
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის მიერ COVID-19-ის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე ანგარიში წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა, იმ ეტაპებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის გამო გადის.
დასაწყისი – ინფიცირებულის გაჩენამდე ერთი თვით ადრე
„ვირუსთან ბრძოლის რამდენიმე ეტაპი შეიძლება გამოიყოს. ეს გახლავთ ვირუსის გავრცელების შეკავება, რომელიც 28 იანვრიდან იწყება და 29 თებერვლამდე გრძელდება.
ეს იყო ეტაპი, როდესაც მსოფლიოში პირველად ჩინეთში გაჩნდა ვირუსზე ინფორმაცია. ეს იყო საქართველოში პირველი ინფიცირებულის გაჩენამდე 1 თვით ადრე. ამ ეტაპზე მთავრობამ უკვე მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები და საკმაოდ ადრე დავიწყეთ კონტროლი.
ჩვენ მაშინვე დავინახეთ, რომ ეს ბრძოლა იქნებოდა ხანგრძლივი და მივხვდით, რომ აუცილებელი იქნებოდა ორ ფრონტზე ბრძოლა:
ერთი მხრივ, მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლე და მეორე მხრივ, ეკონომიკა. 28 იანვარს, როდესაც ჯერ კიდევ პირველი ინფიცირებული არ იყო ქვეყანაში, შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებდა ვირუსის გავრცელების შეჩერების ნაწილში.
ამ საბჭოს ძირითადი ამოცანა გახლდათ იმპორტირებული ვირუსის კონტროლი. სწორედ ამიტომ ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო საზღვრებზე. სხვათა შორის, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა“.
4 ძირითადი მიმართულება
ჯანდაცვა – რომელსაც უნდა ეზრუნა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომზადებაზე კოვიდთან გასამკლავებლად და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკატერინე ტიკარაძე;
ეკონომიკა – მივხვდით, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოზეც იმოქმედებდა. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა მაია ცქიტიშვილი;
უსაფრთხოება – თავიდანვე ჩანდა, რომ გამკაცრებული კონტროლი საზღვრებზე შეიძლება გადასულიყო სამოქალაქო ცხოვრებაზე და ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ვახტანგ გომელაური;
მარაგები და ლოგისტიკა – პირველივე დღეებიდან აშკარა ხდებოდა, რომ ქვეყნები იწყებდნენ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის შეზღუდვას და ბაზრები იკეტებოდა. აშკარა გახდა რომ გარკვეული პროდუქტების მომარაგება შეიძლება პრობლემა გამხდარიყო. ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ლევან დავითაშვილი,“
შეზღუდვები, რომელიც (არ) უნდა ყოფილიყო
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ აუცილებელი ნაბიჯი იყო. ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება სივრცეში და დროში კონტროლის ქვეშ აეყვანა. ეს იყო ჩვენი ძირითადი ამოცანა. არავინ არ ამბობს და არ აპირებს ამ შეზღუდვების დიდი ხნით შენარჩუნებას.
ვერავინ ვერ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ მთავრობამ ან ხელისუფლებამ რაიმე სახის შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა. ეს ყველაფერი გამიზნულად გაკეთებული იყო იმისთვის, რომ ჩვენთვის მნიშნველოვანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შემდეგ, ეტაპობრივად ეკონომიკური განვითარება და მათი სოციალური მდგომარეობა“.
შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპი
„შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპი, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია და აქ ყველას პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია. რა თქმა უნდა, მთავრობის, ჩვენი მოქალაქეების, პარლამენტის, ბიზნესის.
იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ გავრცელების სისწრაფე, როდესაც დავინახეთ გადაცემის კლასტერული ფორმა, როდესაც ვნახეთ როგორ დაეცა მობილობა ქვეყანაში, მივხვდით, რომ უკვე შეგვეძლო გვეთქვა, რომ ვირუსის გავრცელებას მთავრობა აკონტროლებს და რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილებები სწრაფად, რომლებიც აძლევდა საშუალებას ეკონომიკას უფრო მეტი ჟანგბადი მიეღო და უკვე ეკონომიკის გახსნის და შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპები დავიწყეთ“
ვაკე, პლატო, ტეხილი – სად ვიმყოფებით დღეს
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს
ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე, ეპიდემიიდან გამოსვლის ეტაპზე, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა.
ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეს ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი „ქეისები“ ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან.
ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, უკვე ცნობილი კლასტერები და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებრება კონტროლს.
სწორედ ამიტომ, დღეს მთავრობამ ჩენი მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.
ამ ნაბიჯების გადადგმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ 29 მაისიდან ქვეყანაში ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც.
გარდა ამისა, ორშაბათიდან, 1-ლი ივნისიდან სრულად ამოქმედდება ყველა სახის სავაჭო ობიექტები, მათ შორის მოლები და ღია სახის რესტორნები. გარდა ამისა, ზუსტად ერთი კვირის თავზე, 8 ივნისს სრულად ამოქმედდება ყველა სახის რესტორნები და ასევე ის სასტუმრობეი, რომლებიც მიიღებენ შესაბამის დასტურს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებებიდან“.
შემოდგომა, ვაქცინა, მეორე ტალღა და საქართველო
„დღეს მსოფლიოში ვერავინ ვერ გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა. ასე თუ ისე, თუ ჩვენ ვგეგმავთ, როგორი იქნება ზაფხულის თვეები და კონტროლი ეპიდემიაზე აღებული გვაქვს.
ვერავინ ვერ გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა და რამხელაა ალბათობა მეორე ტალღის, როგორი სიძლიერის იქნება ეს მეორე ტალღა, იქნება ვაქცინა თუ არ იქნება, დღეს დასაბუთებულად ასეთი მონაცემები არ არსებობს.
ამიტომ ჩვენი ვალდებულებააა ნებისმიერი ღონისძიება, იქნება ეს სოციალური თუ ბიზნესის დახმარება, იყოს მდგრადი და პასუხისმგებლიანად დროში გადანაწილებული“.
























