
საქართველოში კორონავირუსის არსებობა ოფიციალურად დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის რეჟიმშია.
ბოლო მონაცემებით, მომაკვდინებელი ვირუსი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 50-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება, მათ შორის ევროპის 11 ქვეყანაში, სადაც ყველაზე მაღალი რისკის ზონად ჩრდილოეთ იტალია მიიჩნევა.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 88 000 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებული, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3000-ს აჭარბებს, აქედან უმეტესობა, ჩინეთშია დაფიქსირებული.
ფატალური შემთხვევები დადასტურებულია: ირანში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ფილიპინებში, ტაივანში, იტალიაში, აშშ-სა და ავსტრალიაში.
ჩინეთის გარეთ დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ კორეაშია.
ვითარება საქართველოში:
29 თებერვალი – ვლინდება კორონავირუსის მესამე შემთხვევა საქართველოში… ინფიცირებულია ირანიდან დაბრუნებული მამაკაცი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან პირდაპირ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
29 თებერვალი – ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად კარანტინის ზონად ცხადდება.
28 თებერვალი – საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა ოფიციალურად დასტურდება. დაინფიცირებულია იტალიიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ახალგაზრდა ქალი. კორონავირუსის დადასტურების გამო „საქართველოს ბანკის“ სანზონის ფილიალი მუშაობას აჩერებს, ვინაიდან იტალიიდან დაბრუნებული ინფიცირებული ამ ბანკის თანამშრომელია.
26 თებერვალი – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ინფიცირებული აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოსული შუახნის ქართველი მამაკაცია.
26 თებერვალი – საქართველომ ირანთან მიმოსვლას ზღუდავს. ხელისუფლება ურჩევს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სხვა ქვეყნებში მოგზაურობისგანაც.
29 იანვარი – საქართველომ ჩინეთთან ავიამომისვლა შეაჩერა
სად ხდება კვლევები კორონავირუსზე და სხვა საშიშ პათოგენებზე – გაიგე უფრო მეტი: რა ვიცით ინფიცირებული პირველი პაციენტების შესახებ?
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების უფრო ზუსტი ქრონოლოგია ასეთია:
8 დეკემბერი – ჩინეთში, სამედიცნო დაწესებულებაში რეგისტრირდება პირველი პაციენტი კორონავირუსის სიმპტომებით.
31 დეკემბერი – ვირუსის ადრეულ შემთხვევებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ადასტურებენ.
1 იანვარი – ქალაქ უხანში მდებარე ზღვის პროდუქტებისა და ველური ბუნების ბაზარი იხურება დეზინფექციის მიზნით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული სავაჭრო ობიექტი ეპიდემიის წყაროს წარმოადგენს.
7 იანვარი – ჩინელი მეცნიერები ასახელებენ პათოგენს, როგორც კორონავირუსის ახალი შტამი.
9 იანვარი – ფიქსირდება გარდაცვალების პირველი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან.
23 იანვარი – უხანი კარანტინის ზონად ცხადდება. ქალაქში და მის გარეთ მოძრაობა იზღუდება. ჯამში, უხანსა და მეზობელ ქალაქებში 60 მილიონამდე ადამიანის იზოლირება ხდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განცხდებით, ვირუსი ჯერ კიდევ არ გახლავთ საერთაშორისო შეშფოთების საგანი.
28 იანვარი – დაღუპულთა რიცხვი 100-ს აღწევს. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მთელს ჩინეთში აჭარბებს იმ მაჩვენებელს, რომელიც 2002-2003 წლებში მომაკვდინებელ SARS-ს ვირუსის დროს დაფიქსირდა.
30 იანვარი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე აცხადებს გლობალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას.
2 თებერვალი – ჩინეთის გარეთ, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფიქსირდება. ფილიპინების ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში 44 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო.
დღეის მდგომარეობით კორონავირუსი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ფიქსირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიური მზადყოფნა გამოაცხადა.






















