
ფინანსისტი თემურ ბასილია სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცის ეხმაურება.
მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარებას ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების მაჩვენებელს უკავშირდება, რომელიც ბოლო პერიოდში შემცირებულია.
„რატომ მყარდება ლარი ბოლო პერიოდში?
ამ პერიოდში არ მომხდარა რაიმე ცვლილება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რასაც ლარის ასეთი გამყარება უნდა გამოეწვია. პირიქით კი, თუ თურქულ ლირასთან დაკავშირებულ მოვლენებს შევხედავთ.
ჩახედეთ ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების მაჩვენებლებს და პასუხსაც ძირითადად მიიღებთ: თუ მიმდინარე წლის 15 აპრილის მონაცემებით ეროვნულ ბანკს კერძო ბანკებზე 3 მილიარდი ლარი ე.წ. “რეფინანსირების სესხები” ჰქონდა მიცემული, 3 ივნისისთვის მისი ოდენობა 980 მილიონ ლარამდე, ანუ 3-ჯერ შეამცირა.
ამ დროს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები “გვიმტკიცებენ” ფულის მასას არა აქვს გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზეო. უკაცრავად, მაგრამ თაღლითობა ჰქვია ამას.
ეს გახლავთ რეფინანსირების სესხების ოდენობა მიმდინარე წლის 15 აპრილიდან 3 ივნისამდე. (წყარო: ეროვნული ბანკის ვებ გვერდი)
15 აპრილი, 2021 – 3,000,000,000
22 აპრილი, 2021 – 2,750,000,000
29 აპრილი, 2021 – 1,860,000,000
06 მაისი, 2021 – 1,126,000,000
13 მაისი, 2021 – 1,030,000,000
20 მაისი, 2021 – 940,000,000
27 მაისი, 2021 – 910,000,000
03 ივნისი, 2021 – 980,000,000″, – წერს თემურ ბასილია.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა აშშ დოლარსა და ევროსთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გამყარდა.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, ლარის კურსის გამყარება ეკონომიკის აღდგენის დადებითმა მოლოდინებმა გამოიწვია. ასევე თურნავას თქმით, ლარის გამყარებას სავალუტო შემოდინებებიც უწყობს ხელს.
“მე მინდა ავხსნა თუ რა უწყობს ხელს ლარის კურსის სტაბილიზაციას. აქ არის 2 ფაქტორი: ერთი – დადებითი მოლოდინები, მართლაც არის მოლოდინი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე იყო ნავარაუდები. ეს არის ქართული ბიზნესისა და ინვესტორების მოლოდინი და მეორე – ახალი სავალუტო შემოდინება, რაც გაჩნდა უკვე საქართველოში.
ესენია სავალუტო გადარიცხვები, ტურიზმიდან შემოსავლები, რომელიც დღიდან დღემდე იზრდება, ექსპორტი, რომელიც აპრილში 70%-ით გაიზარდა და მთლიანად ეკონომიკა მართლაც არის უპრეცედენტო ისტორიაში, თვიური ზრდა, ანუ აპრილის ზრდა არის 45%, შედარებით წინა წლის აპრილთან, რომელიც მართალია დაბალი იყო , 2019 წელის აპრილთან შედარებით 21%-იანი ზრდაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არათუ გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს, არამედ 2019 წლის მონაცემებს გადავაჭარბებთ და შესაძლებელია, 2-ნიშნა ზრდა გვქონდეს წლის ბოლოს,” – განაცხადა ნათია თურნავამ “დღის კურიერის” ეთერში.
ასევე ნახეთ: თემურ ჭყონია: ლარის გამყარება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ვერ ვხსნით რატომ მყარდება






















