13:02 | 2021-03-31 ავტორი: Prime Time

უდიდესი დანაკლისი! – ხელისუფლების სამძიმარი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებაზე

უდიდესი დანაკლისი! – ხელისუფლების სამძიმარი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებაზე

81 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა.

 

ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

ერქომაიშვილის სამძიმრის განცხადებებს მთავრობის წარმომადგენლები ავრცელებენ:

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

 

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ფოლკლორისტის, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგისა და საზოგადო მოღვაწის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო.

 

ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხურ მრავალხმიან მუსიკას, ჩვენს ყველაზე ძვირფას საგანძურს და მთელ მსოფლიოს გააცნო ქართული მუსიკისა და გენის სიდიადე. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე. ბატონი ანზორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია, თუმცა, მჯერა, რომ იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, მისი აღზრდილი თაობები ღირსეულად გააგრძელებენ.

 

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილი

 

„დიდია ჩემი მწუხარება. ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ლალის, მთელ ოჯახს და ჩვენ საზოგადოებას, რამეთუ, დიდი თუ პატარა, ყველანი ვაცნობიერებთ თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა დღეს ქართულმა კულტურამ.

 

ჩემთვის პირადად ახალგაზრდობიდან, პარიზის ემიგრაციის წლებიდან, ბატონი ანზორი იყო განსახიერება ქართული სიმღერისა და გალობის, ანუ ქართული სულის. წლები გავიდა და ვამაყობ იმითი, რომ შემიძლია იგი დღეს ვახსენო ჩემ უფროს მეგობრად“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

თბილისის მერის, კახა კალაძის სამძიმარის წერილი 

 

„ვწუხვარ ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ანსამბლ “რუსთავის” დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. დიდია მისი წვლილი ქართული ფოლკლორის განვითარებაში.

 

სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კიდევ ერთი ადამიანი დააკლდა საქართველოს.

 

მთელი გულით ვიზიარებ ბატონი ანზორის ოჯახის, მისი მეგობრების, მთელი საქართველოს მწუხარებას“ – წერს დედაქალაქის მერი.

 

კულტურის სამინისტროს სამძიმარი 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომღერლის, ლოტბარისა და კომპოზიტორის, დიდი ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.

 

ანზორ ერქომაიშვილმა სამუსიკო ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მან მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერები მოიძია და გამოსცა.

 

ანზორ ექრომაიშვილი იყო ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი და მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი გურული ხალხური სიმღერა; მან მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებულ 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა და რესტავრაცია; მოიძია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები, რომელთა  შესრულებითაც  100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ჩაიწერა.

 

ანზორ ერქომაიშვილმა აღმოაჩინა ვანო სარაჯიშვილის ჩანაწერების დედნები, რომელთა მეშვეობითაც (ნ. ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა. მომღერალმა აღადგინა, გამოსცა და მომავალ თაობებს შეუნარჩუნა ვ. სარაჯიშვილის, ა. ინაშვილის, ნ. ქუმსიაშვილის, ა. კავსაძის, ვ. სიმონიშვილის, ა. მეგრელიძის, ნ. ხურციას, კ. პაჭკორიას, მ. თარხნიშვილის, ა. ერქომაიშვილის, ვ. მჭედლიშვილისა და სხვა ცნობილ მომღერალთა ხელოვნება; იყო ავტორი წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“ და „შავი შაშვი ჩიოდა“.

 

ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისათვის. პატივს მივაგებთ მის ღვაწლსა და ხსოვნას.

 

ავტორი: Prime Time

X