
ბათუმის ტრაგედიის დღეს, ონლაინ გაკვეთილზე მყოფი, გარდაცვლილი მოსწავლის, დათა შომახიას პედაგოგი ირმა ვადაჭკორია, ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ უმძიმეს დღეს იხსენებს.
„გაკვეთილი დაიწყო 11:00 საათზე, ჩვენ იმ დღეს კლასგარეშე ლიტერატურა გვქონდა და დათა ამ ამბავში ძალიან აქტიურად იყო ჩართული, მაგრამ შემდეგ უკვე პრეზენტაციას ვაკეთებდი და ავარჩიე წიგნი, ანა ფრანკის დღიური და დღეს ვფიქრობდი, რომ დათამაც მისი ბედი გაიზიარა, რადგან ანაც სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი.
11:18 წუთი და 18 წამი – დათას ხმა აღარ ისმოდა. არანაირი ხმაური არ გაგვიგია, ეს იყო მისი ბოლო ჩართვა თიმსში“,- ამბობს მასწავლებელი ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.























