
უსინათლო ახალგაზრდა ქალის ერთი შეხედვით არაჩვეულებრივი ისტორია.
„პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ ხელვაჩაურელ თაკო საგინაძეს, რომლსაც მხედველობა მხოლოდ ორი პროცენტი აქვს, მიუხედავად ამისა, ის მომავალი პროგრამისტია. პარალელურად კი, მღერის.
მისი გატაცება მუსიკაა, ხოლო პროფესია – პროგრამისტობა.
უკვე შეუძლია, დამოუკიდებლად იმუშაოს საოფისე პროგრამებზე და სხვადასხვა აპლიკაციებზე.
მალე, ის მუსიკალურ ფესტივალზე წარდგება და საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებისთვისაც იბრძოლებს.
„ხელვაჩაურის რაიონში ვცხოვრობ. მხედველობის პრობლემა მაქვს, ნაადრევად დავიბადე და პრობლემები მქონდა.
ექვს წლამდე სრულად უსინათლო ვიყავი. მერე ნაწილობრივ მომემატა. ახლა, მხოლოდ ორი პროცენტი მაქვს მხედველობა.
დღესა და ღამეს ვარჩევ, ბუნდოვნად ვხედავ ცაზე ღრუბელსაც…

თბილისში 202-ე უსინათლოთა სკოლა დავამთავრე. მერე აჭარის ხალხური ხელოვნების სასწავლებელში, მუსიკის განხრით განვაგრძე სწავლა.
ამის პარალელურად, პროფესიულ კოლეჯ „ბლექსი“-ში ჩავირიცხე, პანდემიის გამო, გაკვეთილები შეგვიწყდა, დისტანციურ სწავლას არ დავექვემდებარეთ, რადგან იქ პრაქტიკული გაკვეთილები გვაქს.
ეს კოლეჯი 11 თვიანია, აქედან სამი თვე დამრჩა გასავლელი და პროგრამისტი გავხდები…
სწავლის პროცესში იყო დაბრკოლებები, არის სამუშაოში ნიუანსები, რომლებსაც კარგი მხედველობა სჭირდება.
ხმოვანი პროგრამებით დავიწყეთ სწავლა და შეიძლება ითქვას, რომ თავი გავართვი.
დავეუფლე საოფისე პროგრამებს, ტელეფონებში პროგრამების დაყენებას და მსგავსი რაღაცები, სწავლის დროებითი შეწყვეტის გამო, კომპიუტერების ტექნიკური გამართულობა ვერ ვისწავლე, თუმცა ეს სამომავლოდ გადაიდო.
სამწუხაროდ, პირადი კომპიუტერი არ მაქვს. ვსწავლობ იმისთვის, რომ სხვებს ვასწავლო. ამისთვის კომპიუტერი და ანდროიდი აუცილებელია ჩემთვის.
ბათუმში მცხოვრები უსინათლოების ნაწილს არ აქვთ შესაძლებლობა ინტერნეტსივრციდან ინფორმაცია მიიღონ, ამიტომ მინდა, კარგად ვისწავლო, დავასრულო და მერე მათ ვასწავლო.
მათთვის ხმოვან პროგრამებს ვამზადებ, გარკვეულ მანიპულაციებს ვასწავლი.
ზოგადად, ბევრი გეგმა მაქვს ცხოვრებაში. სკოლის პერიოდში მობილობა ორიენტაცია შევისწავლე, ესაა მოძრაობა თეთრი ხელჯოხით.
უსინათლო როგორ უნდა გადაადგილდებოდეს არა ადპტირებულ გარემოში მხედველთან ერთად.
ახლა, საერთაშორისო ფესტივალისთვის ვემზადები, „ივერიის ბრილიანტი“ ჰქვია. 13 ივლისს იწყება და აჭარიდან მხოლოდ მე ვმონაწილეობ.
ფესტივალზე ვიმღერებ. ძალიან მიყვარს მუსიკა და მოუთმენლად ველოდები კონკურსის დაწყებას. უსინათლოთა უმეტესობა კარჩაკეტილია და ჰგონიათ რომ მათ რამე არ გამოუვათ. ეს ასე არაა“ – ამბობს თამილა საგინაძე.























