
ვარკეთილში, 3ა მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს მოქალაქემ სახლი მიაშენა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი მაკო შანიძე ავრცელებს.
შანიძე წერს, რომ უკანონო მშენებლობა კორპუსისთვის საფრთხის შემქმნელია.

„ვარკეთილი 3ა მიკრო, 320-ე კორპუსი, უკანონო მშენებლობა პირდაპირ კორპუსზე, მთელი კორპუსისთვის საფრთხის შემქმნელი საქმიანობა მიმდინარეობს.
მთელი მოსახლეობა ვებრძვით ერთ მოსახლეს, რომელიც აქ არ ცხოვრობს და აწარმოებს უკანონო მშენებლობას, მაგრამ ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ და უნდა დავიჩაგროთ, ხოლო უკანონობის შემოქმედი უნდა წახალისდეს.
დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ამ ადამიანს მფარველობს ვიღაც, შესაძლოა ფულსაც იხდიდეს ამ მფარველობაში…
მუნიციპალური ინსპექცია სრულად უფუნქციო მხოლოდ გასაცოდავებულ გარემოვაჭრეებზე დაგეშილები არიან.
დღეში 20 ლარის მიტანას რომ ცდილობენ იმ ხალხს სასუნთქს უკეტავენ და ესეთ არაკეთილსინდისიერ მოქალაქეებთან არაფრის მაქნისი, ბიუჯეტის ფულის მხარჯველები არიან“, – წერს მაკო შანიძე.

უკანონო მშენელობასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ სამართალდამრღვევ პირს 2011 წელს პირველი სართულის ლეგალიზება აქვს გაკეთებული, ხოლო დანარჩენი მშენებლობა უნებართვოა და იგი უკვე 8000 ლარით დააჯარიმეს.
„უკანონო მშენებლობაზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება და დარღვევაზე გაცემულია მითითება. აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ, სამართალდამრღვევ პირს 2011 წელს პირველი სართულის ლეგალიზება აქვს გაკეთებული, ხოლო დანარჩენი სხვა უნებართვოა, სწორედ უნებართვო მშენებლობაზე მოვახდინეთ რეაგირება – დაიწერა ჯარიმა 8000 ლარი.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ პროცედურა მიმდინარეობს კანონის დაცვით, რაც მდგომარეობს შემდეგში: სამართალდამრღვევ პირს კანონი აძლევს უფლებას მითითებულ ვადებში თავად მოახდინოს დემონტაჟი – წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.























