
უკრაინაში, ოდესაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ორ ახალგაზრდა მამაკაცს, ზუგდიდში სავარაუდოდ ზეგ ჩამოასვენებენ.
ერთ-ერთი ზუგდიდელი 46 წლის დათო კვარაცხელიაა, რომელიც ცოლთან ერთად წლები უკრაინაში ცხოვრობდა და იქიდან დედას, დას და ავადმყოფ დისშვილს არჩენდა.
„ასეთი ტრაგედია დაგვემართა, სამი დღის წინ დათოსთან ჩასულა სოფელ დავითიანიდან ახალგაზრდა ბიჭი გვარად რატია. რესტორანში წასულან, მისი ჩამოსვლა აღუნიშნავთ. რესტორნიდან გამოსულზე მოუვიდათ ეს ავარია. დათო იჯდა საჭესთან, გვერდით ეს რატია. უკან კიდევ სამნი. ხეს შეეჯახნენ, დათო და ის ბიჭი რატია ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო უკან მსხდომი სამი პირი გადარჩა.
ისე ცუდადაა დედამისი დამამშვიდებლებს ვუკეთებთ და ვთიშავთ. დათო იყო ყველას პატრონი. დისშვილი როგორი მოსავლელი ბავშვია, ატროფირებული აქვს ფეხები, ყველაფერს დათო უგზავნიდა“,- გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
უკრაინელი სამართალდამცველების განცხადებით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ავტორი: თეა შონია






















