21:20 | 2020-08-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვერც სიტყვით გადმოვცემ იმ სულიერ სიმძიმეს, ძველი ჭრილობა გამიხსნა – გელა დაიაური შატილის ტრაგედიაზე

ვერც სიტყვით გადმოვცემ იმ სულიერ სიმძიმეს, ძველი ჭრილობა გამიხსნა – გელა დაიაური შატილის ტრაგედიაზე

შატილში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოებას შატილის ერთ-ერთ სოფელში მუცოში დატრიალებული საზარელი შემთხვევა გაახსენა – 2010 წლის 22 ივლისს პოეტ გელა დაიაურის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან მდინარე არღუნში გადავარდა.

 

უბედურ შემთხვევას ქუმსიაშვილების, არაბულების და დიაურების ოჯახებიდან მსხვერპლი მოჰყვა.

 

ახლა, შატილში მომხდარს, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პოეტი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და დასძენს, რომ ძველი ჭრილობები გაეხსნა…

 

„ვერც სიტყვით და ვერც საუბრით გადმოვცემ იმ სულიერ სიმძიმეს, რაც მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია ჩემში, თითქოს ძველი ჭრილობა გამეხსნა… სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვუთანაგრძნობ…“ – წერს გელა დაიაური.

 

ვინ არიან შატილის გზაზე გარდაცვლილები - ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა
2020-08-24ვინ არიან შატილის გზაზე გარდაცვლილები - ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

 

რაც შეეხება მომღერალ თეონა ქუმსიაშვილისა და მისი შვილების დაღუპვის მძიმე ისტორიას, მაშინაც ზაფხული იყო… ექსკურსიაზე არა მაგრამ, მთიელთა დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ მთის შემოქმედების საოცარი თაყვანისმცემლები და შემსრულებლები…

 

მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან, ათანგენობიდან დაბრუნებული 10 ადამიანი ავტოკატასტროფაში მოყვა. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში სწრაფად მიმავალი მანქანა ხრამის პირზე მოცურდა. მძღოლმა, ბერდია არაბულმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიცუბიშის მარკის ჯიპი მდინარეში გადავარდა.

 

დაიღუპა შვიდი მგზავრი – 2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი დაიაურები დედასთან, თეონა ქუმსიაშვილთან ერთად, 4 თვის მამუკა არაბული კი მშობლებთან ბერდია და სოფიკო არაბულებთან ერთად.

 

ასევე დაიღუპა თეონას და ნათია ქუმსიაშვილი.

 

მაშველების თქმით, მსხვერპლი არ იქნებოდა, მანქანა რომ არ ამოყირავებულიყო. თვითმხილველთა თქმით, ავტომობილი მდინარის ფსკერზე სახურავით დაეცა და სწრაფი დინების გამო მცირე ხნით იხოხა კიდეც. მანქანა ძლიერად არ დამტვრეულა, ამიტომაც მაშველები ვარაუდობდნენ, რომ სიკვდილს ტრავმები ვერ გამოიწვევდა. სავარაუდოდ, ყველას გარდაცვალების მიზეზი დახრჩობა გახდა…

 

ავარიის შემდეგ მოვლენები ელვისებურად და საბედისწეროდ განვითარდა: დაცემისას გატყდა მხოლოდ საქარე მინები, რის გამოც ავტომობილის სალონი წყლით სწრაფად ივსებოდა…

 

კატასტროფას მხოლოდ გელა, 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილი და 21 წლის თეონა ჭინჭარაული გადაურჩნენ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X