
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექთნის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.
„ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. არის ინტუბირებული. ის კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სიცოცხლე შევინარჩუნოთ,“ – ამბობს გამყრელიძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარი ფაქტის შესწავლის პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც ჩართავენ.
ვიდეო ↓ რას ამბობდა ექთანი ვაქციანციამდე, რომელიც აცრის შემდეგ კომაში ჩავარდა
დღეს დილით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა საქართველოს პრეზიდენტი
AstraZeneca-ს პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად საზოგადოებამ ვაქცინა უნდა გამოიყენოს.
„დღეს ურიგოდ ჩავიტარე აცრა, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ჯგუფში ვარ, რომელსაც ურიგოდ ეკუთვნის. ჯერ ექიმების, ექთნების და იმ მედპერსონალის რიგია, რომლებმაც ეს თვეები მძიმედ გაიარეს და ნამდვილად საჭიროა, რომ აიცრან, რომ გადამდებები არ იყვნენ და დაცულები იყვნენ, რამეთუ მათზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
მაგრამ დადგება შემდეგი ჯგუფების რიგიც და თუ გვინდა, რომ იმ მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რაც მთელ მსოფლიოში კოვიდ-პანდემიას მოჰყვა, აუცილებელია ეს საშუალება გამოვიყენოთ, რათა დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ და სხვასაც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ვიდეო ↓ სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის ვაქცინით აიცრა
სწორი და სამაგალითო გზავნილი უწოდა პრეზიდენტის ვაქცინაციას იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ.
ყოჩაღ! – ასე შეაქო პრეზიდენტი ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ვაქცინაციის პროცესს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და აღნიშნავს, რომ დღეს ხელისუფლებაში დარჩენილი დაჯგუფებიდან სალომე ზურაბიშვილი ყველაზე უკეთესად გამოიყურება.
ვაქცინაციის საკითხზე ცნობილია საპატრიარქოს პოზიციაც. ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ ეკლესია ვერავის მოუწოდებს, აიცრას, ან არ აიცრას.
ამ ოფიციალური განცხადების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე თავად მივიდა პატრიარქთან და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.
შეხვედრიდან გამოსულმა დაადასტურა საპატრიარქოს განცხადება, რომ ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდაში არ ჩაერთვება.
ტიკარაძის განცხადებით, პატრიარქი არის იმის მომხრე, რომ ვაქცინა იყოს ნებაყოფლობითი.
„პატრიარქი არის იმის მომხრე, რომ ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი. მნიშვნელოვანია მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება ვაქცინის უსაფრთხოებასა და სარგებელთან დაკავშირებით.
ჩვენ არ გვისაუბრია იმაზე, ჩაერთვებიან თუ არა ვაქცინაციის პროცესში საპატრიარქოს წარმომადგენლები, თუმცა ჩვენგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, შესაძლოა მათ თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
თავად, ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხდა, რომ თავის კუთვნილ ვაქცინას ექიმებს უთმობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაქციის მაჩვენებელი იმაზე დაბალია, ვიდრე ელოდა.
„რასაც ველოდი იმაზე დაბალია. წლის ბოლომდე, გეგმის მიხედვით გვინდა, რომ მოზრდილი მოსახლეობის სამოცი პროცენტი აიცრას. ახლა დაბალია. საჭიროა მისი აქტვიზაცია,“ – ამბობს გამყრელიძე.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ეს მიზანმიმართული ანტივაქსერული კამპანიის შედეგია.
„როგორც კი შემოვიტანეთ ვაქცინა, ცალკეულმა პირებმა და ტელევიზიებმა აქტიური ანტივაქსერული კამპანია გააჩაღეს
„ეს იყო აღვირახსნილი, საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული, ყოვლად უსაფუძვლო კამპანია. სამწუხაროდ, ამ კამპანიამ იმოქმედა. ამას დაემატა ამბიციადაუკმაყოფილებელი ექიმების და ვაიექსპერტების გამონათქვამები, „არ გავიკეთებ ვაქცინას და მოგიწოდებთ, თქვენც არ გაიკეთოთ“. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დღეს გვაქვს დაბალი აქტივობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ მოსახლეობის დარწმუნება ვერ ხერხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
იმნაძემ განაცხადა, რომ იცის რამდენიმე სასულიერო პირის შესახებ, რომლებიც პირდაპირ ეთერში აიცრებიან.
„ნუ გგონიათ, რომ ეს მარტო საქართველოშია. ასეა ძალიან ბევრ ქვეყანაში. ახალი ვაქცინაა, აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა და ნუ ვიჩქარებთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და თავის ადგილას იქნება.
მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება თქვენი თანდასწრებით. მე პირადად ჩიპი არ მაქვს და რა ვქნა ახლა. ასე რომ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, 15 მარტს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.
























