
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ნახევარმილიონიანი პროექტი დასრულდა, რომელიც სოფლის მოასფალტებას გულისხმობდა.
მართლაც შესაშური საქმე გაკეთდა, მაგრამ ნაფარეულიდან „პრაიმტაიმს“ ნინო და მარეხ ნოღაშვილები დაუკავშირდნენ და დაუსრულებელი საქმის გამო საყვედური გამოთქვეს.
ნინო ნოღაშვილი:
– სოფელში არის ჩიხები, სადაც ასფალტი ბოლომდე დააგეს, მაგრამ რატომღაც ორი ჩიხი გამოარჩიეს და ვის მიმართაც სიმპათია ჰქონდათ, იმათ ეზოშიც დაუგეს. ამ ზაფხულს გავაპროტესტეთ ეს ამბავი და დაიწყეს ვითომ გაკეთება. მიწა მოთხარეს, გაიტანეს, ხრეში დაყარეს და სულ ეგ იყო.
გამგებელი იძახის, პროექტში არ არისო და ეს რას ნიშნავს, ვერ ვხვდები, როცა პირველ ჩიხში ეზოს კარიც გააღეს და ეზოში, სახლამდე დაგებული აქვთ. ეს იყო პროექტში? ფოტოზეც ჩანს, რომ ორი ოჯახი დაგვტოვეს ასფალტის გარეშე.

მარეხ ნოღაშვილი:
– თელავის რაიონში, სოფელ ნაფარეულში, საბავშვო ბაღის ქუჩაზე დაიგო ასფალტი. გაზაფხულზე მოიხრეშა ჩიხები და ახლა უკვე ასფალტის დაგება სრულდება, თუმცა ჩიხებში შერჩევით გადაწყვიტეს დაგება.
ზოგს ეზოებშიც დაუგეს. სოფელ ნაფარეულის გამგებელს, გიორგი ჯიქურიშვილსა და ამ საქმის მწარმოებელს, მიშა ხოლუაშვილს რომ ვკითხეთ, რატომ ხდებოდა ასე, გვიპასუხეს, რომ პატივისცემის მიხედვით მოხდა შერჩევა.
ჩვენ ვცხოვრობთ ნოღაშვილების ჩიხში და კერძოდ ჩვენთან დაიგო ნახევრამდე ანუ იმ კარამდე, ვისაც თვითონ სცემენ პატივს და სულ რაღაც 36 მეტრი დატოვეს დასასხმელი, სადაც მოხუცი ინვალიდები ცხოვრობენ.
დიდი იმედი გვაქვს, რომ სამართალს ვიპოვით და გულთან მიიტანენ ჩვენს ჩვენს პრობლემას.
ამის შესახებ მუნიციპალიტეტსაც მივწერეთ. – პროექტში არ იყოო, გამგებელი გვეუბნება. თუ არ იყო, რატომ მოთხარეს მიწა და რატომ მოხრეშეს? რატომ გაამზადეს საასფალტედ?
ადრე ამ ადგილზე, სადაც ასფალტი წყდება, ჭიშკარი იყო თვითნებურად დაკიდებული, მაგრამ ეს იყო ჩემს ბავშვობაში და არც იკეტებოდა. 8 წელია, აღარ არის ეგ ჭიშკარი და პროექტში როგორ მოხვდა, გაუგებარია.
გიორგი ჯიქურიშვილი, ნაფარეულის გამგებელი:
– ეგ არის დიდი სისულელე, აბა როგორ ვიტყოდი, რომ პატივისცემის მიხედვით ავარჩიეთ ხალხი, ვისთვისაც ასფალტი უნდა დაგვეგო? ეგ არ მითქვამს და ვერც ვიტყოდი, რადგან მე არავინ მკითხავს ასფალტის დაგებას.
მაგას აკეთებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. სახელმწიფომ ნახევარი მილიონი გამოყო ამ საქმისთვის და გაკეთდა კიდეც. რაც შეეხება მაგ უბანს, რომელზეც მეკითხებით, სადაც ასფალტი წყდება, პროექტის გაკეთების დროს მანდ იყო ჭიშკარი და შესაბამისად, ჭიშკრამდე უნდა მისულიყო გზაც. მერე ის ჭიშკარი აიღეს და პროექტს ხომ ვერ შევცვლიდით?
– რომელ წელს გაკეთდა პროექტი?
– ეგ ნამდვილად არ მახსოვს. მსგავსი პრობლემა გვაქვს სამ უბანში და სამივეგან ასე დარჩა ასფალტი. რაც შეეხება ეზოებში ასფალტის დაგებას, კი დააგეს რამდენიმე ეზოში, მაგრამ ეგ დააგო კომპანიამ, თავისი ფული დახარჯა, ხალხის ფული არ დახარჯულა მაგაში და ამიტომ, ეგ მათი ნება იყო. არის ლაპარაკი, რომ მაგ უბნებში, დარჩენილ მონაკვეთებზეც დაიგება ასფალტი, მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს და იმედია, რომ მართლაც გამოსწორდება ეგ სიტუაცია.






















