
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ერთმანეთთან სოციალური დისტანცია დაიცვან, პირბადე გაიკეთონ და ხელები ხშირად დაიბანონ.
როგორც კულუმბეგოვმა, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, კორონავირუსი არსად წასულა, ამიტომ საზოგადოებამ მასთან ბრძოლა უნდა ისწავლოს.
ბიძინა კულუმბეგოვი: რადგანაც კორონავირუსი მსოფლიოში მძვინვარებს, ვიდრე პანდემია არ დამთავრდება, სიმშვიდეს ვერც ერთი ქვეყანა მოიპოვებს.
როცა ვამბობთ, ეპიდემიოლოგიური სამსახურები ინფიცირების წყაროს 90%-ზე მეტს ადგენენ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მართვადი პანდემიის წინაშე დგას.
ჩვენ უკონტროლო სიტუაცია არ გვქვს. მაშინ გვაქვს განგაშის ზარი შემოსაკვრელი, თუ ეპიდემიოლოგიური სამსახური ინფიცირების წყაროს 80%-ს ვერ დაადგენს.
– კორონავირუსის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გარდაბანში ფიქსირდება. სწორია, რომ გარდაბანში კარანტინი არ გამოცხადდა?
– ალბათ, ამის კარანტინის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავენ. გარდაბანში არ არის ისეთი წყაროები, რომლებმაც შესაძლოა, დატოვონ ადგილობრივი ტერიტორია და ვირუსი სხვაგან გაავრცელონ.
ის ხალხი, ვინც კონტროლზეა, იზოლაციაში და სამკურნალოდ გადაჰყავთ. ამ ყველაფერს ყველაზე კარგად დაავადებათა კონტროლის ჩვენი ცენტრი გრძნობს.
მას უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს – ნახევარი წელია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ კორონავირუსს ძალიან წარმატებით ებრძვის. ჯერჯერობით, ვენდოთ ამ ხალხს და არ შევიტანოთ ეჭვი მათ გადაწყვეტილებებში.
– დღეს საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენად რეალურია, რომ რეგულაციების გამკაცრების აცილებლობა დღის წესრიგში შემოდგომამდე დადგეს?
– ქართული რეალობიდან გამომდინარე, რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობა იმ შემთხვევაში დადგება, თუ დღეში კორონავირუსის 50-დან 70-მდე შემთხვევა დაფიქსირდება, ეს იქნება ზღვარი, ამიტომ თითოეული ჩვენგანი კარგად უნდა გამოვფხიზლდეთ, ნიღაბი კარგად უნდა გავიკეთოთ და ხელი ხშირად უნდა დავიბანოთ.
ერთმანეთს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ კორონავირუსი არის ჩვენთან ერთად, არსად არ მიდის. შეძლება, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძოთ და ეს ყველაფერი ასე დაგვხვდეს. დღეს გავიღვიძეთ და 24 ახალი შემთხვევა გვქონდა.
თუ ჩვენ სოციალურ პასუხისმგებლობას კარგად გავიზიარებთ, კოლაფსი არ გველოდება.
– მოესწრება თუ არა შემდგომისთვის წამლის ან ვაქცინის შექმნა?
– წამალი ძალიან მაღალი ეფექტურობის მქონე არ გვაქვს. წამლის შექმნის დიდი პერსპეტივა, ჯერჯერობთ, არ ჩანს. ვაქცინები წარმატებით იცდება, მაგრამ ფინალური ეტაპები ჯერ შორს არის. შემოდგომაზე ვაქცინის მესამე ფაზის კვლევები, რომელის შემდეგაც უკვე მისი წარმოება იწყება, ალბათ, დასრულებული იქნება.
ამერიკული და ბრიტანული ვაქცინიების პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ იმუნური სისტემის ჩამოყალიბება კორონავირუსის მიმართ, ეს იმას ნიშნავს რომ ვაქცინები ეფექტურია. ახლა უნდა შემოწმდეს, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინები.
გუშინ ეს ინფორმაცია ასმედიაშიც გავრცელდა – ორ მწარმოებელთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თუ ვაქცინის შექმნა წარმატებით დასრულდა, ევროკავშირის ქვეყნებიც მოსახლეობას ამით აუცრეს და ამერიკის შეერთებული შტატებიც, ვფიქრობ, 2021 წლის გაზაფხულისკენ ვაქცინა საქართველოში იქნება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე
























