12:33 | 2021-01-22 ავტორი: თამარ გონგაძე

“უწმინდესი ესაუბრა… და შვილის 40-ის შემდეგ, ისევ გავიდა სცენაზე. ტიროდა, ჩერდებოდა. ეს გმირობის ტოლფასი იყო” – თემურ წიკლაური 75 წლის გახდა

“უწმინდესი ესაუბრა… და შვილის 40-ის შემდეგ, ისევ გავიდა სცენაზე. ტიროდა, ჩერდებოდა. ეს გმირობის ტოლფასი იყო” – თემურ წიკლაური 75 წლის გახდა

დღეს თემურ წიკლაური 75 წლის გახდა. განსაცდელს, რომელშიც არტისტი ამჟამად იმყოფება, ისევე არწივისებურად დახვდა, როგორც შეეფერება. ბრძოლას აგრძელებს და ეს ბრძოლა იოლი არ არის. არტისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმედ ითვლება. იუბილარი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვის აპარატზეა… მკურნალობაში ოჯახმა გერმანელი პროფესორიც ჩართო. კორონავირუსისგან დაზიანებული ფილტვების აღდგენას დრო სჭირდება.

 

მამის პორტრეტს “პრაიმტაიმის” მკითხველს ქეთი წიკლაური უხატავს. მან თქვა, რომ უჩვეულოს მამაზე ვერაფერს იტყვის, მშობელი ხომ ყველასთვის განსაკუთრებულიაო. თუმცა ყველას მშობელი სახალხო არტისტი არ არის, არც ყველას მამისთვის შეურქმევიათ სცენის არწივი…

 

No description available.

 

ქეთი წიკლაური: – ვერ გეტვით, რომ ოჯახში, დაბადების დღეების აღნიშვნის სურვილი, განსაკუთრებულ ჟრუანტელს გვგვრის. არტისტებს ახლა აქვთ საშუალება, თორემ იმ დროს არტისტი მოკრძალებულზე კიდევ უფრო ნაკლებად ცხოვრობდა. უჭირდათ, სასაცილო თანხებს უხდიდნენ. ამიტომ დაბადების დღეებს არც იხდიდნენ. თანაც ჩემს მშობლებს მთელი ცხოვრება სცენაზე ყოფნის ზეიმი ჰქონდათ, მერე ბანკეტი და ასე შემდეგ, ამიტომაც ხალხმრავლობა მოყირჭებული ჰქონდათ და სახლში დასვენება უნდოდათ, მარტივად ცხოვრება. ხშირად მეგობრები უხდიან ხოლმე თემურს დაბადების დღეს და ეს სიამოვნებს, მღერის და ერთობა.

 

რახან ჩემი მშობლები არტისტები არიან, ჩვენი ურთიერთობის სტილიც არ იყო ისეთივე, როგორც ჩვეულებრივი მშობლისა და შვილის ურთიერთობაა. როდესაც პატარა ვიყავი, თემურსა და ლილის კარიერაში აღმავლობის ხანა ჰქონდათ და დიდ ტურნეებში დადიოდნენ. სამი თვე მიდიოდნენ… სამხრეთ ამერიკიდან მალე ვერ დაბრუნდებოდნენ… აქედან გამომდინარე, ძალიან მენატრებოდნენ. თუმცა საბოლოო ჯამში, ამაშიც პლუსი ვიპოვე. დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოვყალიბდი.

 

May be an image of 1 ადამიანი, ბავშვი და standing

 

 

მშობლები ჩემთვის, როგორც ზღაპრული გმირები, ისე იყვნენ, რომელთაც ნატრობ, ელოდები. ამიტომ ვფიქრობ, მათ მიმართ ორმაგი სიყვარული მაქვს.

 

ასევე ნახეთ როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა

 

მახსოვს, გასტროლიდან რომ ჩამოვიდნენ, ჩამომიტანეს უზარმაზარი წითელი ბაჭია, გრძელი ყურებით და ფეხებით. ეს ბაჭია აფარებული ჰქონდა მამაჩემს, გვერდით დედა მოჰყვებოდა და კიდე საჩუქრები მოჰქონდა. წლების მანძილზე მეგონა, რომ ვითომ ბაჭია მოვიდა და მელაპარაკებოდა. შემდეგ, როცა თვითონ გავხდი დედა, მერე გავაანალიზე, როგორი ტიპები იყვნენ დედა და მამა, როგორ ვენატრებოდი და როგორ სურდათ ჩემი გახარება.

 

მეოჯახე და კულინარი

 

მამა ძალიან მეოჯახე ადამიანია. ჩემს გარემოცვაში, მსგავსად მეოჯახე, მეორე არ არსებობს. განსაკუთრებულია. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. კეთილშობილების ეტალონია.

 

No description available.

 

უყვარს საუკეთესოს ყიდვა და მოტანა. იცის, რა გაგვიხარდება, ყიდულობს და მოაქვს, ეს ტკბილეული იქნება თუ ყვავილი…

 

მაგარი კულინარია! საოცარი ხელი აქვს. როგორც შეფმზარეულებს აქვთ თავიანთი საფირმო კერძები, ასეა მამაც. ხორცს და თევზეულს საუკეთესოდ ამზადებს.

 

თევზის წვნიანებს, ბუღლამებს, „უხას“ ამზადებს უგემრიელესს. ხორცის სხვადასხვა კერძები იცის, ჩაშუშული თუ სხავდასხვა სახით… თემურის მომზადებული კერძები ისეთი გემრიელი, თითებს გადაყლაპავთ…

 

გარდა ამისა, ყველა ხელსაქმე ეხერხება, დალაგება იქნება ეს თუ – გარეცხვა.

 

2020-05-27"ინსულტი გადავიტანე, ჩემი ქალაქიდან გაყვანა გახდა საჭირო..." - თემურ წიკლაური

 

გაზახულზე და ზაფხულში, მისაქციელში, ძალიან გაერთო ბოსტნეულის მოყვანით. ხერხემალი აწუხებს და ვეუბნებოდით, რომ თავს გაფრთხილებოდა და ნუ შრომობდა ამდენს. ერკვევა და იცის მიწასთან მუშაობა. კარგი იყო ის, რომ ჰაერზე შრომობდა.

 

უნდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა. ისეთი ენერგეტიკით დაამუშავა და დარგო, რომ ყველაფერმა ბევრი მოისხა. პომიდორი იმდენი დამწიფდა, ზამთრისთვის გავაკეთეთ რაღაცები…

 

არ არის კაპრიზული ტიპი. უბრალო ადამიანია. მარტივი რაღაცები აკმაყოფილებს, თუნდაც ჩაცმაში, დროის გატარებაში…

 

მოწესრიგებული, ნაკითხი, გონიერი ადამიანია. თავმდაბალია. ადამიანია თავისი ყველა პარამეტრით.
მამა ჩემთვის ყველაზე მაგარი ადამიანია (იცინის). ბედნიერი ვარ, რომ მე თემურის და ლილის შვილი ვარ. ძალიან საინტერესო ხალხია. დედას მიმართ ისევ ძველებურად ყურადღებიანი და გამგებია. იდეალური ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ის ხომ ფაქტი, რომ 50 წელზე მეტი ერთად არიან. ეს კი ჩემთვის საოცრების დონეზეა. პატივისცემის ზევით არის.

 

No description available.

 

მეგობარი ბაბუა

ჩემი შვილი, ანდრია რომ პატარა იყო, თემური შეშლილი ბაბუა გახლდათ. სად არ დადიოდნენ ერთად. მამა ამბობდა, ოჯახში სულ უნდა იყოს პატარა ბავშვიო. ეს ოცნება ვერ ავუსრულე.

 

ახლა მეგობრობენ. ანდრია ელექტრონულ მუსიკას წერს და ბაბუას უზიარებს თავის მიღწევებს. დედა და მამა უკვე გაერკვნენ ანდრიას მუსიკის სპეციფიკაში, თორემ თავიდან ეგონათ, რომ ეს უბრალოდ ჯაგა-ჯუგია.

 

ტრაგედია

 

მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და ჩვენი ოჯახის ტრაგედია კარგად მახსოვს. იცით… რაც დრო გავიდა და ადამიანების ტრაგედიები და ჭირისუფლების რეაქციები ვნახე, დავრწმუნდი, რაოდენ საპატივცემულონი არიან ჩემი მშობლები. მათ თავიანთი ტრაგედია, უმაღლეს ადამიანურ დონეზე გადაიტანეს. მე მინახავს ასეთი ტრაგედიების დროს როგორ სპეკულირებენ ამ თემით, მანიპულირებენ, ჩნდებიან, აქვთ ზერელე პათოსი. ვინ როგორ რეაგირებს ტრაგედიაზე, ეს იმ პიროვნებაზე მეტყველებს.

 

ეს ტკივილი არასდროს შუშდება. თუმცა თემურს და ლილის თავს არავისთვის მოუხევევიათ თავიანთი ტკივილი. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. სისუფთავე და სიძლიერე შეინარჩუნეს.

 

1983 წელი იყო, „არგონავტების“ კონცერტები იმართებოდა და ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო მოუხდათ შეჩერება. მაშინ პატრიარქი შეხვდა დედას და მამას… მათ ისეთი სასოწარკვეთა ექნებოდათ, სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც კი არ სურდათ. უწმინდესი ესაუბრა… მერე ანსამბლმაც თხოვა და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… შვილმკვდარს კი არ ემღერებოდა, მაგრამ თავისი კოლეგების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ეს გმირობაც იყო მისი მხრიდან; ვერც მღეროდა, ჩერდებოდა და ტიროდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ხელში სანთლებანთებული…

 

No description available.

 

ამიტომაც უყვართ…

 

ხალხს მამა, ალბათ, იმიტომ უყვარს, რომ მას უყვარს თავისი ერი და სამშობლო. ძალიან პატრიოტი ადამიანია. სუფთა იდეალები დღემდე შენარჩუნებული აქვს.

 

მისი ხმა ხომ ღვთის საჩუქარია. ბედნიერებაა ის, რომ ამ საჩუქრის რეალიზება თემურმა მოახერხა.

 

დიდხანს სიცოცხლეს, გამოჯანმრთელებას, ახალი შემოქმედებითი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებ. ვფიქრობ, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი საინტერესოს გაკეთება შეუძლია.

 

No description available.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X