
ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის წევრებს კორონავირუსზე ტესტირება არ უტარდებათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე აცხადებს.
მისი განმარტებით, საჯარო მოხელეების პერიოდული ტესტირების შესაძლებლობა განიხილება.
„ანტისხეულების სანდო ტესტები მსოფლიო ბაზარზე უკვე ნელ-ნელა გამოჩნდა.
ერთ-ერთი ვერსია განიხილება, რომ მაღალი რისკისაა ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ვერ შეწყვეტენ მუშაობას, რადგან, მათი მუშაობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ქვეყნის მართვისთვის ამ პერიოდში. ამიტომ, შესაძლოა, მათაც პერიოდულად ჩაუტარდეთ ანტისხეულზე ტესტები“, – განმარტავს იმნაძე.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















