
ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში უჩვეულო ფაქტი მოხდა. მამლების ბრძოლა, რომელიც უკანონოდ ითვლება, ადამიანის სიკვდილით დასრულდა.
როგორც უცხოური გამოცემა წერს, მამლების ბრძოლამ 45 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელიც ფრინველის მეპატრონე იყო.
გავრცელებული წესის მიხედვით, მეპატრონემ, სატიშმა, მამლების ბრძოლის დაწყების წინ ფრინველს ფეხზე დანა გაუკეთა. ბრძოლის დროს მამალი ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა მეპატრონეს მისი დაჭერა უნდოდა.
სწორედ ამ დროს, შემთხვევით დანა, რომელიც მამალს ფეხზე ჰქონდა მიბმული, პატრონს საზარდულში მოხვდა და მძიმედ დაშავდა. ინციდენტის შემდეგ სატიში ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ბევრი სისხლის დაკარგვის გამო 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ინციდენტის შემდეგ ფრინველი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ფრინველს სასამართლოში მტკიცებულების სახით გამოიყენებენ.
პოლიციის ოფიცრის თქმით, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მამლების ბრძოლის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.























