
ბოლო დღეებში გამოქვეყნებული ფარული სატელეფონო ჩანაწერების აუთენტურობაში ეჭვი არ ეპარება ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ სიით დეპუტატი გახდა.
ჩანაწერები, რომელიც სავარაუდოდ წინა ხელისუფლების დროს არის შექმნილი, სანიკიძეს უმყარებს აზრს ქვეყანაში პოლიტკური ცვლილებების აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ თავად გუბაზ სანიკიძე მისი პოლიტკური კარირიერს განმავლობაში არაერთხელ გახდა ფარული ჩანაწერების მსხვერპლი.
ყველაზე გახმაურებული კი გახლდათ ჩანაწერი, რომელიც 2012 წლის სექტემბერში გავრცელდა.
„ფული უნდა ვიშოვო, მილიონერი უნდა გავხდე“, – ამბობს სატელეფონო საუბარში სავარაუდოდ გუბაზ სანიკიძე, რომელიც ჩანაწერის მიხედვით, უშიშროების ყოფილ მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას ესაუბრება.
ეს ის პერიოდია, როცა სანიკიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო, რომელმაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩანაწერი, წინა ხელისუფლებამ ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერების უკანონო მიყურადების გზით, მათ შორის კომპიუტერებში ჰაკერული შეღწევით მოიპოვა, თუმცა, როგორც მაშინ თავად გუბაზ სანიკიძე ამბობდა, სააკაშვილის ხელისუფლებამ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები დამონტაჟებული და ფალისიფიცირებული სახით გამოაქვეყნა. ანუ, დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ გუბაზ სანიკიძე ამტკიცებდა, რომ ფარული ჩანაწერები არაუთენტურია.
„ეს არის სრული ფაბრიკაცია, ეს არის ტყუილი. არანაირი ურთიერთობა მე ცხოვრებაში არ მქონია ქურდებთან; ვალერი ხაბურძანია არის ჩემი ბავშვობის მეგობარი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ და დასძინა, რომ ის თვეში ერთხელ სკაიპის საშუალებით ელაპარაკებოდა ხაბურძანიას, თუმცა ბოლო ოთხი კვირის მანძილზე მასთან არ უსაუბრია.
მაშინ ფაქტს კოალიცია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც გამოეხმაურნენ, რომელთა მიმართაც სააკაშვილის მმართველობის დროს, ასევე გავრცელდა მაკომპრომიტირებელი ჩანაწერები.
„სისულეებზე კომენტარის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ, ამ უნიჭო ფაბრიკაციებზე, რომელიც ერთი მშიშარა კაცის [სააკაშვილი] მითითებით არის გაკეთებული“, – აცხადებდა კახი კალაძე ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ.
„ეს არის სისულელე და სრული ფაბრიკაცია“, – განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის მაშინდელმა კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ.
„მინდა ყველამ კარგად გაიგოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილი უგულავა, მერაბიშვილი და კუდის თანამშრომლები ჩამოსხდნენ და მასალები, რაც უკანონოდ ჩაწერილი ჰქონდათ, დაამონტაჟეს. ამაზე მეტი ვერაფერი მოიფიქრეს. დამთავრებულია მათი საქმე, პირველ ოქტომბერს გაფორმდება ხალხის ნება“.























