10:28 | 2021-05-06 ავტორი: Prime Time

უმართავი კრიზისი ინდოეთში – კრემატორიუმები ქუჩებში, ჟანგბადის დეფიციტი და სამედიცინო რესურსის უკმარისობა

უმართავი კრიზისი ინდოეთში – კრემატორიუმები ქუჩებში, ჟანგბადის დეფიციტი და სამედიცინო რესურსის უკმარისობა

კრემატორიუმები ქუჩებში, ჟანგბადის დეფიციტი და სამედიცინო რესურსის უკმარისობა – უკვე რამდენიმე კვირაა ინდოეთი პანდემიის ეპიცენტრია. ჯანდაცვის სისტემას – უმწვავესს კრიზისთან უწევს გამკლავება.

 

ინდოეთის მეცნიერების ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად, ივნისისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 50 მილიონს შეიძლება მიაღწიოს.

 

ამავე პროგნოზის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 403 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს.

 

ინდოეთის მეცნიერების ინსტიტუტში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინდოეთის მთავრობა 15-დღიან ლოკდაუნს დააწესებს, ივნისისთვის სიკვდილიანობის რიცხვი 300 000-მდე, ხოლო კოვიდშემთხვევების რაოდენობა 30 მილიონამდე შეიძლება შემცირდეს.

 

VIDEO: კოვიდინფიცირებული კაცის ქორწილი - მსგავსი ფაქტი ჯერ არ ყოფილა
2021-04-29VIDEO: კოვიდინფიცირებული კაცის ქორწილი - მსგავსი ფაქტი ჯერ არ ყოფილა

 

13 ქვეყნიდან ჰუმანიტარული დახმარების მიღების მიუხედავად ჯანდაცვის ექსპერტები მომდევნო კვირებში სტატისტიკის გაორმაგებას მაინც ვარაუდობენ.

 

ინდოეთის მსგავსად მძიმე ეპიდვითარებაა ბრაზილიაშიც სადაც მხოლოდ დღეს ვირუსი 70 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა. ქვეყანას უკვე 400 ათასი დაღუპული ჰყავს. მოსახლეობა შექმნილ ვითარებას ვაქცინაციის დაგვიანებით ხსნის და მთავრობას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს.

ახალი შტამების გავრცელების გამო დრამატულად იზრდება ინფიცირების სტატისტიკა თურქეთში, რის გამოც ქვეყენაში 3 კვირიანი მკაცრი ლოკდაუნის გამოცხადება გახდა საჭირო. სურსათისა და აფეთქების გარდა მუშაობას ყველა ობიექტი შეაჩერებს.

 

პანდემიასთან გასამკლავებლად ერთიანი ძალებით აპირებს გერმანია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ანგელა მერკელმა და ჯანმოს ხელმძღვანელმა ხალი გლობალური ჰაბის შექმნა დააანონსეს.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 20 282 833 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 222 408 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადება

 

 

 

ინდოეთში კოვიდსიტუაცია შემზარავია, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდოეთში დამატებით პერსონალსა და პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობას აგზავნის.

 

„ჯანმო ყველაფერს აკეთებს, რაც შეგვიძლია. ინდოეთს აღჭურვილობასა და მარაგებს ვაწვდით, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორებს, ასაწყობ მობილურ საველე საავადმყოფოებსა და ლაბორატორიულ მასალებს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

 

აკრძალვები ინდოეთიდან გამგზავრებულ ადამიანებზე

 

 

ავსტრალიის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ინდოეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან, 5 წლის საპატიმროში გატარება, $66-ათასიანი ჯარიმა ან ორივე ერთად ემუქრებათ, – ამის შესახებ BBC წერს.

 

 

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ფართო გავრცელების გამო, ინდოეთში მოგზაურობა აკრძალულია.

 

„გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით მივიღეთ, თუ რამდენი მოქალაქეა კარანტინში – ინდოეთში მოგზაურობის გამო“, – ამბობს ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი.

 

ახალი რეგულაცია ძალაში ორშაბათიდან შევა და გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ინდოეთში მოგზაურობის ისტორია ექნებათ.

 

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ავსტრალიამ ინდოეთიდან ფრენები აკრძალა.

 

 

ინდური შტამი საქართველოში

 

 

„ძალიან გთხოვთ, ინდურ შტამზე ძალიან დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებს – ინდური შტამის საქართველოში გავრცელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

 

მისივე განცხადებით, თავად ინდოეთშიც კი, ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არაა გამოწვეული.

 

„იქ უპირატესობა აქვს ბრიტანულ შტამს. ორმაგი მუტაცია, რომელიც ინდურ შტამშია, არის უმცირესობაში. უმრავლესობაშია ბრიტანული შტამი. რა თქმა უნდა, ოდესღაც, ეს შტამები ყველა ქვეყანაში გაჩნდება და იქნება. ამის გამო, მისგან რაღაც „ბუას“ ნუ შევქმნით. ვაქცინები, რომელიც დღეს ადმინისტრირდება, მეტ-ნაკლები ეფექტიანობით, ამ შტამებს ფარავს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X