
რამდენიმე თვის წინ, ცირა ალიხანაშვილი ესპანეთში სამკურნალოდ წავიდა. ის 16 მარტს კორონავირუსით დაინფიცირდა. ონკოლოგიურმა დაავადებამ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყო და ახალგაზრდა ქალი მდგომარეობის დამძიმების გამო 20 მარტს, გვიან ღამით გარდაიცვალა.
მისი გადმოსვენება საქართველოში ვერ მოხერხდა. როგორც ოჯახის წევრებს საავდმყოფოში განუცხადეს, არსებობს გვამიდან ინფიცირების რისკი და ამიტომ, მას პირდაპირ აკლდამაში გადაასვენებენ.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას, გარდაცვლილის მეუღლე ყვება, ოჯახის წევრებს გადმოსვენება მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ შეეძლებათ.
კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველი 73 წლის სერგო მელაძეა, რომელსაც კრემაცია ჩაუტარდა.
„ბიძაჩემს იქ ჰყავს ოჯახი და შვილები. ამიტომ გადაწყდა, რომ მის ცხედარს კრემაციას ჩაუტარებენ. ეს დღეს მოხდება. გვითხრეს, როდესაც გზები გაიხსნება ფერფლის ნაწილს გამოგვატანენ“, – ამბობს დავით მელაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 74 წლის დოდო ასამბაძე გარდაიცვალა. ის სასაფლაოს აკლდამაში, სამგლოვიარო ცერემონიალის გარეშე, საავდმყოფოდან გადაასვენეს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩვეულებრივი გადმოსვენების პროცედურა ვეღარ მოქმედებს. ჯანდაცვის მსოფლოს ორგანიზაციას მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლი კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვის აქვს“.
როგორ კრძალავენ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილებს
ახლობლებთან გამომშვიდობების საშუალება არ ეძლევათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, მყარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ გვამთან შეხებამ შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირება გამოიწვიოს.
მაგალითად, აშშ-ში დაკრძალვები ჭირისუფალთა მინიმალური ოდენობით ტარდება, დანარჩენებს ცერემონიაზე დასწრება ონლაინ შეეძლებათ, რომლის ტრანსლირებასაც, სწორედ დამკრძალავი ბიურო უზრუნველყოფს.
უკრაინაში კი, მთავრობის რეკომედაციით, ჭირისუფლებმა თავი უნდა შეიკავონ გარდაცვლილთან გამოსამშვიდობებელი კოცნისგან.
საქართველო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის თანახმად:
- კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;
- ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;
- სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.
- საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 10 საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.






















