
მეგა შოუ “ნიჭიერის” მე-10 საიუბილეო სეზონი უკვე დაიწყო. რუსთავი 2-ის ეთერში მაყურებელს საშუალება ექნება თვალი ადევნოს ძალიან ბევრ საინტერესო და წარმატებულ მონაწილეს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან.
“პრაიმტაიმი” „ნიჭიერის” წამყვანებსა და ჟიურის წევრებს ესაუბრა, რომლებმაც პროექტის შესახებ თავიანთი შეხედულებები და მოლოდინები გაგვიზიარეს.
ჟიურის წევრის, თაკო ფხაკაძის თქმით, პროექტში უკვე ძალიან ბევრმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ის ფავორიტი ნომერი, რომელიც მისგან ოქროს ღილაკს დაიმსახურებდა, ჯერჯერობით არ გამოჩენილა.
მისივე თქმით, საზოგადოება დაიღალა საინფორმაციო საშუალებებიდან წამოსული ამდენი ნეგატივით, ამიტომ ნიჭიერი მაყურებელს ცხოვრებას გაუფერადებს.
„პროექტი არის სახალხო და ყველასათვის საყვარელი, შესაბამისად მოლოდინი გვაქვს, რომ ნიჭიერის მე-10 სეზონი ისევ ასეთი იქნება. უკვე გამოიკვეთა ძალიან ბევრი საინტერესო შემსრულებელი და ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი. ეს იქნება ყველაზე საინტერესო „ნიჭიერი“ „ნიჭიერის“ ისტორიაში. ჯერჯერობით ფავორიტი მონაწილის მოლოდინში ვარ, უკვე ვნახეთ ძალიან ბევრი კარგი მონაწილე, მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო კარგი გამომსვლელები არიან და მგონია კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ამიტომ გამოკვეთილი ფავორიტი ჯერჯერობით არ მყავს. ძირითადად ტელევიზორს, სოციალურ ქსელს, რომ ვრთავთ ძალიან მძიმე ამბების მოსმენა გვიწევს და სტრესის ქვეშ ვცხოვრობთ, ამ ფონზე პროექტი, რომელიც ყველასთვის არის სახალხო, საინტერესო და სახალისო, ცოტა ფერებს შესძენს ჩვენ ყოველდღიურ ყოფას”,- ამბობს რუსთავი-2 მმართველი დირექტორი თაკო ფხაკაძე.
პროექტში ჟიურის წევრი, ვინც ოქროს ღილაკი პირველივე დღეს გამოიყენა, რუსკა მაყაშვილი იყო. რუსკას აღფრთოვანება, ლოს ანჯელესიდან ჩამოსულმა აკრობატებმა დაიმსახურეს.
როგორც რუსკა მაყაშვილმა “პრაიმტაიმთან” საუბარში განმარტა, ოქროს ღილაკზე ხელის დაჭერას თიკა ფაცაციაც აპირებდა, თუმცა მან დაასწრო.
“ეს იყვნენ აკრობატები ლოს ანჯელესიდან, რომლებმაც მართლა საოცრებები ატარეს და ძალიან მომეწონა, უკვე ძალიან შეუყვარდათ საქართველო. სანამ დაიწყებდნენ გამოსვლას მოყვნენ, რომ ერთს კისერი ჰქონდა მოტეხილი, მეორემ მე წელში გადავტყდიო, ორს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და მაინც აგრძელებდნენ ამ საქმეს და ასე რომ უდგებიან ამ ყველაფერს და ასეთი მაგრები არიან, მიხარია, რომ ჩემი ოქროს ღილაკი გამოვიყენე, დავასწარი თიკას. მსოფლიო დონის აკრობატები არიან, შეიძლება ასე ითქვას, „ნიჭიერი“ ყოველთვის ამართლებს იმედებს და წელსაც ველოდებით, რომ გაამართლებს თავის იმედებს.
“, – განაცხადა რუსკა მაყაშვილმა.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, რუსთავი 2-ზე დაბრუნდა ტელევიზიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტები.
რაც შეეხება თავად პროექტს, პანდემიის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დამატებით იხილოს გასართობი სახის პროექტები.
“ძალიან ფუჭი, მაგრამ დიდი მცდელობების მიუხედავად, რომ რუსთავი 2-ს აღარ ეარსება, ახალმა მენეჯმენტმა გავაკეთეთ ყველაფერი, რომ რუსთავი 2-ს არა მარტო შეენარჩუნებინა თავის ადგილი მედია სივრცეში, არამედ ისევ დაბრუნებოდა ყველა ის უმთავრესი ატრიბუტი ამ არხისთვის, როგორიც არის ინოვაცია და ყველაზე დიდი აუდიტორია.
ძალიან მნიშვნელოვანია „ნიჭიერის“ რუსთავი 2-ში შემოსვლის კონტექსტი, ძალიან რთული და მძიმე პერიოდის – პანდემიის დროს. ჩვენი მმართველი დირექტორის, თაკო ფხაკაძის ხედვით, ყველა პროდუქტი უნდა შეგვექმნა ისე და ისე აგვეწყო ჩვენი ახალი სეზონი, რომ მაყურებლისთვის შეგვექმნა ზეიმი, მაყურებლისთვის რუსთავი 2-ში გატარებული დრო დაგვეწყო ისე, რომ რეალობასთან ერთად დავხმარებოდით ამ მძიმე ემოციური ფონის დროს პოზიტივის შეტანით. „ნიჭიერიც“, რა თქმა უნდა, ამ ხედვის გაგრძელებაა, ის რომ ეს მე-10 სეზონია კიდევ ერთი დამატებითი შტრიხია, თუმცა ჩვენი მთავარი ხაზი და მთავარი ამოცანა არის ის, რომ როდესაც „ნიჭიერი“ გავა ეთერში, საათზე ცოტა მეტით, ჩვენმა მაყურებელმა დაივიწყოს ყველა პრობლემა და ჩვენ მას ყოველ კვირას შევთავაზოთ ზეიმი “,- გვითხრა ირაკლი იმნაიშვილმა.
ჯერჯერობით ფავორიტი მონაწილე არ ჰყავს მომღერალსა და ჟიურის წევრს, სტეფანე მღებრიშვილს, თუმცა აღიარებს, რომ უკვე ძალიან ბევრი საინტერესო გამომსვლელი ნახა.
“ის გუნდი რომელიც ყოველთვის აკეთებს „ნიჭიერს“ ზუსტად იცის რას აკეთებს, ამიტომ მჯერა მათი და პირველი გადასაღები დღიდან მივხვდი, რომ ძალიან მაგარი ამბავი ელის მაყურებელს. ძალიან ბევრი მონაწილე გვყავს სხვადასხვა ქვეყნიდანაც – ამერიკიდან , ევროპიდან, უკრაინიდან “,- ამბობს სტეფანე.
წელს პროექტ „ნიჭიერის“ წამყვანები ყველასათვის საყვარელი წყვილი ნუკი კოშკელიშვილი და გიორგი ბახუტაშვილი იქნებიან.
ნუკი კოშკელის თქმით, ძალიან ბევრი მაყურებელი პროექტიდან სანახაობას ელის, წელს ისინი ძალიან ბევრ საინტერესო პერსონაჟს გაიცნობენ.
“ვფიქრობ რომ ეს იქნება ყველაზე გრანდიოზული „ნიჭიერი“, რაც კი ყოფილა ათი წლის მანძილზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ საიუბილეო სეზონია, თან დიდი დაბრუნება რუსთავი 2-ზეა. მართლა ისეთი მონაწილეები ჰყავს წელს „ნიჭიერს“, როგორიც აქამდე არ ჰყოლია. ძალიან ბევრი მაყურებელი უყურებს იმისთვის, რომ რაღაც მაგარი შოუ ნახოს, ამასაც ნახავენ, ზოგი უყურებს იმისთვის რომ, სასაცილო რაღაც ნახოს და ამასაც ნახავს მაყურებელი, ისეთს რაც აქამდე არ ყოფილა, , არიან საზღვარგარეთიდან ჩამოსული სასწაული კონკურსანტები. ვფიქრობ, უბრალოდ უნდა ჩართოთ ტელევიზორი და თავად მიხვდებით როგორი მაგარი შოუ იქნება”,- განაცხადა ნუკი კოშკელიშვილმა.
“ფავორიტები გვყავს, მაგრამ ოქროს ღილაკი არ გამოგვიყენებია მაინც რაღაც განსაკუთრებულს ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ეს განსაკუთრებულიც იქნება”,- ამბობს გიორგი ბახუტაშვილი.
მისი თქმით, პროექტის მიმართ ყველას ერთი და იგივე დადებითი მოლოდინი აქვს.
“ის ემოციები და შეგრძნებები რასაც მიჩვეულია პროექტისგან მაყურებელი და რის გამოც ამდენი სეზონია უყურებს, ეს ემოციები და შეგრძნებები ახლა კიდევ გაათმაგებული იქნება, იმიტომ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ სეზონს”,- განაცხადა გიორგი ბახუტაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.






















