
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ნიღბის ტარებისკენ მოუწოდებს.
დღის „კურიერში“ ზახაშვილმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, როდესაც ვირუსის შესახებ მთელ მსოფლიოს მწირი ინფორმაცია აქვს, ნიღბის ტარება ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
„დღეს ამ ვირუსის შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ ძალიან მცირეა. პროფილაქტიკის სხვა საშუალება კაცობრიობას ჯერჯერობით არ გამოუგონია, გარდა იმ საშუალებებისა, რაც არის მოწოდებული.
ესენია – პირველ რიგში სოციალური დისტანცირება, ნიღაბი და ჰიგიენის წესების დაცვა.
ნიღაბი არის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი და დღეს ჯანდაცვის ექსპერტები გამოთქვამენ ასეთ მტკიცებულებას, რომ განსაზღვრულ სივრცეებში და გარემოებებში, ნიღბის ტარება არის პრევენციის კარგი საშუალება!“ – განმარტავს ზახაშვილი.
რაც შეეხება ჯარიმებს, ზახაშვილი აცხადებს, რომ რეკომენდაციების მკაცრად დაცვის გამო, გარკვეული ჯარიმები უნდა არსებობდეს.
„საზოგადოებამ ეს რეკომენდაციები რომ დაიცვას, უნდა გვქონდეს ქმედითი რეგულაციები, მათ შორის თუნდაც ჯარიმა.
ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები არ შეასრულებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს!“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
























