ჯავახი დასაქმდა 112-ში, რომლის დირექტორი მისივე ახლო ნათესავი ნიკა გელაშვილის გახლდათ. ამჟამად გელაშვილი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
გიორგი ხოჯევანიშვილის ქვისლი ალექსანდრე სანდოძე (თამარ ჯავახის მეუღლე) დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.
„იმედის ფაქტორში“ ასევე საუბარია ძმები ხოჯევანიშვილების იმ მეგობრების და მეზობლების შესახებ, რომლებიც შიდა ქართლში სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ.
რეპორტაჟში ასევე საუბარია შს მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა საბანაძის შესახებ. „იმედის“ ინფორმაციით, საბანაძის მეუღლე, ცოლის და, ასევე სხვა ნათესავები და ახლობლები სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშნეს.
წყარო: „იმედის ფაქტორი“






















