17:18 | 2021-04-27 ავტორი: Prime Time

უკვე რახანია უნდოდა ბელასთან წასვლა… – „მოხუც ჯამბაზს“ საქართველო ემშვიდობება

უკვე რახანია უნდოდა ბელასთან წასვლა… – „მოხუც ჯამბაზს“ საქართველო ემშვიდობება

„ხშირად ვფიქრობდი, რომ ერთხელაც წავიდოდა… წავიდოდა და ისე გვატკენდა, როგორც შინაურები გვტკენენ წასვლისას…

 

მაგრამ… გასაოცრად მშვიდად შევხვდი ამ “დიდ წასვლას”. ალბათ, რადგანაც ვნების კვირაში წავიდა იმიტომ. დამსახურებულად… (მამაც ვნების კვირაში გადავიდა მარადისობაში).

 

ალბათ, იმიტომაც რომ თავის ბელასთან წავიდა… უკვე რახანია უნდოდა მასთან წასვლა…

 

მშვიდობით, ბატონო კახი… ვშიშობ, რომ მსგავსი ადამინები აღარ არიან. ერთი გვყავდა… ერთადერთი კახი

მადლობა ყველა როლისთვის, რაინდობისთვის. მადლობა, რომ უკეთესი გაგვხადე,- წერს ჟურნალისტი თამარ გონგაძე.

 

დიახ, წავიდა და გვატკინა „მოხუცმა ჯამბაზმა“… იკითხა: ნეტავ, იქ თეატრი თუ არისო?! – წაიცეკვა, ჩვენ აპლოდისმენტებით შევამკეთ და გავაცილეთ… იქ იმიერში, თავს იყრიან ამიერი საქართველოს ვარსკვლავები და ახლა მართლა მჯერა, რომ იქ, იქაური საქართველო გაკაშკაშედება … იქ იქნება მისი ბელა, განუყრელი მეგობარი გივი… ჩვეული ღიმილით… იქ იქნება მეღვინეთუხუცესი…

 

და საიქიოს დასის სცენაზე უზარმაზარი ფარდა გაიხსნება….

 

სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული სახალხო არტისტს დღეს მთელი საქართველო ემშვიდობება.

 

„ლეგენდარული დონ კიხოტი, საამაყო ადამიანი, სიცოცხლის, სიკეთის და ნიჭიერების მატარებელი კახი კავსაძე წავიდა. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და მთელ საზოგადოებას. ნათელში განისვენოს!“, – წერს თალაკვაძე.

 

ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს – კახი კავსაძე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, გამორჩეული, კოლორიტული მსახიობი, საპატიო თბილისელი, უბრალოდ, ჩვენი უფროსი მეგობარი აღარ არის.

 

კაცი, რომელმაც არა მარტო თავისი არაჩვეულებრივი როლებით და არტისტიზმით, არამედ უპირველესად საკუთარი ღირსებით, პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა.

 

ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანაქალაქელებისთვის. ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას!“, – წერს კალაძე.

 

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე. მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, სწორედ ამიტომაც ის ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ჯილდოთი – უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა.

 

ვუსამძიმრებ ამ დიდი ადამიანის და მსახიობის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ საზოგადოებას“, – წერს ღარიბაშვილი.

 

მანანა ბერიკაშვილი: – კახი ისეთივე დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორიც დარჩა მამაჩემი. თუ ვინმეს ეს ამბავი გაეხარდა იქ, ერთ-ერთი პირველი გივია. თავის გივისთან, ბელასთან და ახლობლებთან წავიდა.

 

ბოლოს რომ ვნახე, მომიტრიალდა და მითხრა, კაცო, რა არის იცი? ადგა და წავიდაო! ვერ მივხვდი. ვინ წავიდა-მეთქი? ვინ და გივი! ადგა, წავიდა და დამტოვაო. გაბრაზებულმა მითხრა, თავისი მანერით. ამაზე სულ აღშფოთებული იყო. ვერ მიიღო ეს ინფორმაცია. ისინი ხომ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ.

 

ბევრი იწვალა და გული მტკივა.

 

გივიც ვნების კვირაში გარდაიცვალა და თუ არ ვცდები, ისიც სამშაბათს, რადგან შაბათს დავკრძალეთ. დაიბარა, ბელას გვერდით დამკრძალეთო, მაგრამ, ჯერ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა.

 

ჩემთვის ის ისეთივე ახლობელია, როგორ მამაჩემი. ჯერ გონს ვერ ვართ მოსული“, – ამბობს მანანა ბერიკაშვილი „პრაიმტაიმთან“.

 

უდიდესი ქართველი არტისტი, კახი კავსაძე, ადამიანი, რომლის გამოჩენასაც ყოველთვის დიდი სიხარული და იმედი მოჰქონდა. ვწუხვარ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს,- წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

 

ცნობისთვის, 85 წლის ასაკში სახალხო არტისტი კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ის ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

ავტორი: Prime Time

X