
„დოჩანაშვილი ინგლისურ ან ესპანურენოვანი მწერალი რომ ყოფილიყო, „ნობელი“ არ აცდებოდა. თვით გენიოსს „კათარზისიდან“ არ მოუწევდა ცოლ-შვილისთვის სადილის ნარჩენების ზიდვა და დღეს მთელი მსოფლიოს საინფორმაციოები მისი გარდაცვალების სამწუხარო ამბით დაიწყებოდა. იმედია მთაწმინდაზე დარჩენილია მისი ადგილი“ – ამის შესახებ სოცილაურ ქსელში ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია წერს.
„ერთს ვიტყვი. გურამ დოჩანაშვილი ინგლისურ ან ესპანურენოვანი მწერალი რომ ყოფილიყო, „ნობელი“ არ აცდებოდა.
სადმე, სამხრეთ ამერიკაში რომ დაბადებულიყო, ესპანურად დაწერილი „სამოსელი პირველი“, იგივე პერსონაჟებით, „მარტოობის ას წელიწადთან“ ერთად ითარგმნებოდა მსოფლიოს ყველა ენაზე, „ვატერპოლოო„ სახელმძღვანელოებში შევიდოდა, კეჟერაძეებს კი მთელი მსოფლიო იმ ქვეყნის მოსახლეობასთან გააიგივებდა, რომელსაც მწერლის თავის წიაღში შობის პატივი ერგებოდა წილად.
თვით გენიოსს „კათარზისიდან“ არ მოუწევდა ცოლ-შვილისთვის სადილის ნარჩენების ზიდვა და დღეს მთელი მსოფლიოს საინფორმაციოები მისი გარდაცვალების სამწუხარო ამბით დაიწყებოდა. იმედია მთაწმინდაზე დარჩენილია მისი ადგილი“, – წერს თეა გვასალია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილი დღეს 82 წლის ასაკში „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, გურამ დოჩანაშვილის ერთი თვის წინ გაცივდა. მას შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ფილტვების პრობლემით კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.























