14:31 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

ვაი, რომ იმედი გახუნდა – ევროპარლამენტარის პასუხი „კავკასიურ სახლს“

ვაი, რომ იმედი გახუნდა – ევროპარლამენტარის პასუხი „კავკასიურ სახლს“

ზედმეტია ჩემთვის სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკეების შეხსენება. ეს ყველაფერი ჩემთვის კარგადაა ცნობილი – ასე პასუხობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „კავკასიურ სახლს“, რომელმაც ევროპარლამენტარების მისამართით ღია წერილი გამოაქვეყნა.

 

„კავკასიური სახლის“ ღია წერილი ევროპარლამენტის მწვანეთა ფრაქციის წევრს ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს
2020-05-24„კავკასიური სახლის“ ღია წერილი ევროპარლამენტის მწვანეთა ფრაქციის წევრს ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს

 

„აიცილებდით ამ წერილის კითხვის უხერხულობას “

 

„წერილის კითხვა დავიწყე დიდი ინტერესით და დავასრულე ასეთივე დიდი იმედგაცრუებით. ამ პროცესში, გამახსენდნენ „პერსონაჟები“ გივი მარგველაშვილის ნაწარმოებიდან „Verfasser Unser“, რომლებიც გაიძახიან: „ვითხოვთ უკეთეს ნაწერს“ (“Wir fordern eine bessere Verfassung”)

 

სამწუხაროა, რომ თქვენ გადაწყვიტეთ გამოგეტოვებინათ ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც განცხადების წაკითხვა ეწოდება. რომ არა ეს, ამაცილებდით მე ამ წერილის წერის, ხოლო საკუთარ თავს, ამ წერილის კითხვის უხერხულობას.

 

თქვენ რომ მე პირადად შემხმიანებოდით, როგორც ეს „საერთო პოლიტიკური და ეთიკური ღირებულებების“ მქონე მოკავშირეს შეშვენის, კიდევ ერთხელ სიამოვნებით განგიმარტავდით ჩემს პოზიციას და ამ გზით თავიდან აირიდებდით თქვენი წერილის სიმცდარითა და დეზინფორმაციით გაჯერებას.” – წერს კრამონი.

 

„მოლოდინით შევყურებდი „ქართულ ოცნებას“, ვაი, რომ იმედი გახუნდა.“

 

„ასევე ზედმეტია ჩემთვის სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკეების შეხსენება. ეს ყველაფერი ჩემთვის კარგადაა ცნობილი. გერმანიის პარლამენტის წევრობისას მე გახლდით სააკაშვილის მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსი.

 

ამის გამო მან და მისმა გუნდმა შემრაცხა პერსონა ნონ გრატად და აქტიურად (მაგრამ არა ყოველთვის წარმატებით) ცდილობდნენ საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებში ჩემს დაბლოკვას.

 

2012-ში მეც, მილიონობით ქართველის გვერდით, იმედით და კეთილი მოლოდინით შევყურებდი „ქართულ ოცნებას“. ვაი, რომ იმედი გახუნდა.

 

გარდა ამისა, არ ვსაჭიროებ თქვენს მეურვეობას. შესანიშნავად მომეხსენება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საეჭვო მეთოდები და სწორედ ამიტომ საქართველოს შესახებ ინფორმაციას უდიდესწილად ვიღებ ექპერტებისგან, მკვლევრებისგან, დიპლომატებისა და ხშირად რიგითი ქართველებისგან.“- წერს ვიოლა კრამონი.

 

გთხოვთ მწვავე განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმოთ ფაქტები - ევროპარლამენტარი საქართველოს საკითხზე კოლეგებს მიმართავს
2020-05-19გთხოვთ მწვავე განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმოთ ფაქტები - ევროპარლამენტარი საქართველოს საკითხზე კოლეგებს მიმართავს

 

„დამნაშავეებიც კი იმსახურებენ სამართლიან სასამართლოს”

 

„თქვენ ამტკიცებთ, რომ მე აქტიურად ვლობირებდი რამდენიმე დატუსაღებული ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლებას. ეს არის სრული და მტკნარი სიცრუე. არც ჩემს ოფიციალურ განცხადებაში და არც ინტერვიუებში არ მომითხოვია ვინმეს გათავისუფლება.

 

ასევე სიცრუეა, როცა ამტკიცებთ, რომ მე თითქოს ვიღაც „პოლიტიკურ პატიმრად“ გამოვაცხადე. არასოდეს გამომიყენებია ეს სიტყვები.

 

მე ჩემს საქმიანობას ვეკიდები უდიდესი პასუხისმგებლობით, ხოლო თქვენი ქვეყნის მომავალს უდიდესი ზრუნვით.

 

სწორედ ამიტომ ვარჩევ სიტყვებს მაქსიმალური სიზუსტით. ამავდროულად, მოველი, რომ თქვენ აირჩევთ ამ სიტყვების სწორად წაკითხვას, სანამ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენებას მიჰყოფთ ხელს.

 

ჩემი რჩევა (და არა თხოვნა ან მოთხოვნა) საქართველოს მთავრობის მიმართ არის იგივე, რაზეც ხალხი 2012 წელს ოცნებობდა:

 

დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა და ობიექტური, გამჭვირვალე და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა.

 

სამწუხაროდ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევრები ადასტურებენ, ამ სფეროებში ძალიან სამწუხარო უკან დახევის ტრენდი გამოიკვეთა.

 

უცილობელია, რომ ყველა დამნაშავე უნდა გასამართლდეს, თუმცა დამნაშავეებიც კი იმსახურებენ სამართლიან სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებებიც დაეყრდნობა მყარ მტკიცებულებებს და თავისუფალი იქნება ხელისუფლების ჩარევისგან.

 

სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ ყველანი ერთად ვაშენებთ არა დემოკრატიულ საქართველოს, არამედ რეჟიმს, რომელსაც თქვენ და სხვა დისიდენტები ათწლეულების განმავლობაში ებრძოდით.“ – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი საკუთარ წერილში.

 

„საქართველოსა და მისი ხალხის უპირობო და უკომპრომისო მეგობარია“

 

„ჩვენ ვთანხმდებით საქართველოს უნიკალური ეკოსისტემის შეფასებისას. არაერთხელ ვყოფილვარ რა საქართველოში, მოხიბლული ვარ თქვენი ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალით მწვანე და მდგრადი ენერგიის წარმოების სფეროში.

 

ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ვმუშაობთ თავდაუზოგავად, რათა „ახალი მწვანე შეთანხმების“ დადებითი შედეგები გასცდეს ევროკავშირის საზღვრებს და საქართველოსთან ერთად სარგებელი მოუტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც.

 

ეს ნაბიჯები გაამყარებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ურყევი ინტეგრაციის გზას, რომელსაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა“ – წერს ევროპარლამენტარი.

 

24 მაისს, „კავკასიური სახლის“ წევრებმა ვიოლა ფონ კრამონს ღია წერილი გაუგზავნეს, სადაც ევროპარლამენტარს, პატიმრების გამოშვების შესახებ ლობირებაში ადანაშაულებდნენ.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X