
საოკუპაციო ხაზთან, საბერიო-წყოუშის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ შონიამ ვარდების სათბური 2017 წელს მოაწყო.
ვარდების სათბურისთვის საჭირო რკინის კონსტრუქცია ნიაზ შონიამ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის, ზრდას პროექტის ფარგლებში მიიღო.
„მამაკაცები იშვიათად ინტერესდებიან ყვავილების მოშენებით, მე ბავშვობიდან მიყვარდა და ახლაც სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს. ვარდი ფაქიზი ყვავილია, სათუთად მოპყრობა სჭირდება“, – გვითხრა ფერმერმა.

თავდაპირველად ფერმერმა 2000 ნერგი ჩამოიტანა.
„სანამ ხელს მოვკიდებდი, საჭირო ლიტერატურა წავიკითხე. თითქოს ყველაფერი ვისწავლე, მაგრამ მხოლოდ თეორიული ცოდნა არ ყოფილა საკმარისი“, – ამბობს ნიაზ შონია.
ფერმერი პანდემიამდე ვარდებს ზუგდიდში და ოკუპირებულ ტერიტორიაზეც ყიდდა. წელს კი ეს ვერ მოახერხა.

ფერმერის შვილის გახა შონიას თქმით,მათ ვარდების რეალიზებაში დონორი დაეხმარათ.
„400 ძირი ვარდები შეისყიდა უსაიდ-ზრდამ.ვინც უკვე მესამე წელია გვაფინანსებს, სულ 1100 ძირი გვქონდა წელს, დიდი შეღავათია ჩვენი ოჯახისთვის, დონორებმა შეიძინეს მედიკოსებისთვის ლარ ნახევრად, კიდევ ორი კვირა გვექნება ვარდები და მერე სათბური ისვენებს“,- გვითხრა გახა შონიამ.
USAID -ზრდის წარმომადგენელი: „ეს ლამაზი ვარდები სამეგრელოს ერთ-ერთი სათბურიდან შევიძინეთ.
სათბურს მხარს უჭერს ჩვენი პროგრამა “ზრდა”, რომელიც ხელს უწყობს სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში.

ეს სათბური, მრავალი სხვა ბიზნესის მსგავსად, კორონა ვირუსის პანდემიის დროს ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგა. შეძენილი ყვავილები პატივისცემის ნიშნად ზუგდიდისა და რუხის ექიმებსა და ექთნებს გადავეცით.
მადლობას ვუხდით საქართველოს სამედიცინო პერსონალს, მათ, ვინც კოვიდ 19 პანდემიის დროს დაუღალავად შრომობს ხალხის ჯანმრთელობის დასაცავად.

ჩვენი სხვადასხვა პროგრამის საშუალებით ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას პანდემიის შემდეგ“.
USAID საქართველოს მისიის დირექტორი: „პარტნიორობა გრძელდება დღესაც, როცა საქართველოს მოსახლეობას კორონა ვირუსის პანდემიასთან გამკლავებაში ვეხმარებით და გაგრძელდება და გაიზრდება მომავალშიც. კიდევ ერთხელ, ვსარგებლობთ რა დღევანდელი შესაძლებლობით, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს სამედიცინო პერსონალს“.























