
პროკურატურის მიერ ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა კომენტარს აკეთებს.
როგორც მირიან ნიკოლაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, მისთვის ერთი გარემოება იყო მხოლოდ გაუგებარი. როგორ აღმოჩნდა შავი „ტოიოტა“ იმ ადგილას, სადაც ე.წ ოქროს მოწმე ჩაისვეს მანქანაში და თბილისში, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვეს.
„ვიდეოთვალით დადასტურდა, რომ ის გადაადგილება იმ ტრაექტორიით, სადაც გადაადგილდებოდნენ ეს ბავშვები და სადაც მოხდა კონფლიქტი.
ახალი არ იყო [პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები], ვვარაუდობდი, ზუსტად არ ვიცოდი ეს ავტომობილი, შავი „ქამრი“ როგორ აღმოჩნდა მალევე იმ ჩასახვევში, სადაც ჩაისვეს ამირხანაშვილი.
ვერაფრით ვერ ვიგებდი ცენტრალურ მაგისტრალზე „ზადნით“, როგორ იარა. აქ ჩანს რომ ნაპირზე დადის და არა მთავარ ზოლზე. ახლა უკვე მიხვდი როგორ აღმოჩნდა იქ მალევე“, – ამბობს მირიან ნიკოლეიშვილი.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა შაქარაშვილის ბიძა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ გაფართოვდება ბრალდებულების სია, მირიან ნიკოლაძე პასუხობს:
„წრის გაფართოებაზე მე ვერ გეტყვით. ექსპერტიზებით დგინდება იდენტიფიცირება კონკრეტული პირების, სავარაუდოდ ეს გაკეთებულიც უნდა ჰქონდეს პროკურატურას, რადგან მტკიცებულებად იყენებენ“, – ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
ასევე, ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.
პროკურატურამ ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.























