
94 წლის მსახიობი გაბრიელ (გაბო) მდინარაძე, ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე დღეს ისევ თამაშობს კოწია ფოსტალიონის როლს.
როცა სპექტაკლი არა აქვს, ოზურგეთიდან მშობლიურ სოფელ ვაკიჯვარში მიდის და ძირითად დროს იქ ატარებს, თავისი უზარმაზარი ეზოსა და ბაღ-ბოსტნის მოვლაში, სადაც ჯერ კიდევ დგას მისი წინაპრების ხის სახლი.
გაბრიელის თქმით, პირადი ცხოვრებით ბუნებამ დაჩაგრა, მაგრამ სამაგიეროდ, თეატრმა იმის საშუალება და ძალა მისცა, რომ შეჰგუებოდა ამ ტრაგედიას. „პრაიმტაიმი“ მსახიობს მშობლიურ ოზურგეთში დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
ჯერჯერობით ფიზიკურად კარგად ვარ და აქედან გამომდინარე, თეატრში მუშაობას ისევ ვაგრძელებ. თბილისის თეტრალური ინსტიტუტი გასული საუკუნის 1954 წელს დავამთავრე. ჩემი ჯგუფელები ცნობილი მსახიობები – ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლია ელიავა, ნოდარ მგალობლიშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი, მალხაზ მებურიშვილი და სხვები იყვნენ.
საოცარი პედაგოგები გვასწავლიდნენ – დიმიტრი ალექსიძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ლილი იოსელიანი და სხვები. მეტყველებას, უმაღლესი რანგის პედაგოგები მალიკო მრევლიშვილი და ბაბულია ნიკოლაიშვილი. ღამეებს ვათენებდით, იმდენს ვმეცადინეობდით.
სტუდენტობის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო, ბევრი კარგი მოგონება მაქვს, რომელი ერთი გავიხსენო? იყო ასეთი შემთხვევა, იღლია გამისივდა და ძალიან მტკიოდა, მაგრამ ლექციებზე მაინც დავდიოდი. მწარედ მახსოვს, ვიღაცა უკნიდან მომეპარა, ხელი მომკიდა და მკლავი მთელი ძალით ჩამომქაჩა.
საოცარი ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ მოხდა სასწაული, გასკდა ფურუნკული და შვება ვიგრძენი. მოვიხედე და ოთარ მეღვინეთუხუცესი შემრჩა. საშინელი ტკივილი განვიცადე, მაგრამ ტკბილად დამამახსოვრდა.
– 67 წელი სცენაზე, ეს ხომ ნახევარ საუკუნეზე მეტია…
თეატრში ჩემი წლოვანების აღარავინ დარჩა, 94 წლის გავხდი უკვე და სცენაზე ამ ასაკის ერთადერთი ადამიანი ვარ. მართალია, შტატში აღარ ვარ, მაგრამ როცა საჭირო ვარ, მაშინვე თეატრში მივდივარ. ამჟამად, სპექტაკლში „ფოსტალიონი“, კოსტიას როლზე ვარ დაკავებული.

ნოდარ დუმბაძის თითქმის ყველა ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ვმონაწილეობდი – ილიკო ჩიგოგიძე („მე ბებია, ილიკო და ილარიონი“); კოწია ფოსტალიონი („მე ვხედავ მზეს“); ტიგრან გულოიანი („თეთრი ბაირაღები“).
კინოფილმში – „ძაღლი“ (რეჟისორი ლეილა გორდელაძე), ერთ-ერთი მთავარი როლი მაქვს შესრულებული (კირილე მამალაძე), ასევე „ბერიკაცები“ – კოლმეურნეობის ბუღალტერი (რეჟ. ალეკო ნინუა), „ყვითელი შუქი“ – შალიკო (რეჟ. ანა თუმანიანი), „ოჩომბავა“ – გრიშა (რეჟ. ზ. ჯორბენაძე).
„მოს.ფილმი“ იღებდა ფილმს, სადაც მიმიწვიეს და მთავარ როლზე. დამატკიცეს, მაგრამ ცუდი პერიოდი დაემთხვა, 90-იანი წლები იყო და პოლიტიკური არეულობების გამო ჩაიშაალა გადაღებები. თუ რომელიმე რეჟისორს ისევ ექნება სურვილი ჩემი გადაღების, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.
– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ თქვენი ოცნება იყო, ბებიის როლი შეგესრულებინათ, სავარაუდოდ, ნ. დუმბაძის „ბებიას“ („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) გულისხმობთ…
ეს ჩემი უდიდესი ოცნება იყო, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ხიდნ ჩამოვვარდი და ვეღარ შევძელი, არადა, მინდოდა გავჯიბრებოდი სესილია თაყაიშვილს! ძალიან უცნაური სურვილი იყო, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, კარგად ვითამაშებდი. გული მწყდება, რომ ვერ ავისრულე.

– იქნებ აისრულოთ კიდეც…
– არა, ვეღარ შევძლებ. ფიზიკურად არ ვარ კარგად, ჯოხით დავდივარ.
– დუმბაძის „ბებიაც“ ჯოხით დადის…
– კი, მაგრამ ეს იმხელა დატვირთვაა, ჯანმრთელ კაცს გაუჭირდება ამ როლის თამაში. პატარ-პატრა როლებს შევძლებ, მაგრამ ასეთ რთულ სახეებს ვეღარ შევქმნი. ზოგჯერ ჩემთვის ვერთობი ხოლმე და რაღაც როლებს ვასახიერებ. ძირითადად მაშინ, როცა დასაწოლად ვემზადები.
ვკითხულობ ლექსებს, ზოგჯერ როლებს ვიხსენებ. ვაჟა-ფშაველას ყველა პოემა ზეპირად ვიცოდი. ახლაც რომ მოვინდომო, გავიხსენებ.
– თქვენს ოჯახზე მოგვიყევით…
მყავდა უკრაინელი მეუღლე, რომელიც 2001 წელს, 73 წლისა გარდაიცვალა.

ასევე დაიღუპა ჩემი 42 წლის ვაჟიც. პირადი ცხოვრებით ბუნებამ დამჩაგრა, მაგრამ სამაგიეროდ, თეატრმა იმის საშუალება და ძალა მომცა, რომ შევგუებოდი ამ ტრაგედიას.

ერთადერთი ქალიშვილი დამრჩა – თამარი, რომელიც ასევე, ოზურგეთის თეატრის მსახიობია, მამის კვალს გაჰყვა. ამჟამად უკვე 60 წლის არის.

ახალგაზრდობაში მოსკოვში სწავლობდა მუსიკალურ სასწავლებელში, ფორტეპიანოს განხრით. კარგად მღერის, უკრავს და ცეკვავს, ჩემზე გაცილებით უკეთესი მსახიობია.

ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ მე სოფელი მაქვს და ძირითადად, იქ ვატარებ დიდ დროს. ჩემ მეუღლეს პარკინსონის დაავადება ჰქონდა და ჩემმა ქალიშვილმა მთელი ახაგალგაზრდობა მის მოვლას შესწირა.
– სად გაიცანით მეუღლე?
სტუმტრად იყო ჩამოსული ბიძაშილთან, რომელიც ოზურგეთში იყო გათხოვილი. გაცნობის დღიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი. ძალიან ლამაზი გოგო იყო, ბრწყინვალე ადამიანი. ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და ბოლოს დაქორწინება გადავწყვიტეთ. ქალ-ვაჟი შეგვეძინა და ვხარობდით.

მაგრამ როგორც უფალს უნდოდა, ისე მოხდა ყველაფერი. ცოტა ბედის უკმაყოფილო ვარ, საყვარელი ხალხი მომაშორა, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ დღეს და აღარ არიან.
– თეატრში მოღვაწეობას ისევ გააგრძელებთ?
აბა სად უნდა წავიდე! ზოგჯერ სოფელში ავდივარ, სადაც ბოსტანი მაქვს და ფიზიკურადაც ვშრომობ, მერე ქალაქში ჩამივდივარ და ჩემ თეატრში ვმუშაობ.

– პირველი ადამიანი ბრძანდებით, ვინც უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა…
დიახ, 2018 წელს დამაჯილდოვეს, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ბ-მა გიორგი გეგეჭკორმა, ამავე წელს ხელოვნების ქურუმის წოდებაც მომენიჭა, რომელიც კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გადმომცა.

პირველი პრემია ილიკო ჩიგოგიძის როლის შესრულებისათვის მივიღე, ხოლო 1986 წელს სახალხო არტისტის საპატიო წოდება მომენიჭა. სულ 200 -ზე მეტი როლი მაქვს შესრულებული.
2012 წელს, ოზურგეთის თეატრმა ვარსკვლავიც კი გამიხსნა, წელს კი აკაკი ხორავას სახელობის პრემია სენაკის თეატრის გახსნაზე გადმომცეს.

– რა გავლენა მოახდინა პანდემიამ თქვენ ცხოვრებაზე?
– უკვე აღარ მიხარია ქალაქში გასვლა. მთელი დღე რომ ვიარო, შეიძლება, ორი-სამი ნაცნობი შემხვდეს. ჩემი ასაკის არც მეგობარი და აღარც მაყურებელი დამრჩა. სოფლიდან რომ ჩამოვდივარ, ძირითადად, ტელევიზორითა და პრესით ვერთობი. მალე ისევ სოფელში ვბრუნდები, რადგან იქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს.
– ერთი კარგი გურული ანეგდოტი…
– თქვენ წარმოიდგინეთ, არასდროს მომიყოლია ანეგდოტი, მაგასაც თავისი შნო უნდა, ვერც ვიმახსოვრებ! მომეწონება და მეორე დღეს აღარ მახსოვს!
– რით არის გამორჩეული გურია…
პირველ რიგში გურული ფოლკლორით, როცა გასული საუკუნის ამერიკელმა კომპოზიტორმა, იგორ სტრავინსკიმ (რუსული წარმომავლობის კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი) გურული ფოლკლორი მოისმინა, გაგიჟდა კაცი, რომ გაიგო ხალხურიაო, განაცხადა – ეს 21-ე საუკუნის აღმოჩენა იქნებაო!
ოზურგეთშიც იყო ჩამოსული, ამბობდა, ასეთი რამე თუ არსებობდა, ვერ წარმომედგინაო.
– თეტრალური ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, ვის გამოარჩევდით ახალგაზრდა მსახიობებიდან?
სამწუაროდ, ვერ ვედავ ისეთ სახეებს, როგორებიც იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, აკაკი ვასაძე, გიორგი შავგულიძე, აკაკი ხორავა და მრავალი სხვა. ასეთი ნიჭის ადამიანები, დედამიწაზე თითო-ოროლა თუ იქნებოდა, რომ წარუშლელი კვალი დაეტოვებინა.
თუნდაც ახლო წარსულის, ისეთი ბუმბერაზი მსახიობები, როგორებიც იყვნენ რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ საღარაძე და უამრავი სხვა, ჯერჯერობით ვერ ვედავ, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველო და ქართული გენი ისეთი ძლიერია, ღმერთის წყალობით, აუცილებლად გამოჩნდებიან!
























