16:56 | 2021-05-21 ავტორი: თამარ გონგაძე

„ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება სოციალურ ქსელზე იყო დამოკიდებული“ – რატომ არ აქვს ჭოლას მობილური ტელეფონი

„ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება სოციალურ ქსელზე იყო დამოკიდებული“ – რატომ არ აქვს ჭოლას მობილური ტელეფონი

ყველასთვის ცნობილი ფაქტია ის, რომ ლევან წულაძეს, ჭოლას, მობილური ტელეფონი არ აქვს. უბრალოდ, არ აქვს და როგორც მისი მეუღლე, მსახიობი მანანა კოზაკოვა ამბობს, უტელეფონობით ძალიან მშვიდად ცხოვრობს. ბუნებრივია, არც სოციალური ქსელით სარგებლობს.

 

მახსოვს, ინტერვიუს ჩასაწერად დავუწყე “ძებნა”, მარჯანიშვილის თეატრის გარშემო სამი დღე ვირბინე, ხან ერთ კართან ველოდე, ხან – მეორესთან. ვერ გამოვიჭირე… ყურებჩამოყრილი დავბრუნდი რედაქციაში და ამ ამბავზე დავიწუწუნე. ცოტა ხანში თანამშრომელი მეუბნება, ჩვენს ეზოში დგას, ახლა ჩამოვუარეო. ერთ წამში ცხვირწინ ვედექი და სამდღიანი “საკავშირო” ძებნის შესახებ ვუყვებოდი. მორიდებული ღიმილით მომიბოდიშა…

 

ქალბატონი მანანა ამ თემას შეგუებულია, თუმცა მაინც წუხდება ქმრის უტელეფონობით. გარდა იმისა, რომ ჭოლასთან დასაკავშირებლად ყოველთვის მას ურეკავენ, თუ შემთხვევით, უტელეფონო ლევანმა დაურეკა, ხვდება, რომ ქვეყანა იქცევა…

 

2021-05-20"ხალხი მილოცავს და მე იმის საშუალება არ მაქვს, რომ დღესასწაული მომეწყო" - როგორი დაბადების დღის გადახდა უნდოდა ლაურა რეხვიაშვილს

 

მანანა კოზაკოვა: – ლევანის უტელეფონობით მე ვზარალდები. ყველა მე მირეკავს. ჟურნალისტები რომ რეკავენ და თუ ვეუბნები, არ ვართ ახლა ერთად-მეთქი, უი, გაიყარეთო? – მეკითხებიან. არა, ამ წუთას არ ვართ ერთად-მეთქი, ვაყოლებ…

 

თვითონ აბსოლუტურად გაწონასწორებულია, სულ არ ადარდებს, რომ არ აქვს ტელეფონი. უნდა შევხვდეთ, ვეუბნები, ხომ უნდა დაგირეკო? დაგელოდებიო. კაცები უნდა ელოდონ ქალსო. არასდროს დაუწუწუნია თუ დამიგვიანია, დგას და მელოდება.

 

აი, ადამიანს უნდა დაკავშირება, როგორ გიპოვოს-მეთქი? ხომ ვეკითხები, რას მპასუხობს? – ადრე როგორ პოულობდნენ ადამიანები ერთმანეთსო?

 

ერთხელ მის საქმეზე უნდა წავსულიყავით ქალაქგარეთ და სახლიდან გავატანე მობილური ტელეფონი. ვთხოვე, რომ დაგირეკავ, აიღე-მეთქი. ტელევიზიაში იყო, ჩაწერაზე. ვურეკავდი, ვურეკავდი, არ მპასუხობდა. მერე რომ ვკითხე, რატომ არ აიღე-მეთქი, მე რა ვიცი, ვისი ტელეფონი რეკავდაო. ვერც გაიგო, რომ მისი ტელეფონი რეკავდა. ამდენად არ ადარდებს ეს თემა.

 

ვერც ის წარმოუდგენია, როგორ შეიძლება იყო სოციალურ ქსელზე დამოკიდებული. ვეუბნები, ისეთი აქტუალური რამეა, სოციალური ქსელით რევოლუციის მოხდენა შეიძლება-მეთქი. არ იღებს ამ რეალობას. ნუ კითხულობთ, ნუ აქცევთ ყურადღებას ვიღაც იდიოტი რას დაწერსო. ვინც ასეა დამოკიდებული “ფეისბუქზე” თუ სხვა სოციალურ ქსელზე, ესე იგი, მასშია პრობლემაო.

 

 

– რას აკეთებდით გაჩერებულ პერიოდში და ბოლო დროს რა დადგა ბატონმა ლევანმა?

 

– ტოლსტოის “კრეიცერის სონატა” და დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი” დადგა. ახალი ფორმა მონახა და ძალიან გაერთო ამ ტექნოლოგიებით. სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე ჩანს სიტუაციურად ის გარემო, რაშიც ვთამაშობთ. ასე ვთქვათ, დეკორაცია ჩაანაცვლა, რაც მსახიობებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. როგორც კოსტიუმი, ისევე მოქმედებს ეს ცვალებადი გარემოც. მუსიკასთან და გარემოს ცვლილებასთან ერთად, იცვლება ჩვენი, მსახიობების განწყობაც.

 

ახლა ახალი სპექტაკლის დადგმა სურს, ოღონდ გარე სივრცისთვის, რომ ხალხს გვერდიგვერდ ჯდომის არ ეშინოდეს. თამბაქოს ქარხნის ტერიტორიაზე თემურ უგულავს აქვს ერთი “მიგდებული” შენობა. და ლევანი და თემური ერთობლივად ახალ სივრცეს აკეთებენ.

 

ამ ახალი სივრცისთვის დგამს “ფიგაროს ქორწინებას”, სადაც მე მარსელინას როლი მაქვს. კარგი როლია. ქალთა უფლებებზეც აქვს მონოლოგი.

 

2021-05-17"მითხარით, დაიღუპა და მიმალავთ?" - ჯემალ ჭკუასელს მეუღლის კოვიდით გარდაცვალებას უმალავდნენ

 

რაც შეეხება გაჩერებულ პერიოდს, იმ დროს ვცადე ხელნაკეთი ნივთების დამზადებით შემექცია თავი. უამრავი რამ დავამზადე. ვფიქრობდი, რომ ხელოვნებასთან ცოტა ახლოს იყო. მაგრამ არაფრით არ ხდება თეატრის და სცენის ჩანაცვლება. თეატრი ხელოვნებაშიც განსხვავებული დარგია. კინოსთანაც მქონდა პატარა შეხება, მაგრამ ახლოსაც ვერ მოვა თეატრთან. ღრმა დეპრესია დამეწყო. ფიზიკურად დავეცი, ვერ გავძელი.

 

ყველაზე მეტად მიჭირდა 6-დან 7 საათამდე პერიოდის გაძლება. ხომ უცნაური დროა? მაგრამ ეს დრო თეატრში წასვლის დროა. და მქონდა “ლომკა”. რა ვქნა, წავედით! სად წავედით? გავიდეთ, რაღაც ვქნათ-მეთქი, ლევანს ვეუბნებოდი. დავხედავდი საათს და ეს დრო იყო. როგორც პავლოვის ძაღლი, ასე ვიყავი. გარეთ მივიწევდი…

 

ლევანი ყველაფერში მისაბაძი ადამიანია. რეპეტიციას არ წყვეტდა. ცხრა თვე ნელა მუშაობდა დოსტოევსკიზე. ხან ვიღაც გაუხდებოდა ავად, ხან ჩუმად შეიპარებოდნენ სარეპეტიციოში. ნელა-ნელა ისე გაზომა დრო, თეატრებიც გაიხსნა და ითამაშეს პრემიერა. ამიტომ მას არ გაჭირვებია, მე გამიჭირდა.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X