17:30 | 2020-05-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უმორჩილესად გთხოვთ, თუ ტემპერატურა მომატებულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – გამყრელიძე

უმორჩილესად გთხოვთ, თუ ტემპერატურა მომატებულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – გამყრელიძე

„ქვემო ქართლის რეგიონში დიდია ეთნიკური აზერბაიჯანელების რაოდენობა, ჩვენი ძმებისა და დების, აუცილებელია ორენოვანი კომუნიკაცია მათთან, რათა დავაჯეროთ, რომ მთლიანად, რაც მსოფლიოში ხდება, არ არის სურდო და ალერგია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„ეს არის სერიოზული კორონავირუსული ინფექცია და მას მსოფლიოში უკვე გამოვლენილთა შვიდი პროცენტი შეიწირა, ანუ სიკვდილობა შვიდ პროცენტამდე ავიდა და მძიმდება დაავადება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა.

 

„ვთხოვ და მოვუწოდებ მარნეულის მინიციპალიტეტის მოსახლეობას, ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა. თუ მომატებულია ტემპერატურა, აუცილებელია, მიმართონ ექიმს. თუ აქვთ ხველა, სიცხე, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია, მიმართონ ექიმს ან თუ იციან, რომ იყვნენ კონტაქტში ადამიანთან, ვისაც დაუდასტურდა ინფექცია, მიმართონ ექიმს. ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა ყველასადმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მისი თქმით, სამწუხაროდ, ქვემო ქართლის რეგიონში არის მთლიანად საქართველოში არსებული შემთხვევების 32 პროცენტი, 189 ინფიცირებული ადამიანი.

 

„მათგან ბევრი უკვე გამოჯანმრთელდა, მაგრამ საკმაოდ დაზიანებულია რეგიონი, განსაკუთრებით სამი მუნიციპალიტეტი, მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი გარდაიცვალა.

 

საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა.

 

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X