
გოგონა, რომელმაც ცალი ხელი დაკარგა, ემოციურ ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს. ლიკა ჩაჩიბაია იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებისთვისაც დაკარგული ხელი ან მსგავსი რამ ნაკლია… როგორც ლიკა ჩაჩიბაია “პრაიმტაიმს” ეუბნება, მას ახლობელმა ღიად მიანიშნა არსებულ მდგომარეობაზე… სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის ვიდეოდან მიემართა…
ლიკა ჩაჩიბაია 9 წლის წინ მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა და ამ ტრავმის შედეგად ხელი დაკარგა. თუმცა, საბედნიეროდ, ის გადარჩა და ახლა, სულ სხვანაირად აღიქვამს სამყაროს.

“ახლა, ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე ვარ გაბრაზებული, რომლებსაც გგონიათ, რომ არ შეგვიძლია ფეხით სიარული და ეტლით ვსარგებლობთ. ადამიანებს, რომლებსაც სამწუხაროდ, ხელი არ გვაქვს და არ გვთვლით ადამიანებად… საქართველოში ფიზიკურ დაზიანებებზე არის ცუდი შეხედულება, ყველას ჰგონია, რომ მაგალითად, მე ლიკას ორივე ხელი რომ არ მაქვს, არ შემიძლია ცოლად გავყვე ორი ხელით მცხოვრებ ადამიანს…
არიან “ახლობლები”, ვინც ფიქრობენ, რომ მე კოჭლ ბიჭს უნდა გავყვე ცოლად და იდეალური ოჯახი მექნება, რადგან მას ფეხი არ აქვს და მე – ხელი…
მეც და ჩემს მეგობრებს შეგვიძლია გვქონდეს ისეთი ოჯახები, როგორებიც გვინდა… იმედია, საქართველოში ასეთ აზროვნებას ეშველება. პატიებას გთხოვდით, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, პატიებას გთხოვდით, რომ ხელი არ მაქვს. მე ბედნიერი ვარ რომ ასეთი ვარ…” – ამბობს ლიკა ჩაჩიბაია.
მან კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის გამოხმაურებებისთვის მეგობრებს მადლობას უხდის. ამბობს, რომ არიან შშმ პირები, რომლებსაც ქუჩაში გასვლის ცხვენიათ და საზოგადოების ნაწილი მათ რომ აბულინგებს, უარეს მდგომარეობაში აყენებენ.
ლიკა ჩაჩიბაია მოწოდებას ავრცელებს – გიყვარდეთ ხალხო ერთმანეთი, რადგან შესაძლოა, ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი პრობლემების წინაშე დადგეს. ამბობს, რომ თავადაც ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც 9 წლის წინ მოხდა და მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდა.
“მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ცალი ხელით გავიღვიძებდი, მაგრამ ეს მოხდა… ამის შემდეგ, ცხოვრება უფრო დავაფასე, ადამიანები უფრო შევიყვარე. დამეხმარეთ ადამიანებო, მე რომ ნახევარი ხელი არ მაქვს, ქუჩაში გასვლის არ შემრცხვეს. ნუ ასწავლით შვილებს, რომ ამ ყველაფერში სასირცხვილოა. არაფერია ცუდი იმაში, რომ ასეთ მდგომარეობაში ვართ.
იცით, რა ბედნიერად ვცხოვრობთ? არასოდეს გამომეზრდება ხელი და ვერასოდეს ვიქნები თქვენთვის მოსაწონი. ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, თქვენ კი ის შეგიძლიათ, ადამიანები სახლში დასვათ ან თვითმკვლელობამდე მიიყვანოთ…” – ამბობს ლიკა ჩაჩიბაია.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















