18:50 | 2020-05-19 ავტორი: მარი ჯაფარიძე

უნიკალური „პალტონკა“-ს ისტორია – 102 წლის მანქანა ფასანაურელი ექიმის კოლექციაშია

უნიკალური „პალტონკა“-ს ისტორია – 102 წლის მანქანა ფასანაურელი ექიმის კოლექციაშია

ჯიმშერ პატაშური ფასანაურში ცხოვრობს. ის პროფესიით ექიმი გახლავთ, თუმცა სამედიცინო საქმიანობას დიდი ხნის წინ ჩამოშორდა და უკვე წლებია, ძველი მანქანების შეგროვებითაა გატაცებული. მის კოლექციაში 100 მანქანაა და მათ შორის რამდენიმე უნიკალური მოდელიც გახლავთ. მაგალითად, 1938 წელს გამოშვებული BMW და თითქმის საუკუნის ტოლი, 1923 წელს გამოშვებული, ე.წ. „პალტონკა“. – „ფორდის“ წარმოების მანქანა. მის კოლექციაში არსებული ეს კონკრეტული ავტომობილი სახანძრო დანიშნულების გახლდათ.

 

ბატონ ჯიმშერს ფასანაურში ვეწვიეთ და მასთან ვრცელი ინტერვიუპრაიმტაიმმა“ ცოტა ხნის წინ შემოგთავაზათ. ახლა კი ერთ-ერთ უნიკალურ ექსპონატზე უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ.

 

– ეს უნიკალური „პალტონკა“, რომელსაც სახელი ტვირთამწეობის გამო შეერქვა ანუ ნახევარი ტონის გადაზიდვა შეეძლო, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ხევში გადაგდებული. სადაც ალბათ წლები ეგდო და არც არავის მიუქცევია ყურადღება. ამოვათრიე და ჩემს კოლექციას შევმატე.

 

ავტომობილი გამოშვებულია 1918 წელს და მალე საუკუნე შეუსრულდება. როგორც გავარკვიე, ეს კონკრეტული მანქანა სახანძრო დანიშნულების გახლდათ, რაზეც წინა კართან არსებული ნიშანი მიუთითებს.

 

 

მანქანას ჰქონდა იმ დროისთვის შესაფერისი სამუხრუჭე სისტემა: გამძლე და სქელი ტყავისგან იყო გაკეთებული ე.წ. სამუხრუჭე ტროსი, რომელიც ოთხივე თვალს აჩერებდა. თუ ტროსი გაწყდებოდა, მანქანაში მსხდომებს კარგი დღე არ ელოდათ. ამისთვის, კარს აქვს სპეციალური მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევდა, ხელის ერთი აკვრით გაეღო კარი და გადმომხტარიყო მანქანიდან, მანქანა კი ხევში გადაეშვა. სავარაუდოდ, სწორედ ასე აღმოჩნდა ხევში ეს მანქანაც.

 

 

ასევე, წინა ფარებზე აქვს დამცავი მოწყობილობა. რომელსაც, თუ გახსნიდი, ჩვეულებრივ ანათებდა გზას, მაგრამ დახურულ მდგომარეობაში სინათლის სხივს ძალიან შორს უშვებდა… ეს კი ომის დროს მტრის თვითმფრინავს ატყუებდა. პილოტი დაბომბვის დროს მანქანის ზუსტ ადგილმდებარეობას ვერ საზღვრავდა, რადგან მანქანა სინათლის სხივისგან ფაქტობრივად, 100 მეტრის მოშორებით და უფრო შორსაც იყო.

 

 

ტურისტებს ძალიან მოსწონთ ჩემი მანქანები. მინდა, ისინი ცოტა მოვაწესრიგო და მუზეუმი გავაკეთო. აქვე კაფეს გახსნაც მინდა. მოგეხსენებთ, ფასანაურზე ტურისტული მარშრუტი გადის და ვფიქრობ, რომ ბევრს დააინტერესებს.

 

ერთხელ ორი ქალბატონი მოვიდა, – ჩეხები იყვნენ, პრაღაში „ბე-ემ-ვეს„“ სალონი გვაქვსო. ნაძლევი ჰქონდათ, ერთ-ერთ ჩემს მანქანაზე. ერთი ამბობდა, „ჩაიკააო“, მეორე ამბობდა – ამერიკული „ბიუიკიო“. ვინც ამბობდა, რომ „ჩაიკა“ იყო, იმან 2 500 დოლარი წააგო. 100 დოლარი მაჩუქეს და წავიდნენ. ტურისტები ხშირად მანქანის ნომრებს მპარავენ ხოლმე და სუვენირად მიაქვთ. ამიტომ, უმეტესობას მოვხსენი ნომრები ან და ევროპული სანომრე ნიშნები მივაკარი, რომელსაც ხელს არ ჰკიდებენ.

 

 

ვრცელი ინტერვიუ იხილეთ აქ

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X