
ასმათ ტყაბლაძეს ორი კაფე აქვს. ერთ-ერთის გახსნას ივნისში გეგმავს, ახალი რეგულაციების გათვალისწინებით – მაგიდების დაშორებით. თუმცა ჯერჯერობით დაბნეულია, ელოდება დაზუსტებას, ღია კაფეების გახსნა თუ გამოცხადდა, მაგიდები გარეთ ექნება გამოსატანი.
როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, დანაზოგი ამოეწურა და ახლა ქალიშვილის ხარჯზე უწევს ცხოვრება.
ასმათ ტყაბლაძე: – სანამ გავხსნი, ზუსტად უნდა გავიგო, რას აპირებს მთავრობა, ღია კაფეების გახსნას, თუ ზოგადად ყველასი.
ჩემს ბარ „ჩობას“ სამი ოთახი აქვს და მაქვს იმის საშუალება, რომ მაგიდები დისტანციით განვათავსო, ორ-ორი მეტრის დაშორებით.
თუ ამის უფლება მაქვს, ვერ გავიგე, კიდევ ვისღა უნდა ვკითხო, გავხსნა თუ არა? დაველოდები კიდე, რეგულაციებს რამე სიახლე არ დაამატონ. მერე არ დამიწყონ გარეთ რატომ არ გაქვს მაგიდებიო?
ერთ ბარში შემიძლია გარეთ გამოვიტანო მაგიდები, მეორეში, თუ ქუჩას არ გადაკეტავენ, ამის საშუალება არ არის.
მინდა უკვე გავხსნა და ავამუშაო, იმიტომ რომ ძალიან ცუდ დღეში არიან ჩემი თანამშრომლები. ერთი თანამშრომელი 12 წლის მანძილზე მუშაობდა ჩემთან, ბოლოს ბარის მუშაობა წინ მიმდინარე მშენებლობამ ცოტა შეაფერხა.
ამ ადამიანთან ხელშეკრულება გავაუქმე და იმის მიხედვით ვუხდიდი ხელფასს, როგორადაც ვიმუშავებდით. ახლა ამ თანამშრომელს ვერაფერს ვაძლევ. არც მთავრობა ეხმარება, რადგან ბოლო სამი თვე ვინც მუშაობდა, იმას ეხმარება ჩვენი მთავრობა.
ეს ადამიანი 12 წელი იხდიდა საშემოსავლოს. რატომ არ უნდა მისცენ მას ახლა, ამ უმუშევრობისას, დახმარება? ეს რა არის, ვერ გავიგე. ძალიან აბდა-უბდათ აქვთ დახმარებების გაცემის საკითხი. რა გააკეთონ ამ ადამიანებმა?
მე შემოსავალი თვითონ არ მაქვს, რომ მას გადავუხადო, მუშაობა რომ მქონდეს, მეც დავეხმარები. უკვე იმდენს დავეხმარე, ნულზე დავედი. კაპიკი აღარ დამრჩა, ჩემი შვილის ხარჯზე ვცხოვრობ.
რომ ვიცი, რომ ადამიანი მშიერია, არ შემიძლია არ გავუნაწილო და არ დავეხმარო.
მუსიკოსებს, რომლებიც ბარებთან მოწვევით თანამშრომლობენ, კაპიკს არავინ აძლევს, რადგან ხელშეკრულებით არ მუშაობდნენ.
კაბალური გადასახადები აქვთ. ვინც ქირაობს ფართს, საშემოსავლოს მას ახდევინებენ და არა გამქირავებელს. ყოველ მომუშავე ადამიანზე დიდ საშემოსავლოს გვახდევინებენ. ორმაგს ვიხდით გაზის გადასახადსაც და წყლისასაც. არ გადაიხდი, დაგიკეტავ, დედას გიტირებო, ეგ არის ამათი დევიზი.
წყლის გადასახადი ათჯერ მეტია. 40 თეთრს რომ ვიხდით სახლში, კაფე-ბარებში 4 ლარს გვახდევინებენ. სამჯერ მოვრწყე ბარში ყვავილები და უკვე წყლის გადასახადი მომივიდა. ბალახს რომ მივასხი წყალი, იმაზე!
ოროთახიან ბინებში პატარა ბარები რომ გვაქვს გაკეთებული და უკვე იმდენია ეს ბარი, რომ ერთმანეთს კლიენტებს ართმევენ, ხელს უქნევენ, აქეთ მოდიო და ასეთ დროს მთავრობა ამ გადასახადებით ყელში წაუჭერს, იქამდე მიყავს ადამიანი. დაკეტოს კაფე-ბარი. მშიერს ტოვებს ადამიანებს. განვითარებულ ქვეყნებში, სანამ ბიზნესი ფეხზე დადგება, პირველ სამი წელიწადს გადასახადებს არ ახდევინებენ.
– როდის ფიქრობთ ბარის გახსნას?
– ივნისში მინდა, მაგრამ დისტრიბუტორებთან რომ დავრეკე, გამორთული აქვთ ნომრები, ყველა გაშეშებულია, არ მუშაობენ. პროდუქტი დისტრიბუტორმა უნდა შემოგიტანოს, თორემ მაღაზიაში თუ ვიყიდე ლუდი, იმაზე ბარში მერე მოგებას ვეღარ ვნახავ.
გვირეკავენ ერთგული კლიენტები, როდის იხსნებით, გვენატრებით, თქვენთან მოსვლა გვინდაო… „ჩობას“ ბარი ძალიან უყვართ, საყვარელი ბარია.
მოკლედ, ჯერ გარეთ გამოვიტან მაგიდებს და ვნახოთ. ახლა გადასახადი თუ არ შემცირდა, როგორ გავწვდებით, არ ვიცი.
მცირე ბიზნესს სახემწფოსგან დიდი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. ბიუჯეტს ჩვენგან ავსებენ, ჩვენ ნამუშევარს იღებენ. ამიტომ დაგვეხმარონ და გადასახადები შეამცირონ, ახლა მაინც…
























