
უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი, – ამის შესახებ ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა.
უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს როგორც დღევანდელ დღეს.
უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი.
უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ რომ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო.
ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ვმადლობთ ყველაფრისათვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს.
უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს“, – განაცხადა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება.
წირვა ილია მეორემ აღავლინა.
ამ თემაზე: 12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა






















