
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევის და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო და ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე ხორციელდება.
„აღსანიშნავია, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია ვაკის პარკის დაარსებიდან პირველად განხორციელდა.
სამუშაოების ფარგლებში, უკვე განახლდა ფურნიტურა, საფეხმავლო და ველობილიკები, დამატებით მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. ასევე მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის სოკოები და ცხოველთა სასეირნო მოედანი, ახალი სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინების და ელექტროობის სისტემები;
ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე სრულად განახლდა მცენარეული საფარი – დაირგო სხვადასხვა სახეობის 5673 ძირი ბუჩქი და 1338 ძირი ხე. ამასთან, 80 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაგეგმილია ბალახის ჰიდროთესვის პრინციპით დათესვაც.
ამის პარალელურად, ვიწყებთ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპს, რომელიც კასკადისა და შადრევნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით. ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
პარკის რეაბილიტაციის განხორციელებაზე 17 მლნ 600 ათასი ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე დამატებით 3 მლნ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























