20:23 | 2020-05-12 ავტორი: Prime Time

თვითნასწავლი მხატვარი გოგონა, რომელიც ფიროსმანის ნახატების ასლებს ხატავს

თვითნასწავლი მხატვარი გოგონა, რომელიც ფიროსმანის ნახატების ასლებს ხატავს

10 წლის ბელა ლობჟანიძემ ბავშვობის მეგობრის დღიურში ჩაწერა: „მინდა გამოჩენილი მხატვარი გავხდე“

 

მთავარი ოცნებას კი ახლა „პრაიმტაიმთან“ ამხელს: „მინდა სამხატვრო აკადემიაში ვისწავლო“.

 

როცა მეგობრის დღიურში ჩანაწერს აკეთებდა, ბელამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ 21 წლის ასაკში, მხატვრის ფუნჯს აიღებდა და გენიალური თანასოფლელის, ფიროსმანის „მებადურის“ ზუსტ ასლს დახატავდა.

 

მანამდე კი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ფიროსმანის სახლთან ახლოს გატარებული ბავშვობაა, როცა გოგონა კვირაში რამდენჯერმე, დიდი მხატვრის ნახატების სანახავად დადიოდა და როგორც თვითონ ამბობს, საოცარ ფერებს თვალს არ აცილებდა.

 

ფიროსმანის მუზეუმთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ. კვირაში რამდენჯერმე ვნახულობდი მის ნახატებს და თვალმოუცილებლად ვაკვირდებოდი. ეს იყო ჩემი თავისუფლება და ჰაერი- ყვება ბელა.

 

ფიროსმანზე ასე შეყვარებულ გოგონას სამხატვრო სკოლაში არ უვლია, მისთვის არც ხატვის ტექნიკა და ფერების შეზავება უსწავლებია ვინმეს.

 

წლების შემდეგ, პალიტრასა და მოლბერტს, ბელამ ხელი თვითონ მოკიდა და ხატვა დაიწყო. ნახატებით ჩემს ფიქრებსა და ოცნებებს გადმოვცემ. ფიროსმანი კი სულ ჩემთან არის.

 

იყო პერიოდი, როცა მისმა ხატებამ, თითქოს გადადებული ფუნჯი ხელახლა ამაღებინა ხელში – ამბობს ახალგაზრდა მხატვარი.

 

ბელას ნახატები სხვადასხვა შინაარსისაა, მაგრამ გენიალური თანასოფლელის სიყვარულმა, თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედებას, სხვა აღმაფრენა მისცა და გოგონამ ფიროსმანის ნახატების ზუსტი ასლები, საკუთარ ჭიშკარზე დახატა.

თვითნასწავლი მხატვარი გოგონა, რომელიც ფიროსმანის ნახატების ასლებს ხატავს

„უცნაურია, მაგრამ ფიროსმანის ნახატების ზუსტი გადაწერა შემიძლია.

 

ეზოს ჭიშკარზე მისი „მებადური“, „აქტრისა მარგარიტა“, „ირემი” და კიდევ რამდენიმე ნახატი გადავიტანე.

 

მირზაანში ჩამოსული ტურისტები აღფრთოვანებულები ათვალიერებდნენ.

 

მთელი სოფელი მეხვეწება, ყველა ჭიშკარი მოვხატო“ – გვეუბნება ბელა.

თვითნასწავლი მხატვარი გოგონა, რომელიც ფიროსმანის ნახატების ასლებს ხატავს

 

რაც ხატვა დაიწყო, საკუთარი ნახატებით რამდენიმე გამოფენაშიც მონაწილეობდა.

 

იყო წინადადებები ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან, მაგრამ ჯერ სამხატვრო აკადემიაში სწავლაზე ოცნებობს.

 

„სამხატვრო აკადემიაში მოხვედრა ჩემი ოცნებაა, თუმცა რამდენჯემე მირჩიეს, არ გინდა, შენს ხელწერას დაკარგავო.

 

მე მაინც მგონია, რომ პროფესიული სრულყოფისათვის, ეს გზა საუკეთესოა. ვოცნებობ, რომ ოდესმე მოვხვდები“, – ამბობს მხატვარი.

თვითნასწავლი მხატვარი გოგონა, რომელიც ფიროსმანის ნახატების ასლებს ხატავს

 

ბელას სოფელში საკუთარი სამხატვრო სკოლა აქვს და ხატვით გატაცებულ ბავშვებს ამეცადინებს.

 

საკუთარ სახლში, თვითნასწავლი მხატვარი კაფე-გალერეას მოწყობასაც გეგმავს, სადაც დიდი ფიროსმანის სოფელსა და საკუთარ შემოქმედებას, ტურისტებს გააცნობს.

 

ბავშვობის ოცნება თითქმის შესრულებულია. სახლის ჭიშკარს კი, რომელზეც ფიროსმანის ნახატებია, ყველა აღფრთოვანებით ათვალიერებს.

 

ახლა მთავარი ოცნებაა სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდეს, რამაც თვითნასწავლი მხატვრის სულში, ბავშვობისა და ახალგაზრდობის ოცნებას ერთად უნდა შეასხას ფრთები.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ავტორი: Prime Time

X