
2 წლის ანდრიას დედასთან, რომელმაც ახალი კორონავირუსი დაამარცხა, ინტერვიუ „პრაიმტაიმმა“ ჩაწერა.
– როგორ მოხდა ბავშის დაინფიცირება?
– მე თვითონ ვიყავი უსიმპტომოდ ინფიცირებული. ჩემგან გადაედო პატარას.
– თქვენ როგორ შეიტყვეთ, რომ ინფიცირებული იყავით (რადგან უსიმტომოდ მიმდინარეობდა)?
– პირველი სიმპტომი გამომივლინდა საეჭვო კონტაქტიდან მე-6 დღეს – შემცივნება, 37,5 ტემპერატურა. იმ დღესვე გადავედი ცხელების ცენტრში. მე ჯერ კიდევ კოვიდ-ინფიცირებული ვარ. მაგრამ ეს საოცარი მედპრესონალი ზრუნავს ჩემს ჯანმრთელობაზე.
– ბავშვს როდის დაეწყო სიმპტომების გამოვლენა?
-სანამ მე ცხელების ცენტრში ვიყავი დაყოვნებული ბავშვს ცრუ კრუპი დაემართა (სასუნთქი გზების, საყლაპავის მწვავე შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ხველა და სუნთქვის გაძნელება).
მეუღლემ პირველადი დახმარება აღმოუჩინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე სახლში არ ვიყავი, მეუღლეს ვთხოვე სასწრაფო გამოეძახებინა.
მანაც გამოიძახა სასწრაფო და ბავშვთა ინფექციურში გადაიყვანეს, სადაც PSR ანალიზი აუღეს. შედეგი დადებითი აღმოჩნდა.
– ახლა ბავშვი უკვე სახლშია?
– დიახ.16 დღე გავატარეთ ბოჭორიშვილის კლინიკაში. ჩვენ კარების გაღება და გარეთ გასვა არ შეგვეძლო. თუმცა, პატარა ბიჭმა გმირულად გადაიტანა ეს 16 დღე.
მე-15 დღეს PSR ტესტი მოვიდა უარყოფითი. 24 საათში მოხდა გადამოწმება და პასუხი კვლავ უარყოფითი იყო. ეს რომ გავიგე, ისე მინდოდა ბოლო ხმაზე ყვირილი – ჩემმა ბიჭმა ეს შეძლო!
– თქვენ კვლავ საავადმყოფოში ხართ? რა სიმპტომები აღგენიშნებათ?
– მე კვლავ საავადმყოფოში ვარ. 22-ე დღეა. კლინიკურად ძალიან კარგად ვარ. თუმცა, ვირუსს ჯერ არ უნდა ჩემგან წასვლა.
მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალს, ვინც ანდრიას გამოჯანმრთელებაში ან თუნდაც ერთ გაღიმებაში წვლილი შეიტანა.
ისინი არიან გმირები. თავს არ ზოგავენ ჩვენი გამოჯანმრთელებისთვის.
მხნეობას ვუსურვებ მათ და ამ დიდ ბრძოლაში გამარჯვებას.























